ონლაინ პეტიციები დიდ ბრიტანეთში

ავტორი: თეონა ტურაშვილი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე სპეციალური განყოფილებაა („მთავრობა და დემოკრატია“) დათმობილი პეტიციებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ პეტიციების შესაქმნელად ან რომელიმე მათგანზე ხელის მოსაწერად აუცილებელია ბრიტანეთის მოქალაქეობა ან დიდ ბრიტანეთში ცხოვრება.

ონლაინ პეტიციების საძიებო სისტემა

ონლაინ პეტიციების საძიებო სისტემა

მომხმარებელს საკუთარი პეტიციის ინიცირებამდე შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვა პეტიციებს. ამისთვის, ვებ-გვერდზე ინტეგრირებულია ელექტრონული პეტიციების საძიებო სისტემა. საგულისხმოა, რომ ონლაინ ინიციატივების მთლიანი ბაზის გარდა, მომხმარებლისთვის ნავიგაციის გასამარტივებლად, შესული პეტიციები დალაგებულია ადრესატი სამთავრობო დაწესებულებების მიხედვით.

ამასთან ერთად, ელექტრონულ პორტალზე შესული ინიციატივები სამ კატეგორიად არის დაჯგუფებული:

  • ღია – ინიციატივები რომელთა ხელმოწერის შეგროვება ჯერ კიდევ არ დასრულებულა;
  • დახურული – პეტიციები, რომელთა მხარდამჭერთა შეგროვების ვადა ამოიწურა;
  • უარყოფილი – ინიციატივები, რომლებიც მთავრობამ უარყო ცალკეული წესების დარღვევის გამო.

    კატეგორიებად დაჯგუფებული ონლაინ პეტიციები

    კატეგორიებად დაჯგუფებული ონლაინ პეტიციები

გარდა ამისა, მითითებულია სამივე კატეგორიის პეტიციების რაოდენობა. თითოეული პეტიციის აღწერასთან ერთად, ვებ-გვერდზე მოცემულია ამ დროისთვის შეგროვებული ხელმოწერების ოდენობა, ინიციატორის სახელი და გვარი, პეტიციის მხარდამჭერთა მოპოვების საბოლოო ვადა, ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებში (Twitter, Linkedin, Facebook) ინიციატივის გავრცელების საშუალებები.

ასევე, იმ პეტიციების შემთხვევაში, რომლებმაც ვადაზე ადრე მოახერხეს 100 000 ხელმოწერის შეგროვება, მითითებულია, რომ იგი განსახილველად გადაეცემა თემთა პალატის შესაბამის კომიტეტს და კანონმდებლებმა შესაძლოა აღნიშნული ინიციატივა კომიტეტის ყოველკვირეულ შეხვედრაზე განიხილონ. უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ პროცედურების აღწერას, რომელთა გავლაც შეიძლება მოუწიოს 100 000 მხარდამჭერის მქონე პეტიციას საპარლამენტო კომიტეტის (Backbench Business Committee) განხილვამდე.

ელექტრონული პეტიციების კომიტეტში საკითხების განხილვის სტრუქტურა

ელექტრონული პეტიციების კომიტეტში საკითხების განხილვის სტრუქტურა

პირველი ეტაპი: მას შემდეგ რაც ინიციატივა საჭირო საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოიპოვებს პალატის ლიდერი (Leader of the House) ამცნობს საპარლამენტო კომიტეტს მის შესახებ. თუმცა, ეს ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ პეტიციის საკითხს თემთა პალატა განიხილავს. უბრალოდ მის გარშემო შესაძლოა დისკუსია წამოიჭრას კომიტეტის შიგნით.

მეორე ეტაპი: შემდეგ პეტიციას წარადგენენ კომიტეტის წინაშე ყოველკვირეულ შეხვედრაზე და კანონმდებლები წყვეტენ საკითხის აქტუალობას. იმ შემთხვევაში თუ არცერთი პარლამენტარი არ დაინტერესდა პეტიციის მიერ წამოჭრილი პრობლემით, საკითხის შემდეგი განხილვა შეფერხდება. საპირისპიროდ, კომიტეტის შეხვედრაზე კანონმდებლების გამოცხადების შემთხვევაში ისინი გადაწყვეტენ პეტიციის ბედს – გაიტანენ თუ არა საკომიტეტო მოსმენაზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრები პირდაპირ ეთერში გადაიცემა პარლამენტის არხზე.

მესამე ეტაპი: მესამე ეტაპზე კომიტეტის წევრები წყვეტენ გამართონ თუ არა ელექტრონული ინიციატივის შესახებ დისკუსია. ამ დროს ისინი შემდეგი კრიტერიუმებით აფასებენ პეტიციებს:

  • საკითხიდან გამომდინარე, რატომ არის დებატების გამართვა მნიშვნელოვანი;
  • სავარაუდოდ პარლამენტის რამდენი წევრი გამოთქვამს დებატებში მონაწილეობის მიღების სურვილს;
  • დებატები მანამდე იყო თუ არა გამართული ან თუ იგეგმება მისი გამართვა სხვა გზების საშუალებით.

მეოთხე ეტაპი: საკითხის განხილვასთან დაკავშრებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომიტეტი საკუთარი განრიგიდან გამომდინარე, ნიშნავს დებატების დროს და აქვეყნებს თარიღსა და სხვა დეტალებს ვებ-გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ კომიტეტის წევრებმა დებატების დანიშვნა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს, პეტიციის სტატუსის განხილვა შემდეგ შეხვედრებზე მაინც არის შესაძლებელი – ინიციატივა არ იკარგება და მომავალში სხვა კანონმდებლების დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა კიდევ რამდენჯერმე მოხვდეს კომიტეტის დღის წესრიგში. გარდა ამ შემაფერხებელი ფაქტორისა, შესაძლოა კომიტეტის გადატვირთული გრაფიკის გამოც ვერ მოხერხდეს დებატების თარიღზე შეთანხმება.

მეხუთე ეტაპი: კომიტეტის წევრები ნიშნავენ დებატების თარიღს რაც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. კანონმდებლები განიხილავენ პეტიციის საკითხს.

პეტიციის განხილვის შედეგების აღწერა

პეტიციის განხილვის შედეგების აღწერა

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო განხილვის შედეგები ხელმისაწვდომია საჯაროდ. კერძოდ, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია საზოგადოებას აცნობს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა ინიციატივის განხილვა, როდის განიხილეს კანონმდებლებმა და რა პოზიციები გააჩნიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში განთავსებულია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვებ-გვერდზე არსებული კომიტეტების იმ შეხვედრების სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელზეც სწორედ კონკრეტული პეტიციით წამოჭრილი პრობლემა იქნა განხილული. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო გამჭვირვალეს და მოსახლეობის ჩართულობაზე ორიენტირებულს ხდის ხელისუფლების პოლიტიკას. წარმატებული პეტიციის შემთხვევაში გვერდის ადმინისტრაცია ხელმისაწვდომს ხდის კანონმდებელთა გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია აგრეთვე ის თუ კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარება იგეგმება მოქალაქეთა მიერ წამოჭრილ საკითხთან მიმართებაში.

რაც შეეხება პეტიციაზე ხელის მოწერისთვის საჭირო პროცედურებს, ნებისმიერი ინიციატივის მხარდასაჭერად, თითოეულ მოქალაქეს შეჰყავს შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი და ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა თუ მისი მუდმივი მაცხოვრებელი.

პეტიციის დასარეგისტრირებელად კი მომხმარებელმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს:

  1. იდენტური პეტიციების მოძებნა/გადამოწმება: მოქალაქის მიერ პეტიციის შექმნამდე, საძიებო სისტემაში საკუთარი იდეის სახელის მითითებით, უნდა გადაამოწმოს მსგავსი ინიციატივის არსებობა. იდენტური პეტიციის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დამატებითი პეტიციის შექმნის ნაცვლად, უბრალოდ ხელი მოაწეროს და შეუერთდეს მანამდე განთავსებულ იდეას. სხვა შემთხვევაში, იგი აგრძელებს საკუთარი წინადადების დარეგისტრირებას;2. პეტიციის დარეგისტრირების დაწყება – ძირითადი დეტალები: ამ ეტაპზე მომხმარებელს უწევს ელექტრონული პეტიციის შესახებ შემდეგი მონაცემების შეყვანა: სათაური, სამინისტრო/დეპარტამენტი, რომელსაც უგზავნის პეტიციას (მოქალაქისთვის უზრუნველყოფილია მათი ჩამონათვალი), აღწერა (მაქსიმუმ 1000 სიტყვა), ხელმოწერების შეგროვების ვადა. საგულისხმოა, რომ დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, მოქალაქე თავად წყვეტს რამდენ ხანში მოიპოვებს საჭირო მხარდაჭერას (3, 6, 9 ან 12 თვე). ამასთან ერთად, თითოეული ველის შესავსებად, მოცემულია შესაბამისი რჩევები, რითაც მოქალაქეს უადვილდება საკუთარი იდეის ფორმულირება. მაგალითად, პეტიციის აღწერისთვის განკუთვნილი ადგილის გასწვრივ, ვებ-გვერდის ადმინისტრატორი მომხმარებელს ურჩევს, რომ რაც შეიძლება მოკლედ, მკაფიოდ დაახასიათოს საკუთარი ინიციატივა და აუცილებლად ჩამოაყალიბოს პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებისგან რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

    პეტიციების დარეგისტრირების მეორე ეტაპი

    პეტიციების დარეგისტრირების მეორე ეტაპი

3. საკუთარი მონაცემები: შემდეგ ეტაპზე მომხმარებელი უთითებს საკუთარ მონაცემებს. კერძოდ, სახელს, ელექტრონულ ფოსტას, მისამართს (ქვეყანა, ქალაქი, საფოსტო კოდი) და ამოწმებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა თუ მისი მუდმივი მაცხოვრებელი.

4. პეტიციის გაგზავნა: ბოლო ეტაპზე პეტიციის ინიციატორი კიდევ ერთხელ ამოწმებს აღწერას, ეცნობა და ადასტურებს წინაპირობებს. აღნიშნულ  წესებში უფრო დაწვრილებითაა აღწერილი შევსებისა და შემდგომში ხელისუფლების მიერ მათი განხილვის პროცედურები. დაკონკრეტებულია ის მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ხელისუფლებამ პეტიცია განსახილველად არ მიიღოს. ბრიტანეთის პრაქტიკა იმითაცაა საინტერესო, რომ ცალკეული პეტიციების განუხილველობის შემთხვევაში, ისინი მაინც ქვეყნდება ამისთვის სპეციალურად შექმნილ განყოფილებაში „უარყოფილი“. ვებ-გვერდზე ახსნილია თუ რა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა პეტიციის აღწერამ ან ზოგადად იდეამ. აღნიშნული მიდგომა საჯაროსა და გამჭვირვალეს ხდის პეტიციების მიღებისა და გამოქვეყნების პროცესს.

უკუკავშირის ფორმა

უკუკავშირის ფორმა

ვებ-რესურსის ფუნქციების ეფექტურად მუშაობისა და მოქალაქეებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ინტეგრირებულია უკუკავშირის ფორმა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონული რესურსის ადმინისტრატორს ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შეკითხვებისა გაგზავნა და კომენტარების დატოვება დაშვებულია ცალკეულ პეტიციასთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაში მოქალაქემ აუცილებლად უნდა მიუთითოს ამ იდეის სათაური ან ბმული. საგულისხმოა, რომ თუ კითხვის ავტორს პასუხის მიღება სურს, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ხელისუფლების უკუკავშირს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს.

ზემოთ აღწერილი პროცედურების უკეთ გასაგებად, ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე მოცემულია გრაფიკული სახელმძღვანელო, რომლის მეშვეობითაც უფრო მარტივად აღსაქმელ ფორმატში ახსნილია ვებ-გვერდის გამოყენების წესები და ზოგადად პეტიციების მომსახურებით სარგებლობა. ვიზუალურად და თანმიმდევრობითაა ნაჩვენები შემდეგი პროცედურები:

  1. ახალი პეტიციის შექმნამდე არსებული იდეების მოძებნა;
  2. საკუთარი პეტიციის შექმნა;
  3. პეტიციის გადამოწმება;
  4. პეტიციის გამოქვეყნება (მაქსიმუმ ერთი წლით);
  5. პეტიციის ხელმოწერა;
  6. პეტიციის მიერ ზღვრული 100 000 ხელმოწერის შეგროვება, რის შემდგომაც საკითხი შესაძლოა თემთა პალატაში განიხილონ.
ვებ-გვერდის გამოყენების გრაფიკული აღწერა

ვებ-გვერდის გამოყენების გრაფიკული აღწერა

ვიზუალურ მასალას თან ახლავს თითოეული ეტაპის ტექსტობრივი განმარტება და რჩევები, რათა მომხმარებელმა უფრო ეფექტურად გამოიყენოს დანერგილი სერვისი.

დიდი ბრიტანეთის ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ანალიზმა აჩვენა, რომ სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მოქალაქეებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა და ინიციატივების განხილვის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება. ვებ-გვერდზე ასევე დეტალურადაა აღწერილი პეტიციების განხილვის პროცედურები. შეიძლება აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერით ხელისუფლება ადასტურებს საკუთარ მზაობას მოისმინოს და განიხილოს მოსახლეობისა თუ დაინტერესებული ჯგუფების მიერ წამოჭრილი პრობლემები.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s