ელექტრონული ჩართულობა საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე

bannerdabla-copy2

2011 წელს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ რომლის ფარგლებშიც აიღო ვალდებულება განევითარებინა შემდეგი მიმართულებები:

  1. მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;
  2. სამოქალაქო ჩართულობა;
  3. მთავრობის გამჭვირვალე საქმიანობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვა;
  4. ღიაობის და ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა. (იხ. ბმული)

ამ ღია დეკლარაციის ხელმოწერიდან წელიწადნახევარი გავიდა. ამასობაში საქართველომ გაეროს მიერ ელ-მმართველობის განვითარების შესაფასებლად შედგენილ რეიტინგში 2010 წლის მაჩვენებელი (მე-100 ადგილი) გააუმჯობესა და 2012  წლისთვის 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა. თუმცა, სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდების მონიტორინგის მიხედვით, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2012 წლის ნოემბრიდან აწარმოებს, სერიოზული პრობლემები არსებობს მათ ოფიციალურ ელექტრონულ რესურსებზე საკომუნიკაციო მექანიზმების დანერგვასთან და უკვე დანერგილი აპლიკაციების ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. IDFI ვებ-გვერდებზე განთავსებულ სერვისებს  სამი კომპონენტის მიხედვით აფასებს: ელ-კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია და ელ-გადაწყვეტილება.

წინა ბლოგ-პოსტში ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე აღმოჩენილი ხარვეზები და არსებული ინოვაციები. ამჯერად ვისაუბრებთ საქართველოს მთავრობის განახლებულ გვერდზე, რომელიც ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში რეკონსტრუქციის ქვეშ იყო. იგი დაახლოებით ერთი თვის წინ განახლდა და შესაძლოა ამიტომაც, გვერდი ელ-ჩართულობის სამი მთავარი კომპონენტიდან არცერთს სრულფასოვნად არ აკმაყოფილებს.

მონიტორინგმა ვებ-გვერდზე, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, შემდეგი ნეგატიური ტენდენციები აღმოაჩინა: სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე განყოფილებაში „კონტაქტი“ განთავსებულია მხოლოდ მისამართი და ტელეფონის ნომერი. არ არის მითითებული უწყებასთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებები – ცხელი ხაზი, ელ-ფოსტა ან ფაქსი.

ელ-კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოქალაქეების ყოველწლიური, კვარტალური თუ ყოველთვიური ანგარიშებით და სხვა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობის გვერდზე მხოლოდ 2008-10 წლების ანგარიშები არის ხელმისაწვდომი. ფაქტობრივად, ეს კომპონენტი ნაწილობრივ არის ათვისებული.

რაც შეეხება ისეთ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური გადაწყვეტილებებს მიღების პროცესში ჩართვას უზრუნველყოფს (მაგალითად, ფორუმი, პეტიციები), ჯერჯერობით განთავსებული არ არის.

ვებ-გვერდზე ვერ ვხვდებით მთავრობასთან დაკავშირების ონლაინ აპლიკაციას. მაშინ როცა ზოგიერთ უწყებას საკუთარ ელ-რესურსზე შეტყობინების გაგზავნის ფუნქციასთან ერთად, ონლაინ ოპერატორთან დაკავშირების სერვისიც აქვს ინტეგრირებული.

ერთ-ერთ დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს გვერდის სულ მცირე ერთ უცხო ენაზე ხელმისაწვდომობა, ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან და ამავე ქსელებზე სიახლის გაზიარების ფუნქცია. თუმცა ამ კუთხითაც რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. უწყებას არ გააჩნია twitter-ის ანგარიში. რაც შეეხება სხვა სოციალურ ქსელებს, ვებ-გვერდზე მიბმულია არა საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook ან YouTube არხი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდები.ბიძინა მომავალში ეს უარყოფითად აისახება მთავრობის Facebook გვერდისა და ამ ქსელში უწყების მიერ დანერგილი აპლიკაციების მდგრადობაზე. მართლაც, იმის გამო რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მთავრობის ინიციატივა „ღია პეტიციები“ განთავსებული იყო თავდაპირველად ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის და მოგვიანებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის Facebook გვერდებზე. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ასეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი დაიკარგა, რადგან ის არა უწყების, არამედ კონკრეტული ხელმძღვანელი პირების გვერდებზე იყო ინტეგრირებული. მსგავსი არაეფექტური პოლიტიკის ასაცილებლად საჭიროა მთავრობის ელ-რესურსზე მიბმული იყოს შესაბამისი უწყების დასახელების (ამ შემთხვევაში „საქართველოს მთავრობა“) Facebook გვერდი.

მთავრობის ვებ-გვერდის დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასზე მოქალაქეები მხოლოდ უწყების შესახებ სიახლეებს და მისი საქმიანობის შესახებ მოკლე ცნობებს შეიტყობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ელექტრონულ რესურსზე ვერ ვხვდებით RSS ან ელ. ფოსტაზე სიახლეების გამოწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდის და ზოგადად საჯარო სამსახურის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად და „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ სამოქმედო გეგმის დასახვეწად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მთავრობას მიაწოდა სარეკომენდაციო პაკეტი. შეთავაზებულ წინადადებებს შორის ინსტიტუტი ხელისუფლებას მოუწოდებს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ იქნას მთავრობის სხდომის ოქმების სტენოგრამული ჩანაწერების, დადგენილებების და განკარგულებების ტექსტები მათი დამტკიცებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა.

 დღეისათვის, საინფორმაციო ტიპის ცნობების განთავსების მიუხედავად, მთავრობის ვებ-გვერდი მომხმარებლებს ნაკლებად სთავაზობს ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებებს, მათ არ აქვს კომენტარების დატოვებისა და ინიციატივების მიწოდების საშუალება. ამიტომაც საჭიროა მოქალაქეების ჩართულობაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s