მოქალაქეთა ელ-ჩართულობა სამართალშემოქმედებით პროცესში

პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი „შეცვალე კანონი“, რომლის  მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმით შეუძლიათ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს შექმნილი აქვს ვებ-გვერდი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, რომელზეც შესაძლებელია სასურველი დოკუმენტის მოძებნა, მოსაზრების დაფიქსირება კანონთან ან კანონპროექტთან დაკავშირებით, ცვლილებების ინიცირება, სხვა კომენტარების მოწონება და მხარდაჭერა. „იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოხდება ყველა ჩანაწერის გაცნობა და გაანალიზება, შესაბამისად განხორციელდება გონივრული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება და კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში მათი ასახვა“ – განმარტებულია ელექტრონული რესურსის აღწერაში.

მიუხედავად ამგვარი დადებითი დეკლარირებული მტკიცებებისა, კვლევითმა ჯგუფმა რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია აღმოაჩინა აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით. კერძოდ, ელექტრონული რესურსის ეფექტური გამოყენებისა და საზოგადოებაში მისი ცნობადობის დონის დასადგენად, IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საჯარო ინფორმაციის შემდეგი მოთხოვნა გაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს:

  1. სსიპ „საქართველო საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებლების მიერ ნორმატიული აქტების კომენტირების საშუალების ამოქმედებიდან დღემდე მომხმარებელთა მიერ დატოვებული კომენტარებისა და მათ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების რაოდენობა;
  2. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე განთავსებული კომენტარების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების რაოდენობა.

სამინისტროსგან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ვებ-გვერდის ამოქმედებიდან 2012 წლის 18 დეკემბრამდე მხოლოდ 62 მომხმარებლის კომენტარია დაფიქსირებული. რაც შეეხება, მოქალაქეთა კომენტარებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინებას, სამინისტრომ გვაცნობა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობით არ აქვს დაკისრებული ვალდებულება, ნორმათშემოქმედებით საქმიანობაში გაითვალისწინოს ზემოთხსენებულ ვებ-გვერდზე კომენტარების სახით განთავსებული ცალკეული ნორმების ფორმულირებები. თუმცა, სხვა ფორმით მოწოდებულ მოსაზრებებთან ერთად, აღნიშნულ კომენტარში გამოთქმული მოსაზრებებიც შესაძლებელია იქნეს გამოყენებული სამინისტროს ნორმათშემოქმედებით საქმიანობაში“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხი

აღნიშნული პასუხიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება:

  1. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ცნობილი არ არის საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე არსებული ელ-ჩართულობის მექანიზმების არსებობა, რაც შესაძლოა თავად სამინისტროს პასიურობითაც აიხსნას. კერძოდ, ელექტრონული რესურსის შექმნიდან დღემდე მის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია არ წარმოებულა;
  2. მართალია, ვებ-გვერდზე განთავსებული კომენტარების გათვალისწინება თავიდანვე სამინისტროს კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, თუმცა მიღებული წერილიდან იკვეთება, რომ არ ხდება პორტალზე მოქალაქეების მიერ გაზიარებული შენიშვნების აღრიცხვა და ანალიზი. სასურველია, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია სისტემატურად ეხმაურებოდეს მოქალაქეებს რაც დამატებით მოტივაციას წარმოშობს მომხმარებლებში და შექმნის ერთგვარი გარანტიას, რომ კომენტარებს უყურადღებოდ არ ტოვებენ.

სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ვიდეო-რგოლი „შეცვალე კანონი“. მისი მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებას გააცნოს სამართალშემოქმედებით პროცესში ჩართულობისთვის მათ ხელთ არსებული ონლაინ საშუალება. მეორე მხრივ, თავად ხელისუფლებამაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს უკვე დანერგილ ელექტრონულ სერვისებს, მუდმივად შეამოწმოს მათი ფუნქციონირების ეფექტურობა და რაც ყველზე მთავარია, იზრუნოს საზოგადოებასთან უკუკავშირის უზრუნველყოფაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაცია ცალმხრივი იქნება და მომხმარებელშიც იკლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებისთვის სამოქალაქო ინიციატივების მიწოდების სურვილი.

About these ads
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მოქალაქეთა ელ-ჩართულობა სამართალშემოქმედებით პროცესში

  1. ეკონომიკის სამინისტროა კარგად ჩართული! რაც მისასალმებელია! მოქალაქეებსაც პასუხობენ და აქტიურად ანთავსებენ ინფორმაციას სხვადასხვა სოცუალური მედია არხებზე.

  2. დიდი მადლობა :)

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s