პოლიტიკური სუბიექტების მიერ Facebook აპლიკაციების გამოყენება

ავტორი: თეონა ტურაშვილი

სტატია დაფუძნებულია 1 ივლისი-31 აგვისტოს პერიოდში მიმდინარე 11 პოლიტიკური სუბიექტის Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგებზე.

პოლიტიკური სუბიექტები სოციალურ ქსელს მომხმარებელთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად იყენებენ. ამის მიღწევაში მათ საკუთარ გვერდზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია და სერვისი ეხმარებათ. Facebook-ის ადმინისტრაცია მათ საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს, მრავალფეროვანი ინტერაქციული აპლიკაციების სახით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მცირე დაბრკოლება არსებობს – ზოგიერთი ამგვარი სერვისი ფასიანია. შედეგად, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა სუბიექტების მიერ ამ ტიპის აპლიკაციების გამოყენების მიმოხილვა გვაჩვენებს რამდენად პრიორიტეტულია მათთვის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება. საგულისხმოა, ასევე, თავად ამ აპლიკაციების შინაარსი, ფუნქცია, გამოყენების ეფექტურობა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კვლევის ყველა ობიექტი მონიტორინგის პერიოდში მუდმივად ათავსებდა სხვადასხვა ღონისძიებების ამსახველ ფოტოებს. მართალია, მათი გამოქვეყნების სიხშირე განსხვავებულია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შემთხვევაში, თუმცა, აგვისტოში ყველა მათგანი გააქტიურდა ვიზუალური მასალის განთავსების მხრივ.

ზოგიერთი პარტია იყენებდა ჩანაწერების აპლიკაციას საკუთარი განცხადებების, პოზიციის, მათზე ქართული თუ უცხოური მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული სტატიების გასავრცელებლად.

დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს, შერჩეული სუბიექტებიდან რამდენიმე მათგანის მიერ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის (Livestream) საშუალების ინტეგრაციას. თუმცა,  მონიტროინგის პერიოდში არცერთ მათგანს იგი არ გამოუყენებია მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად. მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ პარტიამ გამოიყენა საარჩევნო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად დასავლეთ საქართველოში გამართული შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება. სამწუხაროა, რომ დღეისათვის ბევრს აღნიშნული აპლიკაცია გათიშული აქვს ან ტექნიკურად გაუმართავია. ყველაზე კარგ შემთხვევაში, სოციალური ქსელის გვერდზე მხოლოდ ძველ ვიდეოებს შევხვდებით.

სხვა დანარჩენი აპლიკაციებიდან შეიძლება გამოიყოს პოლიტიკური ლიდერების ბიოგრაფიის განთავსება (გიორგი თარგამაძე და ვანო მერაბიშვილი), „ელექტრონული არჩევნები“ (დავით ბაქრაძე), ფორუმი (შალვა ნათელაშვილი, „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები“, ბიძინა ივანიშვილი), პარტიის იდეოლოგია („ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები“).

საკმაოდ საინტერესოა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ დამატებული შემდეგი აპლიკაციები:

  1. „ჩვენი კანდიდატი“, სადაც მოცემულია პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბანერის ფოტო;
  2. „გახდი მოხალისე“, რომლის საშუალებითაც რიგით მოქალაქეებს აძლევენ საშუელბას ჩაერთონ მათ საქმიანობაში/კამპანიაში;
  3. „ჩემი რეგიონი“ – ინტერაქციული რუკა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაიგონ რის გაკეთებას გეგმავს პარტია საქართველოს კონკრეტულ რეგიონში;
  4. „გამოიწერე სიახლე“, რაც პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლების საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს.

პრემიერ-მინისტრის გვერდზე კი განთავსებულია „ღია პეტიციების“ აპლიკაცია (დღეისათვის შესულია ორმოცდაათამდე განცხადება), მონიტორინგის პერიოდში მას დაემატა ახალი სერვისი „ჩემი ბიზნეს-პროექტი“, რომელზეც დღეისათვის მოქალაქეებმა 10 ინიციატივა უკვე განათავსეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტენდენცია მისასალმებელია. თუმცა, არსებობს ერთი გარემოება: პრემიერ-მინისტრის გვერდზე განთავსებული ყველა ეს აპლიკაცია სამინიტროს ინიციატივაა და სასურველია, რომ იგი განთავსებული იყოს არა კონკრეტული საჯარო პირის (ამ შემთხვევაში პერმიერ-მინისტრის), არამედ თავად ინიციატივის ავტორი საჯარო დაწესებულების გვერდზე. ამის საჭიროება თვალსაჩინო გახდა მინისტრთა კაბინეტის შეცვლის დროს. კერძოდ, „ღია პეტიციების“ აპლიკაცია მანამდე განთავსებული იყო ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. მერაბიშვილის დანიშვნისთანავე აღნიშნული სერვისი მის გვერდზე იქნა ინტეგრირებული – ეს კი სავარაუდოდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, სასურველია აღნიშნული ტიპის აპლიკაციები განთავსდეს საქართველოს მთავრობის Facebook-ის გვერდზე, რადგან ხელმძღვანელი პირის გამოცვლის შემთხვევაში საჭირო გახდება მსგავსი სერვისების ახალი მინისტრის გვერდზე გადატანა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდს, მასზე ვხვდებით პრეზიდენტისთვის წერილის მიწერის სერვისს. თავად აპლიკაციის დანიშნულება/განთავსება მართლაც მისასალმებელია და ერთი შეხედვით, იგი გახსნილობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. თუმცა, მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიღებულ წერილებს ან სათანადოდ არ ამოწმებენ ან მათზე უბრალოდ რეაგირებას არ ახდნენ. უფრო ზუსტად, პრეზიდენტის Facebook გვერდზე მომხმარებელთა მიერ დატოვებული კომენტარების მონიტორინგისას, დაფიქსირდა რამდენიმე ათეული უკმაყოფილების შემცველი კომენტარი – მოქალაქეები ჩივიან, რომ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს.

როგორც ცნობილია, სოციალური ქსელით უფასო გამოკითხვების ჩატარებაც შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული პოლიტიკური სუბიექტებიდან საკუთარ გვერდზე მხოლოდ „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს ონლაინ გამოკითხვის ფორმა ინტეგრირებული. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ დღეისათვის მისი მეშვეობით მხოლოდ ერთი კითხვაა დასმული პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ, საკუთარი მოსაზრება ამ შეკითხვასთან დაკავშირებით კი ჯერ არცერთ მომხმარებელს  არ დაუფიქსირებია. ეს შესაძლოა თავად პარტიის პასიურობითაც არის გამოწვეული. კერძოდ, ამ კითხვის გამოქვეყნების დღიდან იგი არცერთხელ არ გაზიარებულა პარტიის სოციალური ქსელის გვერდზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული გამოკითხვის წარმატება დიდწილად მოქალაქეების საკითხისადმი დაინტერესებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში საგულისხმოა მონიტორინგის დროს დაფიქსირებული ერთი მომხმარებლის კომენტარი ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე. იგი მოუწოდებდა პოლიტიკურ ძალებს შეექმნათ გამოკითხვის ფორმა სოციალურ ქსელში იმის გასარკვევად, თუ როგორი მხარდაჭერით სარგებლობენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები. თუმცა, ივანიშვილის გვერდის ადმინისტრატორებისგან ამ ინიციატივას არანაირი რეაგირება ან კომენტარი არ მოჰყოლია.

ბოლოს, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, 11 სუბიექტიდან სამს სოციალური ქსელის გვერდზე გახსნილი აქვს ფორუმი. ამის მიუხედავად, მათი გამოყენებისა და კომენტარების დატოვების სიხშირის დაკვირვებისას გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა:

  1. შალვა ნათელაშვილის გვერდზე ბოლო სადისკუსიო თემა ხუთი თვის წინ არის გახსნილი. თანაც, ადრე გახსნილ საკითხებზეც მხოლოდ რამდენიმე ერთეული მოქალაქის კომენტარებია განთავსებული. მსგავსი ვითარებაა „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატების“ გვერდზეც.
  2. შედარებით მაღალი აქტივობაა ბიძინა ივანიშვილის გვერდზე არსებულ ფორუმზე – შეიძლება ითქვას, რომ ერთ თვეში საშუალოდ ერთი სადისკუსიო თემა მაინც იხსნება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელთა მხრიდან აქტიურობა დაბალია. გამონაკლისია 9 თვის წინ შექმნილი თემა: „შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს“. მასზე ამ დროისთვის 647 „პოსტია“ დაფიქსირებული. მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებით მიმართავენ კოალიციის ლიდერს. კითხვების მრავალფეროვნებისა და აქტუალურობის მიუხედავად, გვერდის ადმინისტრაცია საჯაროდ არცერთხელ არ გამოხმაურებია მომხმარებელს.

აპლიკაციების გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის ინფორმაციას დებენ პარტიები Facebook გვერდზე საკუთარი ორგანიზაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს მითითებული აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუმცა, დაინტერესებულ პირებს ნაკლებად შეუძლიათ აქვე მოძებნონ ინფორმაცია თითოეული მათგანის პოლიტიკური პლატფორმისა და სტრატეგიის შესახებ. გამონაკლისს წარმოადგენს სამი პოლიტიკური ორგანიზაცია – „რესპუბლიკური პარტია“ (მოცემულია პარტიის მისია, გამოცემული ნაშრომები, პარტიის საკმაოდ დეტალური ისტორიული ფაქტები მცირე აღწერით), „ახალი მემარჯვენეები“ (განთავსებულია პარტიის მისია) და „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები“ (აპლიკაციის სახით წარმოდგენილია პარტიის იდეოლოგია). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე მისიის ნაცვლად წარმოდგენილია პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგები, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ გვერდზე კი მითითებულია მხოლოდ პარტიის პოლიტიკური ორიენტაცია, იდეოლოგიური აღწერის გარეშე.

მოქალაქეებთან კომუნიკაციის დასამყარებელ საშუალებებთან დაკავშირებით კი საგულისხმოა, რომ კედელი გახსნილი აქვს ხუთ პოლიტიკურ ძალას – „რესპუბლიკურ პარტიას,“ „ჩვენი საქართველო, თავისუფალ დემოკრატებს“, კოალიცია ქართულ ოცნებას“, „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“, ბიძინა ივანიშვილის, შალვა ნათელაშვილისა და გიორგი თარგამაძის გვერდების სახით. რაც მიანიშნებს მათი მხრიდან მოქალაქეების მიერ გამოხატული მოსაზრებებისადმი გახსნილობაზე. ამას ვერ ვიტყვით დანარჩენ ექვს პოლიტიკურ სუბიექტზე. მათი გვერდი დახურულია და მომხმარებლებს არ შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირება. პირადი ელ-ფოსტის მიწერა კი ყველა მათგანთანაა შესაძლებელი.

როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიები და საჯარო პირები სოციალურ ქსელში მომხარებელთა ინფორმირებისა და მათი მოსაზრებების გასაგებად სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს იყენებენ. თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში აპლიკაციები სათანადოდ არ არის გამოყენებული. განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც უშუალო კონტაქტის დამყარების სწრაფ და ეფექტურ საშუალებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, მართალია ზოგიერთ პარტიას პირდაპირი ტრანსლაციისთვის საჭირო აპლიკაცია ინტეგრირებული აქვს გვერდზე, თუმცა რეალურად მოქალაქეები მხოლოდ მათი მხრიდან გაცემული ინფორმაციის მიმღებნი არიან – პირდაპირი ტრანსლაცია არ განხორციელებულა კითხვა პასუხის რეჯიმში. ნებისმიერი სახის კითხვების დასმის დროს კი მოქალაქეები პოლიტიკური პარტიებისგან გამოხმაურებას ფაქტობრივად ვერ იღებენ.

პოლიტიკური სუბიექტებისსაჯარო დაწესებულებებისა და მედია საშუალებების Facebook გვერდების მონიტორინგის შესახებ მთლიანი კვლევა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

About teonaturashvili

Analyst
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s