პოლიტიკური სუბიექტების FACEBOOK გვერდებზე გამართული დისკუსიები

ავტორი: თეონა ტურაშვილი

პოლიტიკური სუბიექტების სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ჩართულობის ყველაზე აქტიური ფორმა მომხმარებლების მიერ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებაა. ოთხთვიანი (ივლისი – ოქტომბერი) მონიტორინგის პერიოდში კომენტარების დაკვირვებისას კვლევითი ჯგუფი მათი ოდენობის აღრიცხვასთან ერთად აკვირდებოდა:

  • რამდენად ხშირად იმართებოდა კონსტრუქციული დიალოგი განსხვავებული შეხედულების მქონე მოქალაქეებს შორის?
  • რამდენად ხშირად აფასებდნენ მომხმარებლები არამხოლოდ პარტიის ლიდერების, არამედ თავად პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობასა და სტრატეგიას?
  • იშლებოდა თუ არა მოქალაქეების მიერ დაწერილი კომენტარები?
  • რამდენად დიდი ინტერესი არსებობდა მოქალაქეებში პოლიტიკური პარტიები საქმიანობის მიმართ?
  • რამდენად ცდილობდნენ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოქალაქეების ინფორმირებას და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას?

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს ჯანსაღი დიალოგის აგებას ოპონენტებთან. კონკრეტულად, ხშირი იყო ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების, ეპითეტების გამოყენების ფაქტები. თუმცა, საგულისხმოა, რომ ამგვარი ტენდენცია შეინიშნებოდა თავად ცალკეული პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და წევრების მხრიდან. მიუხედავად ამ ნეგატიური ტენდენციისა, იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეები საკმაოდ კონსტრუქციულად ცდილობდნენ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას. ასევე, დიალოგის არასწორი წარმართვის შემთხვევაში, სოციალურად აქტიური მომხმარებლების გარკვეული ნაწილი მხარეებს ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ საინტერესო კომენტარები დაფიქსირდა პარტიების პროგრამული დოკუმენტების განთავსების დროს. მართალია ზოგიერთი მომხმარებელი უბრალოდ პროგრამის მოწონებით შემოიფარგლებოდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი ხედვა ღიად დააფიქსირა პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით. რაც იმის მაჩვენებელია, რომ თავად პარტიები უნდა ცდილობდნენ მოქალაქეებისთვის სადისკუსიო თემების შეთავაზებას და არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ლიდერების განცხადებების გამოქვეყნებით.

კომენტარებისა და ზოგადად, სოციალურ ქსელებში აქტივობის ანალიზმა წარმოაჩინა ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს საკმაოდ მაღალი პოლარიზაციის ხარისხიც. კერძოდ,  პოლიტიკური დისკუსია ორი პოლიტიკური ძალის გარშემოა კონცენტრირებული.

ამასთან ერთად, გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტის გვერდიდან ქრება ან იშლება განსაკუთრებით კრიტიკული კომენტარები. მოქალაქეების მხრიდან ხშირად ისმოდა საყვედური ცენზურასთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნეგატიური შინაარსის კომენტარების ერთგვარ გაფილტვრასთან ერთად, შესაძლოა მათი გაქრობა სხვა გარემოებებით იყო განპირობებული მაგალითად იმით, რომ მოქალაქეები თავად შლიდნენ კომენტარებს. ასევე, შესაძლებელია, კომენტარი დაწერილი იყო ყალბი ანგარიშიდან და მისი გაუქმების შემდეგ ავტომატურად გაქრა ყველა ტიპის აქტივობა. მართლაც, მონიტორინგის პერიოდში კვლევითმა ჯგუფმა აღმოაჩინა საკმაოდ დიდი რაოდენობის ამგვარი ტიპის მომხმარებელი – განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გვერდებზე. მათი ამოცნობის მთავარი მექანიზმები გახლდათ: სოციალურ ქსელში დარეგისტრირების საკმაო ადრეული პერიოდი, მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის გვერდზე აქტიურობა, საკუთარ პროფილზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ფოტოების მოჭარბებული ოდენობა, მეგობრების მცირე რიცხვი.

Facebook გვერდების ადმინისტრატორებმა კომენტარების წაშლა შესაძლოა უცენზურო ტერმინების არსებობით გაამართლონ, თუმცა ამ შემთხვევაში, ცენზურის ნაცვლად მომხმარებლისთვის კონსტრუქციულად საუბრისკენ დაბრუნების მოწოდება უკეთესი საკომუნიკაციო სტრატეგიად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამით ნებისმიერ პოლიტიკური სუბიექტი უფრო მეტ ნდობას აღძრავს სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებელში.

სამწუხაროდ, სოციალურად აქტიური მოქალაქეების ჩართულობის მიუხედავად, ორმხრივი კომუნიკაციისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ თავად პოლიტიკური სუბიექტების გვერდების ადმინისტრატორები. ყველაზე კარგ შემთხვევაში, პარტიის წარმომადგენლები შერჩევით პასუხობდნენ კითხვებს, ხოლო რიგ შემთხვევაში, თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მაგალითი. გრაფიკში მოცემულია ცალკეულ პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების გვერდების მხრიდან მოქალაქეების კითხვებზე გამოხმაურების სიხშირის მაჩვენებლები.

პოლიტიკური სუბიექტების გვერდებზე გამოხმაურების ოდენობა. მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ Google Document-ის სახით შემდეგ ბმულზე

სოციალურ ქსელ Facebook-ს პირადი შეტყობინებების მიწერის ფუნქციაც გააჩნია, შერჩეული პოლიტიკური სუბიექტებიდან ყველა მათგან აქვს გააქტიურებული ეს სერვისი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოსაზრება ან კითხვა მიაწოდოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. კვლევის ფარგლებში პარტიების მიერ ამ საშუალების ეფექტურად გამოყენების შესამოწმებლად რვა პოლიტიკურ პარტიას გაეგზავნა ხუთი (ოთხი არჩევნებამდე და ერთი არჩევნების შემდეგ) იდენტური სატესტო კითხვა. მონიტორინგის პირველ ეტაპზე კვლევითმა ჯგუფმა შემდეგი შედეგები მიიღო:

პოლიტიკური პარტიების მიერ პირად შეტყობინებებზე გამოხმაურების სიხშირე. მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ Google Document-ის სახით შემდეგ ბმულზე

  • ოთხივე კითხვაზე მხოლოდ ორმა სუბიექტმა უპასუხა. ყველაზე კარგი შედეგი ამ მხრივ „ახალმა მემარჯვენეებმა“ აჩვენეს, რადგან ყველა შემთხვევაში მათი პასუხი ამომწურავი გახლდათ;
  •  მოქალაქეებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდების მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს ბიძინა ივანიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდებმა. მათ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთ კითხვაზე გასცეს პასუხი;
  • შერჩევითობის პრინციპით იმოქმედეს რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა – „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“ თავი აარიდა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების მოქალაქისთვის გაცნობას. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამ კითხვასთან ერთად, ინფორმაცია არ მოგვაწოდა საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ შემთხვევაშიც მხოლოდ ორი პასუხი მივიღეთ, თუმცა ორივე სრულყოფილი სახით;
  • ყველაზე ოპერატიულად კითხვებს პასუხობდნენ „ახალი მემარჯვენეებისა“ და შალვა ნათელაშვილის გვერდზე.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კვლავ შემოწმდა პოლიტიკურ პარტიების მიერ მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემის ხარისხი. ამჯერად კვლევითმა ჯგუფმა რვა პოლიტიკურ ძალას გაუგზავნა კითხვა შრომის კოდექსთან დაკავშირებით და ჰკითხა რამდენად ეთანხმებოდნენ მასში გაწერილ დებულებებს. აღმოჩნდა, რომ ერთი პოლიტიკური ძალის გარდა – „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – არცერთი პარტიის წარმომადგენელმა საჭიროდ არ ჩათვალა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცალ-ცალკე, საჯარო დაწესებულებებისპოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების შემთხვევაში, ასევე, ერთიანი სახით მოცემულ ბმულებზე.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s