საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობის ხარისხის ამაღლებისა და  გამჭვირვალე და ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრებისთვის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებმა საჯარო დაწესებულების საქმიანობისა და მათ მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგილი  სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღონ. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია თითოეულ საჯარო დაწესებულებას მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩამოყალიბებული ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარების სტრატეგია, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და განისაზღვრება ერთი ან რამდენიმე წლის მანძილზე  განსახორციელებელი ღონისძიებები. კიდევ ერთი შეკითხვა, რომლითაც IDFI-მ კვლევის სამიზნე სამთავრობო დაწესებულებებს მიმართა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის მოქმედ სამოქმედო გეგმას შეეხებოდა.

მიღებული პასუხების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

Image

აღმოჩნდა რომ 23 საჯარო დაწესებულებიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა 2012 წელს  მხოლოდ ერთ საჯარო დაწესებულებას  – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შემუშავებული. ზოგადი სტრატეგიული გეგმა მოგვაწოდა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულებით ხელმძღვანელობენ მასმედიასა და მოქალაქეებთან კომუნიკაციის პროცესში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა მხოლოდ იმ განხორციელებული და დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალს შეიცავს, რომელთა პოპულარიზაციაც უნდა მოხდეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ზოგადი გეგმის არასრულყოფილი აღწერა მოგვაწოდა ეკონომიკის სამინისტრომ. სავარაუდოდ, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის წესი განსაზღვრავს დანარჩენი საჯარო დაწესებულებების მოქალაქეებთან ურთიერთობის სტრატეგიასაც. ეს ეხება იმ 9 დაწესებულებასაც, რომლებიც სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალური დოკუმენტი რეალურად 23 დაწესებულებიდან 21-ს არ აქვს. შეკითხვაზე არ უპასუხია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

საჯარო დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას ცალ-ცალკე განვიხილავთ:

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის 2012 წლის სამოქმედო გეგმა - ერთადერთი დაწესებულება, რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობის 2012 წლის სამოქმედო გეგმა მოგვაწოდა თავდაცვის სამინისტროა. დოკუმენტში ჩამოთვლილია დაგეგმილი ღონისძიებები – კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისათვის, PR კამპანიები, საგამომცემლო საქმიანობა, ღია კარის დღეები, კონცერტები, საქველმოქმედო აქციები. აღწერილია აღნიშნული ღონისძიების შინაარსი, განსზღვრულია სამიზნე ჯგუფები, მითითებულია განხორციელების მიახლოებითი ვადები. საგულისხმოა, რომ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, თავდაცვის პოლიტიკის, ნატო-საქართველოს ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებისა და მედიის რეგულარული ინფორმირებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდს მიიჩნევს და აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას.

ცესკოს სტრატეგიული გეგმა -  ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული გეგმაში, რომელიც 2012-2015 წლებზეა გათვლილი, მოცემულია საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების პრინციპები, სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები. საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს  საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის, ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის, მატერიალურ- ტექნიკური ბაზისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების გზით. უმთავრესი ამოცანაა ამომრჩევლის ინფორმირება, საარჩევნო კულტურის ამაღლება და დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა, რაც საკომუნიკაციო არხების დახვეწითა და ინფორმაციის ინტენსიური გაცვლით მიიღწევა. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურობისა და ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებისთვის შეიქმნა. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის თანახმად, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

გარემოს დაცვის სამინისტრო - გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია ემყარება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულებას. სამინისტრომ აღნიშნული დოკუმენტის მოსაძიებლად ვებ-გვერდზე მიგვითითა. მინისტრის ბრძანება საზოგადოებასთან ურთიერთობის დებულების დამტკიცების შესახებ  2011 წლის 25 მაისიდან მოქმედებს და  სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ამოცანებს განსაზღვრავს.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – კიდევ ერთი დაწესებულება, რომელიც მიღებული ინფორმაციის თანახმად  სამინისტროს დებულებით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობს ენერგეტიკის სამინისტროა. აღნიშნული დებულება ვებ-გვერდზე არ მოიძიება, მაგრამ  დეპარტამენტების ბლოკში აღწერილია სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციები, რომელთაგანაც ერთ-ერთი პუნქტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა სამინისტროს არ გააჩნია.

კულტურის სამინისტრო –  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმის ნაცვლად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამონასტრომ  კულტურული ღონისძიებების ნუსხა მოგვაწოდა. იქვე მინიშნებულია, რომ სამინისტრო ღონისძიებების  RP კამპანიას გეგმავს (იხილეთ სამინისტროს წერილი).

 Image

გამოდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთადერთი ფუნქცია კულტურული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა არ აქვს დამტკიცებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფორმალურად დამტკიცებული გეგმა არ გააჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. აპარატის წერილში ნათქვამია, რომ „საზოგადოებასთან ურთიერთობის დაგეგმვისთვის ძირითად ღერძს  წარმოადგენენ ის ღონისძიებები, რომელთა გამართვის თარიღები მეტ-ნაკლებად ცნობილია წლის დასაწყისში, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთა ორი საბჭოს (შესაბამისად – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე) რეგულარული სხდომების გრაფიკი“. ოფიციალური სახით შექმნილი არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში. საჯარო დაწესებულების წერილის თანახმად, ასეთი სახის დოკუმენტი არ არის დაცული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, იგივე შინაარსისაა იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილიც.

საგულისხმოა, რომ USAID-ის პროგრამა PAR-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ სამწლიანი საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სამინისტროსა და მისი ქვე-უწყებების სამოქმედო დოკუმენტი მიმოიხილავს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტრუქტურულ ჩარჩოს, თვითშეფასებას, მისიას, სტრატეგიულ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. მასში  დეტალურად არის გაწერილი ყველა ღონისძიება და სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ფუნქციები. ასევე, სამინისტროს მიერ შემუშავდა აღნიშნული სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები და 2009-2011 წლების დეტალური სამოქმედო გეგმები. ოთხმოცდაერთგვერდიანი დოკუმენტი სრულყოფილია და საკომუნიკაციო სტრატეგიის ყველა ძირითად ელემენტს მოიცავს. რეალურად იუსტიციის სამინისტროში არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით  სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდეს. თუმცა, სამინისტროს პასუხიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  ეს  საკითხი ამ ეტაპზე უკანა პლანზე დგას.

დადებით ტენდენციად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ საჯარო დაწესებულებების  ნაწილი მოქალაქეებთან ეფექტურ კომუნიკაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დახვეწაზე მუშაობს.  სამთავრობო უწყებების წერილებიდან ირკვევა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის 2013 წლის სამოქმედო გეგმას ამუშავებენ აუდიტის სახელმწიფო სამსახური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. უახლოეს პერიოდში მიიღებს სრულყოფილ სახეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმები. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის დამუშავება მიმდინარეობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

2012 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეიქმნა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის ფორმირებაზე იზრუნებს. დეპარტამენტში განიხილება საზოგადოებრივი საბჭოს იდეაც. მთავრობის კანცელარიამ გამოთქვა სურვილი  საკომუნიკაციო გეგმის ჩამოყალიბების პროცესში IDFI -თან ითანამშრომლოს.

 აუცლებელია თითოეულ საჯარო დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს  საკომუნიკაციო სტრატეგია  და დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელშიც არამარტო ხედვები და პრიორიტეტები, არამედ დასახული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობები იქნება გაწერილი თარიღების მიხედვით და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობების მითითებით. ასეთი დოკუმენტის არსებობა გაადვილებს  კომუნიკაციას საზოგადოებას და მთავრობას შორის,  უფრო შედეგიანს გახდის სამთავრობო დაწესებულებების მუშაობას და  გაცილებით მეტი ადამიანისათვის გახდის  ხელმისაწვდომს  სახელმწიფო სერვისებს.

 იხილეთ მთლიანი კვლევა

About these ads
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s