მოქალაქეების კომენტარები Facebook-ზე განთავსებულ ფოტოებზე – ნაწილი პირველი

ავტორი: თეონა ტურაშვილი

პოლიტიკურ სუბიექტებსა და მოქალაქეებს შორის სოციალური ქსელებით დამყარებული კომუნიკაციის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია გაზიარებულ ფოტოებზე მომხმარებელთა მიერ გაკეთებული კომენტარების გაცნობა. ამავე დროს. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების გვერდების ადმინისტრატორები ზოგიერთ უარყოფით კომენტარებს შლიან. მიუხედავად ამისა, გვერდებზე ამ დროისთვის არსებული მოსაზრებების შინაარსის გადმოცემით გარკვეული ტენდენციების ჩვენება შეიძლება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კომენტარების სტატისტიკა და სხვადასხვა სახეობების მიხედვით მათი კლასიფიკაცია აქვე სურათზეა მოცემული. მაგალითისთვის, „ახალი მემარჯვენეების“ შემთხვევაში პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს ივლისში სულ 122 კომენტარი მოჰყვა. აქედან მოქალაქეებმა 2-ჯერ დაუსვეს კითხვა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღეს პასუხი პარტიის გვერდის ადმინისტრატორისგან. სხვა დანარჩენი შემდეგნაირად განაწილდა: დადებითი კომენტარი 7, უარყოფითი – 3, პარტიის მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი კომენტარზე – 4, ნეიტრალური – 102 და გამოხმაურება აღნიშნულ კომენტარებზე 4. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება იშვიათი გამონაკლისია  კვლევის დანარჩენ ობიექტებთან შედარებით, მოქალაქეების კომენტარებზე რეაგირების კუთხით. უფრო ზუსტად, სხვა პოლიტიკური ძალები მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც არ პასუხობენ, როცა პარტიის წარმომადგენლებს ისინი პირდაპირ კითხვებით მიმართავენ. აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით უფრო ვრცელ სტატიასაც შემოგთავაზებთ.

პოლიტიკური სუბიექტების სოციალური ქსელის გვერდის კომენტარების სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად საყურადღებოა მათი შინაარსი. დავიწყოთ „ახალი მემარჯვენეებით“. დადებითი კომენტარების დროს სოციალური ქსელების მომხმარებლები პოზიტიურად აფასებდნენ მათ კამპანიას მონოპოლიების წინააღმდეგ. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს ძალა აკრიტიკებს მთავრობას 9 წლის განმავლობაში პრობლემის არსებობის გამო.

კრიტიკული მოსაზრებების მხრივ საკმაოდ საინტერესო დიალოგი შედგა ერთ-ერთ მოქალაქესა და პარტიის წარმომადგენელს შორის გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ეხმარება შეშის დაჭრაში დავით გამყრელიძე მოსახლეობას.  აღნიშნულ საუბარში „ახალი მემარჯვენეები“ „ხალხის გაჭირვების წინასაარჩევნო პიარისთვის გამოყენებაში“ დაადანაშაულეს. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ კი არგუმენტად დაუპირისპირა ის, რომ მისი კონკურენტებიც მსგავსად იქცევიან და ისინიც ჩადიან რეგიონებში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. დიალოგი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე სრული სახით.

მართლაც, რამდენიმე პოლიტიკური პარტია აქტიურად მუშაობდა რეგიონებში და ფოტოებით ცდილობდა საკუთარი კამპანიის გაშუქებას. ამაზე სოციალური ქსელების მომხმარებლები განსხვავებულად რეაგირებდნენ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შემთხვევაში ზოგი მათ „ეროვნულ და ქრისტიანულ მორალზე დამყარებულ ძალას“ უწოდებდა და „აღფრთოვანებული იყო პარტიის ლიდერების შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით“. სხვები კი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის დამსგავსებაში ადანაშაულებდნენ ხალხთან გადაღებული ფოტოების გამო. ასევე, მიაჩნდათ, რომ პარტიის მესვეურებს მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ „უყვარდებათ“ და „ახსენდებათ“. ბოლოს, ფოტოს, სადაც ნაჩვენები იყო როგორ მიდიოდა ზურგზე ცხვარმოკიდებული გიორგი თარგამაძე კრიტიკულად შეხვდა ერთი მოქალაქე. გთავაზობთ მის კომენტარს: „გრცხვენოდეთ ბატონო გიორგი, რომ რიტუალებში იღებთ მონაწილეობას და საცოდავ ცხვარს ყელს გამოჭრით მხოლოდ საკუთარი პიარისთვის. ასეთ რამეს ცივილიზებული პოლიტიკოსი არ გააკეთებდა. თუ გააკეთებდა ცივილიზებული ერისგან კრიტიკას დაიმსახურებდა.“

უნდა ითქვას, რომ სასულიერო პირებთან ფოტოების გადაღება ან ზოგადად რელიგიის თემაზე აპელირება თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია (მაგალითად, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“), რომელთა გვერდებზეც ინტერაქცია ძალიან დაბალია და რამდენიმე ერთეული მოქალაქე იწონებს ან აზიარებს მათ მიერ დადებულ ინფორმაციას, მხოლოდ მართლმადიდებლური დღესასწაულების მოსახლეობისთვის მილოცვის პოსტებზე ეხმაურებიან მოქალაქეები და მადლობას უხდიან.

საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე დაფიქსირებული კომენტარებიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: „ხალხო, უბედნიერესი ვარ! თავად მეუფე იობი მობრძანდა აქციაზე. ამას აღარ უნდა საუბარი ეს რას ნიშნავს.“ „მეუფე იობი. მამა ლუკაც უკანაა. ამ ადამიანების მუდამ მჯერა და თუ მათი მჯერა ე.ი ბატონ ბიძინასიც მჯერა“. „როგორც მეუფე იობი ამბობს: თუ ეს მთავრობა დარჩა, სულ ცოტა ხანში საქართველო აღარ იარსებებსო და მართლაც რომ ასე იქნება. და ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად ქართველები და არ უნდა მივცეთ მტერს საქართველოს განადგურების უფლება“.

მსგავსი კომენტარების ავტორები საკმაოდ ნეგატიურად შეხვდნენ იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა: „პოლიტიკურად ანგაჟირებულობისგან შეიკავეთ თავი. საქართველოს სახელით ნუ სარგებლობთ. დაანებეთ პარტიულ პროპაგანდას თავი. საეკლესიო და ქრისტიანულ თემატიკას ნუ გადაუხვევთ!“

ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში კი მოცემული იყო პრეზიდენტის მიერ ალავერდის მოლოცვის ფოტოები. თანაც, ფოტოზე პარტიის გვერდის ადმინისტრატორს გამოტანილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები: “ჩვენი პატრიარქი დგას იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს და ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში”.

აღნიშნული ტენდენციიდან კარგად ჩანს, რომ პოლიტიკისა და ეკლესიის საკითხი ბევრისთვის ურთიერთდაკავშირებულია. რაც ყველაზე მთავარია, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსახლეობის წინასაარჩევნო აზრის ჩამოყალიბებაზე. მართალია ეს მაგალითები მხოლოდ მცირე დაკვირვების შედეგია და ჯერჯერობით განზოგადების საშუალებას ნაკლებად იძლევა, გარკვეული ტენდენციების მანიშნებელი შეიძლება მაინც იყოს.

About teonaturashvili

Analyst
This entry was posted in პოლიტიკური პარტია and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მოქალაქეების კომენტარები Facebook-ზე განთავსებულ ფოტოებზე – ნაწილი პირველი

  1. მშვენიერი პროექტია და საინტერესო ბლოგ-პოსტები, ოღონდ იქნებ რაოდენობრივი მონაცემები “ცოცხალ” ფორმატში დადოთ (Google Spreadsheet, Excel, Open office) და არა სქრინშოთად, უფრო სასარგებლო იქნება

    • მოგესალმებით,
      დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და იმედი გვაქვს მომავალშიც გაეცნობით ჩვენს სტატიებს. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s