ბაჰრეინის ელექტრონული პლატფორმა

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ბაჰრეინი ელექტრონული ჩართულობის ინდექსით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს – გაეროს ელექტრონული მმართველობის რეიტინგის მიხედვით მერვე ადგილზეა. იგი მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ელ-მთავრობის პორტალის, მობილური პორტალის (mobile portal), კიოსკების, ეროვნული საკონტაქტო/საინფორმაციო (national contact center) და ელ-სერვისების ცენტრების (e-service center) საშუალებით აწვდის. ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი პირველ-ორ ელექტრონულ სერვისებზე გაკეთდება.

ბაჰრეინის ელექტრონულ პორტალზე პირველივე გვერდზე გამოტანილია სპეციალური განყოფილება სახელწოდებით „შენს აზრს მნიშვნელობა აქვს“ (Your Opinion Matters), სადაც განმარტებულია სახელმწიფოს პოლიტიკა ელექტრონული ჩართულობისა და  ელექტრონული კონსულტაციის კუთხით. თანაც, აღნიშნულია, რომ ვებ-გვერდისა და ზოგადად სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ საკითხების მიმართ მოქალაქეების ცოდნის ამაღლება და დანერგილ მომსახურებებზე მათი ხელმისაწვდომობის გაფართოებაა.

პორტალის პირველი გვერდი

ბაჰრეინის ელექტრონული პლატფორმა. მონიშნულია განყოფილება “ შენს აზრს მნიშვნელობა აქვს“.

აღნიშნულ განყოფილებაში, პირველ რიგში, მოცემულია დეტალური ინფორმაცია ელ-კომუნიკაციის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. კერძოდ, ელექტრონულ რესურსზე მოცემულია ტერმინის „ელ-კონსულტაცია“ განმარტება, ამ საკითხის გარშემო არსებული გამოწვევები,  მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკა და სტრატეგია, შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი სარგებელი.

ამასთან ერთად, დეტალურადაა გაწერილი მთავრობის ძირითადი მიდგომა ელექტრონულ-მმართველობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხაზგასმულია თუ რას მოელის მთავრობა ელექტრონული მმართველობისგან. მაგალითისთვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის უმაღლესი გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, დაინტერესებული პირებისგან უკუკავშირისა და რჩევების მიღებას. ამისთვის მთავრობა მათ რამდენიმე საშუალებას სთავაზობს: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, სადისკუსიო ფორუმებს, ბლოგებს, გვერდის ადმინისტრატორებთან პირდაპირ დაკავშირებასა და მათთვის ინიციატივების გაზიარებას.

აქვე განმარტებულია, რომ ადმინისტრაცია პერიოდულად დააკვირდება პორტალზე დაწერილ კომენტარებს და ინტერაქციაში შევა მომხმარებელთან. გვერდის ადმინისტრატორები იტოვებენ ზოგიერთი მოსაზრებების წაშლის ან კორექტირების უფლებას, თუ მისი ავტორი დაარღვევს პორტალის გამოყენების წესებს. გარდა ამისა, ელექტრონული რესურსის მუდმივი მომხმარებლისთვის განსაზღვრულია, რომ მათი ზოგიერთი შეთავაზება ან წინადადება შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური დაგეგმვის პროცესში. გვერდის ადმინისტრაცია კი უმეტეს შემთხვევაში გამოქვეყნებს კონსულტაციების შედეგებს.

განყოფილება „შენს აზრს მნიშვნელობა აქვს“

განყოფილება „შენს აზრს მნიშვნელობა აქვს“

ამავდროულად, ვებ-გვერდზე დაკონკრეტებულია თუ რა ტიპის შეთავაზებებს იღებს მთავრობა მოქალაქეებისგან. კერძოდ, კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, რომლების შესახებაც სჭირდებათ გაუმჯობესება, შეთავაზება, მოსაზრება ან ახალი იდეა. ელექტრონული კონსულტაციები ღიაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული ჯგუფისგან მიიღოს რჩევები ცალკეულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელ შემთხვევებში ვებ-გვერდის ადმინისტრაცია იყენებს შესაბამის ელექტრონულ საშუალებებს რათა დაუკავშირდეს ამ კონკრეტულ ფოკუს ჯგუფს მათი აზრის გასაგებად.

ზოგადი პოლიტიკის აღწერასთან ერთად, ვებ-გვერდზე გაწერილია ელექტრონული კონსულტაციის ძირითადი პროცედურები. იგი ექვსი ეტაპისგან შედგება:

დოკუმენტის გამოქვეყნება: სამთავრობო პორტალზე ქვეყნდება გარკვეულ საკითხზე კონსულტაცია. განაცხადი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

  • საკითხის მოკლე აღწერა;
  • მოქალაქეებზე განსახილველი საკითხის შესაძლო გავლენა;
  • ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღები პირების შესახებ;
  • კონსულტაციის განრიგი;
  • ეფექტური მონაწილეობისთვის საჭირო რესურსები.

მომხმარებლებისთვის განმარტებულია ელექტრონული რესურსის გამოყენების პირობები, შესაფერისი ენის გამოყენების წესები, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო განხილვების, კონსტრუქციული კრიტიკის და აქტიური განხილვის კულტურის დამკვიდრებას. ასევე, ახსნილია თუ რა სარგებელს მიიღებენ მოქალაქეები ელექტრონულ პლატფორმაზე აქტიურობითა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებით თითოეულ საკითხთან მიმართებაში. ბოლოს, უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრულია იმ ადამიანთა ასაკობრივი ჯგუფი, რომელთა გამოხმაურებებსა და ინიციატივებსაც ელოდება გვერდის ადმინისტრაცია.

საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება:  ელ-კონსულტაციაში ფართო საზოგადოების ჩასართავად, ხელისუფლება ტელევიზიის, რადიოს, ჟურნალების, კონფერენციების, სხვადასხვა ვებ-გვერდების, ბლოგებზე განცხადებების საშუალებით ავრცელებს გამოცხადებული კონსულტაციის შესახებ ინფორმაციას. საინფორმაციო მიმართვაში მოკლედაა აღწერილი საკითხისა და მის განხილვაში მოსახლეობის ფართო სეგმენტის ჩართულობის მნიშვნელობა, კონსულტაციის განრიგი და მოლოდინები.

უკუკავშირისა და პასუხების შეგროვება: საკითხის გასაჯაროებასთან ერთად, ელ-რესურსის ადმინისტრაცია მონიტორინგს უწევს მიღებულ წინადადებებსა და კომენტარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროულად უზრუნველყოფენ მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას.  საინტერესო ინიციატივებს კი მთავრობა განიხილავს.

წინადადებების ანალიზი: მოქალაქეების მიერ წინადადებების გაზიარების შემდეგ, ხელისუფლება განიხილავს მათ და არჩევს იმ წინადადებებს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მიღებისას. მიღებულ ინიციატივებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოქალაქეებს აუცილებლად უგზავნიან მათ მიერ მიწოდებული ინიციატივების შედეგებსა და სტატუსს.

კომუნიკაცია და გადაწყვეტილების გამოცხადება: ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებებს ავრცელებს შესაფერისი ონლაინ საშუალებებით.

დახურვა და არქივი: თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით ონლაინ-კომუნიკაციის წარმატებით დასრულების შემდეგ სადისკუსიო საკითხი იხურება და არქივირდება შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

  • საკითხის თავდაპირველი აღწერა და შეფასება;
  • სპეციალურად საკითხისთვის შექმნილი დოკუმენტაცია და საკომუნიკაციო მექანიზმები;
  • ხელისუფლების მიერ მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები;
  • სტატისტიკური მონაცემები: მონაწილეებისა და მოქალაქეების გამოხმაურებების რაოდენობა;
  • კონსულტაციის პერიოდში წამოჭრილი გამოწვევები/პრობლემები და მათ გადასაჭრელად გატარებული ღონისძიებები.

პროცედურების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს განსახილველი საკითხის აქტუალურობის, საჭიროებისა და სპეციფიკის მიხედვით.

გარდა ამისა, ხელისუფლება მოქალაქეებს ელ-კონსულტაციისთვის შემდეგ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს:

  • ელ-მთავრობის ბლოგი: აღნიშნულ პორტალზე ელ-მმართველობაზე მომუშავე სხვადასხვა თანამდებობების პირები წერენ პოსტებს მთავრობის მიერ დანერგილი სერვისებისა და გეგმების შესახებ. თანაც, თითქმის ყველა სტატიის შემდეგ, თავად ავტორი მოუწოდებს მკითხველებს საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ პოსტში წამოჭრილი საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბლოგის ავტორები მოქალაქეების მიერ დაწერილ კომენტარებს, გამოხატულ მოსაზრებებსა და კითხვებს სისტემატურად პასუხობენ. თან, შესაძლებელია ადმინისტრატორის მიერ გაცემული პასუხის შეფასება (ღილაკები: „მოწონება“/„არმოწონება“), რითაც მომხმარებელი აფიქსირებს რამდენად საკმარისი და ამომწურავი უკუკავშირი მიიღო ამა თუ იმ საჯარო პირისგან.

    მთავრობის ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი ბლოგ-პოსტი

    მთავრობის ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი ბლოგ-პოსტი

აღნიშნულ პორტალზე წამოჭრილ საკითხებს შორის აღსანიშნავია შემდეგი სადისკუსიო საკითხი: „ელ-მმართველობის ახალი სტრატეგია (2011-2014)“, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობა ამუშავებდა რამდენიმეწლიან სტრატეგიას ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს კი თავის დროზე უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ პირდაპირ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები, მიეწოდებინათ მთავრობისთვის წინადადებები და თავად ჩართულიყვნენ აღნიშნული დოკუმენტის ფორმირებაში. ამით, აშკარაა, რომ ბაჰრეინის ხელისუფლებამ ელ-მმართველობის სტრატეგია რიგითი მოქალაქეების აზრების გათვალისწინებით მიიღო. უფრო მეტიც, მომხმარებლების კომენტარების გაცნობამ აჩვენა, რომ ელ-რესურსის ადმინისტრაცია არა უბრალოდ ეცნობოდა და კითხულობდა ყველა შესულ ინიციატივას, არამედ არცერთ მათგანს არ ტოვებდა უპასუხოდ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მთავრობის ღიაობაზე და მზადყოფნაზე მოუსმინოს საკუთარ მოქალაქეებს და გაითვალისწინოს მათი შეხედულებები.

მომხმარებელთა გამოხმაურებები და ადმინისტრაციის პასუხები ელ-კონსულტაციის სტრატეგიაზე.

მომხმარებელთა გამოხმაურებები და ადმინისტრაციის პასუხები ელ-კონსულტაციის სტრატეგიაზე.

  • მომხმარებელთა კმაყოფილების ონლაინ გამოკითხვა: ვებ-გვერდზე განთავსებულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საშუალება. გამოკითხვები ძირითადად ეხება მთავრობის მიერ სხვადასხვა დროს დანერგილ აპლიკაციებსა და სერვისებს. ამ გზით, ხელისუფლება იგებს რამდენად კმაყოფილნი არიან მოქალაქეები მათ მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებით. ამავე დროს, ამოწმებენ დანერგილი სერვისების ხარისხსა და ეფექტურობას.
გამოკითხვა

მომხმარებელთა აზრის გამოკითხვა

საგულისხმოა, რომ მიმდინარე გამოკითხვასთან ერთად, შესაძლებელია წარსულში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების ნახვა.

  • ელ-მთავრობის პორტალზე მთავრობასთან დასაკავშირებელი ფორმა: მოქალაქეებს შეუძლიათ საკონტაქტო ფორმის შევსებით დაუკავშირდნენ გვერდის ადმინისტრაციასა და მთავრობას. რაც ყველაზე საგულისხმოა, მისი შევსებისას ისინი აკონკრეტებენ რა ტიპის გზავნილს აწვდიან მთავრობას: კომენტარი, საჩივარი, შეკითხვა თუ შეთავაზება. ასევე, მოქალაქეები უთითებენ სერვისს, რასთან დაკავშირებითაც აგზავნიან საკუთარ მოსაზრებასა თუ კითხვას. ამგვარი კატეგორიზაცია საბოლოო ჯამში სასარგებლოა ორივე მხარისთვის. პირველ რიგში, საჯარო დაწესებულებას უადვილდება მიღებული წერილების დახარისხება და მთავრობის ადრესატი დეპარტამენტისთვის მიწოდება. ეს თავისთავად აისახება მოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფის ხარისხსა და სისწრაფეზე. მომხმარებელსაც, ამგვარი ფორმატის მეშვეობით უადვილდება საკუთარი კომენტარისა თუ კითხვის ჩამოყალიბება.
მთავრობასთან დაკავშირების ფორმა ვებ-გვერდზე

მთავრობასთან დაკავშირების ფორმა ვებ-გვერდზე

ამასთან ერთად, ვებ-გვერდზე დაზუსტებულია დღეების რაოდენობა, რაც ესაჭიროებათ მთავრობის წარმომადგენლებს მოქალაქეების მიერ გაგზავნილ შეტყობინებებსა და მოთხოვნილ მომსახურებაზე რეაგირებისა და მათთვის სრულყოფილი პასუხის გაცემისთვის.

  • ონლაინ ჩეთი (Online chat) – საკმაოდ მნიშვნელოვანია ონლაინ ჩეთის სერვისის არსებობა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეს შეუძლია ონლაინ კონსულტაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ რესურსზე მითითებულია/დაკონკრეტებულია საკონსულტაციო დღეები და საათები.
  • გამოწერა – მომხმარებლებს შეუძლიათ გვერდზე მიუთითონ საკუთარი ელ-ფოსტა, რის შემდეგაც ისინი მუდმივად მიიღებენ ვებ-გვერდზე განახლებულ ცნობებს და მათი საკონტაქტო ინფორმაცია დაემატება ადმინისტრაციის საკონტაქტო ინფორმაციის ნუსხას.
  • მობილურ პორტალი (Mobile Portal): ბაჰრეინში მთავრობა აქტიურად იყენებს მობილურ აპლიკაციებს. კერძოდ, მოქალაქეებს 55 სერვისით სარგებლობა საკუთარი მობილური ტელეფონის შეუძლიათ. აღნიშნული ტიპის მომსახურებაში შედის ამინდის პროგნოზი, თვითმფრინავის მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, სკოლის გამოცდების შედეგები, სხვადასხვა კომუნალური გადასახადები, საფოსტო ამანათების შესახებ ცნობები, საჯარო დაწესებულებებში შეტანილი საჩივრების რეგისტრაცია და ა.შ.
მობილურ პორტალი

მობილურ პორტალი

თითოეული აპლიკაციის გამოყენების შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური სახელმძღვანელო. ამ მასალაში სერვისების გამოყენების წესები მხოლოდ ნარატიული ტექსტით არაა მოცემული და დართულია ვიზუალური მასალებიც. ეს კიდევ უფრო ამარტივებს მათ აღქმასა და გაგებას. დეტალური ინფორმაციის გარდა, შექმნილია ვიდეო, რომელიც მოქალაქეებისთვის მარტივად აღსაქმელ და ვიზუალურ ფორმატში წარმოაჩენს დანერგილი აპლიკაციების გამოყენების მნიშვნელობას. როგორც ჩანს, თავად მთავრობა უწყობს ხელს ინტეგრირებული და დანერგილი მომსახურებების გავრცელებას, პოპულარობასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

  • ელ-მთავრობის მობილურ პორტალზე (Mobile Portal) არსებული უკუკავშირის ფორმა: აღნიშნულ განყოფილებაში ჩამოთვლილია მთავრობის მიერ დანერგილი სერვისები და პორტალზე დარეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს თითოეული მათგანი. ამით მთავრობა ეცნობა თუ რამდენად კმაყოფილნი არიან მოქალაქეები მათ მიერ განვითარებული ინოვაციებით და რა პრობლემები ან ხარვეზები აღმოჩნდა მათი რეალიზაციის შემდეგ. ეს მიანიშნებს მთავრობის სურვილზე მუდმივად გააკონტროლოს და გააუმჯობესოს საკუთარი სერვისების ეფექტური ფუნქციონირება.

ბაჰრეინში ელ-კომუნიკაციის კუთხით განხორციელებული ინოვაციების გაცნობამ აჩვენა, რომ მთავრობის მთავარი მიზანია მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის მომსახურება მარტივად და სწრაფად მიაწოდოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება აღნიშნული სერვისების შესახებ საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება ღიად დააფიქსირონ. უფრო მეტიც, მთავრობამ მათთან კომუნიკაციის სტრატეგია სწორედ ბაჰრეინის მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინიციატივების მიხედვით შეიმუშავა. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო ზრდის პროექტით დასახული მიზნების მიღწევის შანს და ხაზს უსვამს მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას.

დასასრულს, საქართველოსთვის აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც. ბაჰრეინის ელექტრონულ პორტალზე მოქალაქეებს ადმინისტრატორები მუდმივად პასუხობენ მოქალაქეების კომენტარებს. აქედან აშკარაა, რომ უკუკავშირის უზრუნველყოფა აუცილებელია თუ მთავრობას სურს მოქალაქეებთან დამყარებული კომუნიკაცია ორმხრივი, ინტენსიური და ეფექტური იყოს. უფრო მეტიც, მთავრობის წარმომადგენლების ღიაობა მომხმარებელთა კომენტარებისა თუ შენიშვნებისადმი დადებითად აისახება მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობის ხარისხზე. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ ელ-რესურსების მომხმარებლებს ამ შემთხვევაში გარანტიები აქვთ მიღებული ხელისუფლებისგან, რომ მათ  ინიციატივებს განიხილავენ, რის შემდეგაც მთავრობა მათ მიღებულ გადაწყვეტილებებს აცნობებს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ბაჰრეინის ელექტრონული პლატფორმა

  1. rati says:

    ბაჰრეინი არის „ინტერნეტის მტერი“ ქვეყნების რიცხვში.

    • მცირეოდენ შესწორებას შევიტანდი: არა „ინტერნეტ მტრების“ რიცხვში, არამედ „მეთვალყურეობის ქვეშ“ (“under surveillance”) მყოფ ქვეყნებში. თანაც ინტერნეტ ცენზურა ბოლო ორი წელია რაც უფრო გააქტიურდა და არაბულ გაზაფხულს დაემთხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას გამართლება აქვს. ამ სტატიით გვინდოდა გვეჩვენებინა იქ რა სერვისებია დანერგილი მოქალაქეების ჩართულობის კუთხით, რადგან ერთ-ერთი მოწინავეა ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციების დანერგვის კუთხით. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა კარგი პრაქტიკის გამოყენება და გაცნობაა.
      ასევე, ბაჰრეინთან ერთად გეტყვით რომ ამ სიაში საფრანგეთი, ავსტრალია და სამხრეთ კორეაცაა შეყვანილი.
      ასე რომ, მათი ელექტრონული სერვისების მიმოხილვა ავტომატურად არ გულისხმობს რომ ამ მხრივ პრობლემები არ არის ამ ქვეყანაში. უბრალოდ ამ სტატიის მიზანი კარგი მაგალითის ჩვენება იყო.

      • rati says:

        ძველი მონაცემით, ბაჰრეინი იყო „მეთვალყურეობის ქვეშ“ (“under surveillance”) მყოფ ქვეყნების რეგში, ბოლო 2012 წლის მონაცემით, ბაჰრეინი “საინტერესოა” როგორც “ინტერნეტის მტერი ქვეყანა”.

  2. როგორც გითხარით ამ სტატიის მიზანი იყო დანერგილი სერვისების მიმოხილვა და პრეტენზია არ აქვს მთლიანად ქვეყნის ინტერნეტ პოლიტიკაზე. როგორც წესი, ინტერნეტიზაციას თან სდევს ხოლმე ცენზურის პრობლემა, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე.
    ამ სტატიების მიზანი უბრალოდ ამგვარი პლატფორმების მიმოხილვა, სტრუქტურა და შინაარსის გაცნობაა, რათა მომავალში მთავრობას მიეწოდოს რეკომენდაციები ჩვენთან ანალოგიური პლატფორმების შესაქმნელად.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s