FACEBOOK მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგები

საქართველოში საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებისა და ამ მიმართულებით არსებული ტენდენციების დასადგენად 1 ივლისიდან მონიტორინგი უტარდებოდა 19 სამთავრობო დაწესებულების, 8 პოლიტიკური პარტიის, 2 საჯარო პირსა და 6 მედია საშუალების გვერდს სოციალურ ქსელ Facebook-ში. კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა სექტემბერში და იგი მოიცავდა წინასაარჩევნო პერიოდის (ივლისი-აგვისტო) მონიტორინგის შედეგებს. აღნიშნული ნაშრომი კი მოიცავს როგორც საპარლამენტო კენჭისყრამდე, ასევე, თავად კენჭისყრის დღესა და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგი პერიოდის მონიტორინგის შედეგების შეჯამებას. კონკრეტულად, კვლევაში წარმოდგენილია სოციალურ ქსელებში არსებული ვითარება 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები და ტენდენციები:

  • საჯარო დაწესებულებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ აღიქვამენ სოციალურ ქსელებს, როგორც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას;
  • უწყებების უმეტესობას არ აქვთ გააქტიურებული პირადი გზავნილის მიწერის ფუნქცია, ამავე დროს დახურულია ე.წ. “კედელი”. ამ ორი კომპონენტის არქონით მომხმარებელს ეზღუდება აზრის გამოხატვისა თუ  პრობლემის დაფიქსირების საშუალება;
  • გვერდების ადმინისტრატორები სწრაფად და ეფექტურად არ ეხმაურებიან მოქალაქეთა კითხვებს და ხელს არ უწყობენ დისკუსიებს;
  • ხშირია შემთხვევა როდესაც საჯარო დაწესებულების გვერდებზე იშლება არა მარტო უცენზურო კომენტარები, არამედ ეთიკის ფარგლებში გამოხატული კრიტიკული აზრიც;
  • მთავრობის ცვლილება სიახლეების განთავსების სიხშირეზეც აისახა. რამდენიმე გვერდზე მთელი ოქტომბრის მანძილზე არცერთი აქტივობა არ დაფიქსირებულა. წინა თვეებთან შედარებით აქტივობის დონე მკვეთრად დაბალი იყო.

პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების შემთხვევაში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები და ტენდენციები:

  • ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საკმაოდ მწირი აპლიკაციების განთავსებით გამოირჩევა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.  განსაკუთრებულად მწირია საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობისა და მათი მოსაზრებების გაჟღერების ფუნქციის მქონე სერვისები – მაგალითად, პეტიციები, ონლაინ გამოკითხვები;
  • პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების გარკვეულ ნაწილს სოციალური ქსელების გვერდის დახმარებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის აგების თანმიმდევრული სტრატეგია არ გააჩნია;
  • ერთეული გამონაკლისების გარდა, პოლიტიკური სუბიექტების გვერდების ადმინისტრატორები მნიშვნელოვნად არ თვლიან მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა არჩევნების დასრულების შემდეგ;
  • ხშირია კომენტარების გაქრობის ფაქტები, განსაკუთრებით კი იმ გვერდებზე სადაც მოქალაქეების აქტივობა მაღალია;
  • სოციალურ ქსელ Facebook-ში დაინტერესებული პირისთვის ხშირ შემთხვევაში რთულია პარტიის იდეოლოგიური პლატფორმის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • პოლიტიკური აქტივობა და დისკუსია საკმაოდ პოლარიზებულია – მომხმარებელთა მაღალი ჩართულობა შეინიშნება მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის გვერდზე;
  • არჩევნების შემდგომ, მკვეთრად იკლო პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარ სოციალურ ქსელებში აქტიურობის სიხშირემ.

ბოლოს, მედიასაშუალებების Facebook გვერდების კვლევამ აჩვენა, რომ:

  • ტელე-მედიასაშუალებების დიდი ნაწილის მიერ სოციალური ქსელების გამოყენების დონე და მათი საშუალებით მაყურებელთან კომუნიკაციის ხარისხი საკმაოდ დაბალია;
  • ტელეკომპანიების უმეტესობას მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნიათ;
  • Facebook-ის ადმინისტრატორები არ ეცნობიან ან არ ითვალისწინებენ საკუთარი გვერდის მომხმარებელთა კომენტარებს, არ პასუხობენ მოქალაქეების კითხვებს;
  • ნაწილი ტელეკომპანიების Facebook-ის გვერდებზე არ არის ინტეგრირებული ან არ ფუნქციონირებს თანამედროვე აპლიკაციები და სერვისები. არ შეინიშნება არანაირი წინსვლა მაყურებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სერვისების დასახვეწად;
  • გამოიკვეთა, რომ მოქალაქეების აქტიურობა სოციალურ ქსელში საკმაოდ მაღალია. ამაზე მედიასაშუალებების გვერდების გამომწერთა რაოდენობა, მათ მიერ  განთავსებული ინფორმაციის მოწონების, გაზიარებისა და კომენტარების რაოდენობა მეტყველებს;
  • მომხმარებელთა მიერ პოზიციების დაფიქსირებისას ჭარბობს სიძულვილის ენა, მაგრამ გხვდება  საინტერესო, კონსტრუქციული დიალოგები და მოსაზრებებიც.

კვლევის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის  განვითარება  მნიშვნელოვანია მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, მათი ჩართულობისა  და საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებისთვის, რაც კარგი მმართველობისა და ქვეყნის დემოკრატიული  განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცალ-ცალკე, საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების შემთხვევაში, ასევე, ერთიანი სახით მოცემულ ბმულებზე.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s