ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება?

ავტორი: თეონა ტურაშვილი

სოციალურ ქსელ Facebook-ში დავით ბაქრაძის გვერდი მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სხვა ქართველი პოლიტიკოსების, სამთავრობო უწყებებისა თუ პოლიტიკური პარტიების გვერდებს შორის. რასაც თავის დროზე „არჩევნების“ აპლიკაციამ შეუწყო ხელი. აპლიკაცია წარმოადგენდა ვირტუალურ კენჭისყრას, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდებს შეეძლოთ. აღნიშნული წარმატება მანიშნებელია იმისა თუ როგორ შეიძლება Facebook გვერდის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა საინტერესო აპლიკაციების, სერვისების ან პროგრამების ინტეგრირებით.

ჩვენი პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური Facebook გვერდის მონიტორინგი. გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ მიერ დაფიქსირებული ძირითადი ტენდენციები.

აგვისტოში დავით ბაქრაძე საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაში – თითოეული კანდიდატის წარდგენის ან მოსახლეობასთან ბაქრაძესთან ერთად ორგანიზებული შეხვედრები შუქდება სოციალურ ქსელში პარლამენტის თამჯდომარის გვერდზეც ფოტოების სახით. მაშინ როცა, ივლისში გაზიარებული ინფორმაცია მთლიანად ბაქრაძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში გამართულ საერთაშორისო ან ადგილობრივ სამუშაო შეხვედრებს ეხებოდა. აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ცნობები კი გაზიარებული იყო საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ახალი ამბების ბმულებით. გრაფიკიდან კარგად ჩანს, რომ აგვისტოს თვეში ფოტოების განთავსების სიხშირე 18-ჯერ გაიზარდა. თუმცა, შემცირდა ბმულების განთავსების სიხშირე. შედეგად, პარლამენტის თავჯდომარის მიერ ძირითადი მოვალეობების ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ დადებულმა ინფორმაციის რაოდენობამაც იკლო.

მართალია საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ უკრძალავს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას, თუმცა, შეზღუდვები დაწესებულია იმ ელექტრონული რესურსების გამოყენებაზე, რომლებიც ფინანსდებიან ბიუჯეტიდან.  უნდა აღინიშნოს, რომ დავით ბაქრაძის ოფიციალური Facebook გვერდის ადმინისტრირებაზე და რეკლამაზე ხარჯებს სავარაუდოდ საქართველოს პარლამენტი ფარავს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მაგალითად ის გარემოება, რომ თავად საქართველოს პარლამენტის Facebook გვერდი ნაკლებად აქტიურია და მომხმარებელიც ნაკლები ჰყავს – 17 165 ადამიანი. მაშინ როდესაც ბაქრაძის გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა 93 684-ია. თანაც, ზემოთ აღნიშნული არჩევნების აპლიკაცია მხოლოდ ბაქრაძის გვერდზეა ინტეგრირებული. ამგვარი პროგრამების შექმნა კი ფინანსურ  ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში, პარლამენტისგან საკანონმდებლო ორგანოს მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში სოციალურ რეკლამაზე გაწეული ხარჯების, მათ შორის მისი თავმჯდომარის Facebook-ის გვერდის რეკლამისთვის გამოყოფილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. პასუხის მიხედვით, პარლამენტის ადმინისტრაციამ დასახელებულ სოციალურ ქსელში რეკლამაზე 2011 წელს 38 788,57 ლარი  დახარჯა, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი 27 069,52 ლარი. სამწუხაროდ, პასუხიდან არ ირკვევა თუ რამდენი დაიხარჯა  დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდის რეკლამაზე სოციალურ ქსელებში.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდის რეკლამირებაზე მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გამოცხადებამდე იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები, მასზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გაწეული აგიტაცია მაინც არღვევს ზოგად ეთიკურ სტანდარტებს და შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსების ირიბ გამოყენებად.

საგულისხმოა თავად მომხმარებელთა კომენტარებიც. თუ ადრე მოქალაქეები ძირითადად აფასებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას, ამჟამად მათი ყურადღება მიმართულია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე. მონიტორინგის დროს შეგვხვდა საკმაოდ საინტერესო კომენტარი. გთავაზობთ მას სრული სახით:

„მოგესალმებით პატივცემულებო. იმერეთში ჩვენი თეატრი ახორციელებს  წარდგენილი თუ წარსადგენი მაჟორიტართა მხარდასაჭერ პროექტს და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციებს სპექტაკლის სახით, რაშიც ვეხმარებით ჩვენი სპექტაკლებით, მაგალითად „ოკუპირებული ტერიტორიიდან“ სახელწოდებით. რის შემდეგაც ამ სპექტაკლზე მოწვეულია უფასოდ ახალგაზრდები და დევნილები, რომლებსაც არჩევნები დიდად არ აინტერესებთ. წარდგება იმ რაიონის დეპუტატი, რომელიც მიმართავს ხალხს, მაყურებელს, რომ ოკუპაცია დასრულდება, თემიდან გამომდინარე, მალე და ასე შემდეგ, თუ სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ და მოკლედ, სიტყვით გამოვა. ასევე გვინდა ადგილობრივი დეპარტამენტების სახელით და დახმარებით განვახორციელოთ სხვა გუბერნიებშიც იგივე პროექტი ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის ეგიდით, რომლის წევრებიც ვართ თითქმის ყველანი. პოპულარიზაციასაც ვუწევთ ჩვენი მაისურებით და დროშებით ყველა ვიზიტს. მადლობთ ყურადღებისთვის. ველით გამოხმაურებას“.

კომენტარს მიხედვით, ახალგაზრდები მოსახლეობას წინასწარ არ აფრთხილებენ მათი ღონისძიებების პოლიტიკური შინაარსის შესახებ და თეატრალურ წარმოდგენებზე ცდილობენ პარტიის კანდიდატების წარდგენას.

საგულისხმოა კომენტარის ბოლო ნაწილიც: „ეს კომენტარი წაკითხვის შემდეგ წაშალეთ. უკაცრავად, პირად შეტყობინებაში ვერ მოგწერეთ.“

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s