ონლაინ პეტიციები აშშ-ში

ავტორი: თეონა ტურაშვილი

საქართველოში ონლაინ პეტიციების პლატფორმები ეტაპობრივად მკვიდრდება. პირველად თბილისის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა მოსახლეობის მხრიდან პეტიციების მიღებაზე, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი „ჩემი იდეა თბილისის მერს“. ცნობილია, რომ “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” ინიციატივის ფარგლებში ხელისუფლება გეგმავს ერთიანი სამთავრობო პლატფორმის შექმნას – ichange.ge, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი პეტიციების აპლიკაციის ინტეგრაცია იქნება. შესაბამისად, საგულისხმოა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებაც. ამ მხრივ საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არსებული პეტიციების განყოფილების – „ჩვენ ხალხი“ (“We the people”) – სახით.

აშშ-ის ონლაინ პეტიციების პლატფორმა

აშშ-ის ონლაინ პეტიციების პლატფორმა

თეთრი სახლის ელექტრონულ პლატფორმაზე რამდენიმე საინტერესო ფუნქცია და სერვისი არის დანერგილი:

1.    პეტიციის დარეგისტრირება – პეტიციის დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ანგარიშის შექმნა კი მარტივია: საკმარისია მხოლოდ ელექტრონული მისამართის, სახელისა და გვარის მითითება. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია დაიწყოს პეტიციის ჩამოყალიბება. რისთვისაც რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.

  • პეტიციის შესახებ ძირითადი ინფორმაცია: პირველ რიგში მომხმარებელი უთითებს იდეის სახელწოდებას და ჩამოთვლილი საკითხებიდან ნიშნავს იმ სამ კატეგორიას/საკითხს, რომელიც ყველაზე მეტად შინაარსობრივად შეეფერება იდეას. ამით, ხდება შესული პეტიციების კატეგორიზაცია. რაც ამარტივებს ნავიგაციას არამარტო ვებ-გვერდის ადმინისტრაციისთვის, არამედ თავად მომხმარებლებისათვის;

    ონლაინ პეტიციის დარეგისტრირების მეორე ეტაპი

    ონლაინ პეტიციის დარეგისტრირების მეორე ეტაპი

  • იდენტური შინაარსის პეტიციის არსებობის მოძიება: მომხმარებლის მიერ იდეის შესახებ ძირითადი მონაცემების შეყვანის შემდგომ, ვებ-გვერდი თავად ამოწმებს უკვე არსებობს თუ არა მსგავსი პეტიცია ელექტრონულ რესურსზე. იდენტური პეტიციის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დამატებითი პეტიციის შექმნის ნაცვლად, უბრალოდ ხელი მოაწეროს და შეუერთდეს არსებულ ინიციატივას. სხვა შემთხვევაში მოქალაქე აგრძელებს საკუთარი წინადადების დარეგისტრირებას;
  • პეტიციის აღწერა: შემდეგ ეტაპზე პეტიციის ავტორი წერს საკუთარი ინიციატივის აღწერას. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პეტიციის აღწერის ეფექტურობისთვის მომხმარებელს რამდენიმე რჩევას სთავაზობს: პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დამატებითი ინფორმაციის, მათ შორის, ამ საკითხის გარშემო ჩატარებული კვლევის შედეგების დამოწმება. ასევე, სასურველია მთლიანი ტექსტი არ აღემატებოდეს 800 სიტყვას. საგულისხმოა, რომ პეტიციების ინიცირება ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში პეტიციის ავტორმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს აღწერაში, რომ იგი კონკრეტული ორგანიზაციის სახელით აქვეყნებს იდეას.

ინიციატივის აღწერასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია იდეას დაურთოს საკვანძო სიტყვებიც, რაც ამარტივებს პეტიციის მოძიებას. გვერდის ადმინისტრატორების განმარტებით, სასურველია მომხმარებლებმა არ დაურთონ აღწერითი წინადადებები და მხოლოდ იდეასთან პირდაპირ კავშირში მყოფი  ცალკეული სიტყვებით შემოიფარგლონ. მაგალითად, თუ პეტიცია ენერგეტიკულ პოლიტიკას ეხება, საკვანძო სიტყვებად შეიძლება დაურთონ „ნავთობი“, „მზის ენერგია“ და ა.შ.

ონლაინ პეტიციის გამოქვეყნება

ონლაინ პეტიციის გამოქვეყნება

  • პეტიციის გამოქვეყნება: მომხმარებლის მიერ პეტიციის შესახებ დეტალური ინფორმაციის დამოწმების შემდეგ, იგი გადადის საბოლოო ეტაპზე. ამ შემთხვევაში ავტორს კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება გადახედოს მონაცემებს, შეიტანოს საბოლოო კორექტივები. ასევე, ვებ-გვერდი მოქალაქეს უჩვენებს რამდენი ხელმოწერა სჭირდება მის პეტიციას და რა დრომდე უნდა მოახერხოს მხარდაჭერის მოპოვება.

პეტიციას ინიცირების შემდეგ, ავტორი საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს წერილს, სადაც მითითებულია ვებ-გვერდზე ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების  წინაპირობა. კერძოდ, იმისთვის რომ ინიციატივა საბოლოოდ, ყველასთვის ღიად გამოქვეყნდეს ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე, მომხმარებელმა 30 დღეში უნდა შეაგროვოს 150 ხელმოწერა. მხარდამჭერების მოსაპოვებლად მას შეუძლია სხვადასხვა სოციალური ქსელების დამხმარებით, გაავრცელოს პეტიციის ბმული.  საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პეტიცია ავტომატურად ქვეყნდება ვებ-გვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. თითოეულ ინიციატივას 30 დღეში 100 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი იმისათვის, რომ აშშ-ის მთავრობამ დაიწყოს ინიციატივის განხილვა.

2.    საინფორმაციო ვიდეო – ვებ-გვერდზე განთავსებულია საინფორმაციო ვიდეო. სადაც ვიზუალურადაა ნაჩვენები ელექტრონულ რესურსზე ანგარიშის შექმნის, სასურველ საკითხზე პეტიციის დარეგისტრირებისა და ინიციატივაზე ხელის მოწერის პროცედურები. მართალია, ვებ-გვერდზე განთავსებულია მისი სერვისების გამოყენების ინსტრუქციის ტექსტიც, თუმცა მსგავსი ვიდეოები კიდევ უფრო მარტივად აწვდის ინფორმაციას მოქალაქეებს.

ონლაინ-პეტიციების საძიებო სისტემა საკითხების მიხედვით

ონლაინ-პეტიციების საძიებო სისტემა საკითხების მიხედვით

3.    პეტიციაზე ხელის მოწერა – საკუთარი იდეის ინიცირებასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია უკვე არსებულ პეტიციაზე ხელის მოწერა და ამით გარკვეული ინიციატივების მხარდაჭერა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდზე ინტეგრირებულია პეტიციების საძიებო სისტემა – დაინტერესებულ პირს შეუძლია ცალკეული ტერმინების მითითებით მონახოს მისთვის საინტერესო საკითხზე შექმნილი ინიციატივა. იდეები ელექტრონული რესურსის ადმინისტრატორის მიერ დალაგებულია საკითხების მიხედვით და ფილტრის დახმარებით შესაძლებელია მათი მოძიება.

ობამას ადმინისტრაციის პასუხები პეტიციებზე

ობამას ადმინისტრაციის პასუხები პეტიციებზე

4.    პასუხები პეტიციაზე –   მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს უკუკავშირი იმ პეტიციებზე, რომლებმაც საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს და დააგროვეს მითითებული რაოდენობის ხელმოწერა. ამ მხრივ, საინტერესოა ობამას ადმინისტრაციის მოქმედება. ელექტრონული რესურსის პირველივე გვერდზე ცალკე განყოფილებაა სახელწოდებით „პასუხები“, სადაც განთავსებულია მთავრობის გამოხმაურებები გასულ პეტიციებზე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ისინი ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია.

ადმინისტრაციის პასუხების გაცნობამ აჩვენა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კონკრეტულ საკითხზე მომუშავე თანამდებობის პირი ეხმაურება პეტიციის ავტორსა და მის მხარდამჭერებს.

რაც შეეხება თავად პასუხის ფორმას, ზოგიერთ შემთხვევაში გამოხმაურების ავტორი კიდევ ერთხელ განმარტავს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას, რისთვისაც იშველიებს როგორც პრეზიდენტის, ასევე, მთავრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს, მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებს. სხვა შემთხვევებში, პასუხში მოცემულია ცალკეული პრობლემის გადასაჭრელად რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს მთავრობა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ობამას ადმინისტრაციის პასუხი - ახსნილია ონლაინ-პეტიციის მიერ წამოჭრილი პრობლემის გარშემო მთავრობის გეგმება

ობამას ადმინისტრაციის პასუხი – ახსნილია ონლაინ-პეტიციის მიერ წამოჭრილი პრობლემის გარშემო მთავრობის გეგმება

საგულისხმოა კიდევ ერთი ინოვაცია: თითქმის ყველა პასუხს თან ახლავს კითხვარი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი აფასებს, რამდენად ამომწურავი პასუხი მიიღო მთავრობისგან, გაიგო თუ არა პეტიციის საკითხის გარშემო დამატებითი ინფორმაცია. ცალკეული პეტიციის და მასზე გამოხმაურების შეფასების შემდეგ, მოქალაქეს შეუძლია ამავე კითხვარით შეაფასოს თავად ვებ-გვერდის ეფექტური ფუნქციონირება და საკუთარი მოსაზრებები გაუგზავნოს მთავრობას პორტალთან დაკავშირებით.

სპეციალური გამოკითხვა მთავრობის პასუხის შესაფასებლად

სპეციალური გამოკითხვა მთავრობის პასუხის შესაფასებლად

5.დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ: ვებ-გვერდზე შექმნილია ცალკე განყოფილება „როგორ და რატომ“, სადაც მოცემულია პეტიციების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია. პირველ რიგში აღწერილია თავად ინიციატივის მნიშვნელობა და ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა. შესავალთან ერთად, განთავსებულია პეტიციების დარეგისტრირების ყველა ეტაპის ნარატიული აღწერა, ხელმოწერების შესაგროვებლად არსებული პროცედურები და მთავრობის გამოხმაურებასთან დაკავშირებული ძირითადი დეტალები.

ამასთან ერთად, მოცემულია „ხშირად დასმული კითხვების“ ქვე-განყოფილება, სადაც განმარტებულია რეგისტრაციასთან, პეტიციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაზღვრულია აღნიშნული ელ-რესურსის მიზანი, მასში მონაწილეობის მნიშვნელობა, აღწერილია მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფისთვის საჭირო მექანიზმები და დრო, ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მხრიდან პლატფორმის ზედამხედველობის დეტალები და სხვა დამატებითი საკითხები.

მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდზე მონაწილეობის წესების გამოქვეყნებაც. კერძოდ, მაგ. განმარტებულია, რომ ელექტრონული რესურსის სათანადო გამოყენებისთვის საჭიროა მომხმარებელმა ნამდვილი ელექტრონული ფოსტით შექმნას საკუთარი ანგარიში. ყალბი ელ-მისამართის მითითების შემთხვევაში მოქალაქე ვერ შეძლებს ანგარიშის გახსნას. არსებობს ასაკობრივი შეზღუდვაც: მომხმარებელი აუცილებლად ცამეტი ან მეტი წლის უნდა იყოს. გარდა ამისა, ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ანგარიშის შექმნა შეუძლია.  ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, რომ დაბლოკოს იმ IP მისამართების ხელმისაწვდომობა ვებ-გვერდის სერვისებზე, ვინც შემჩნეული იქნება მრავალი ანგარიშების შექმნასა და მათი მეშვეობით პეტიციების ხელმოწერების ხელოვნურ ზრდაში.

მონაწილეობასთან ერთად, ვებ-გვერდზე განთავსებულია მოდერაციის წესები. პირველ რიგში განმარტებულია, რომ ადმინისტრატორი თვალს ადევნებს პეტიციების მიერ საჭირო ოდენობის ხელმოწერების დროულად შეგროვებას. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად პეტიციების მოთხოვნებს. არ დაიშვება ისეთი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვენ კომერციული საქონლისა და სერვისების შესყიდვას, არჩეული კანდიდატების მხარდაჭერას ან ოპონირებას და ა.შ. შეზღუდვები მყარდება ისეთი პეტიციების გამოქვეყნებაზე, რომელთა აღწერა აზიანებს და ვნებს რომელიმე ინდივიდს ან ჯგუფს, შეიცავს შეურაცხმყოფელ განცხადებებს; ადამიანის პირად საიდუმლოს ან უხამს მასალებს.

იმ შემთხვევაში თუ ინიციატივა მონაწილეობის წესების დარღვევის გამო გვერდიდან მოიხსნა, ავტორს აუცილებლად მისდის შეტყობინება, რის შემდეგაც კიდევ აქვს საშუალება მოითხოვოს მისი პეტიციის გადახედვა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა. ამის ერთ-ერთი გზა კიდევ ერთი პეტიციის შექმნაა – ამ შემთხვევაშიც არ უნდა იყოს დარღვეული მონაწილეობის წესები. ამასთან ერთად, მას შეუძლია მთავრობასთან დაკავშრების სხვა გზები სცადოს. ამ ალტერნატიული საშუალებების შესახებ ინფორმაცია კი თავად ელექტრონულ რესურსზევეა განთავსებული.

ინფორმაცია ადმინისტრაციასთან დაკავშირების სხვა გზების შესახებ

ინფორმაცია ადმინისტრაციასთან დაკავშირების სხვა გზების შესახებ

6.    თეთრ სახლთან დაკავშირების სხვა გზები:

  • საკონტაქტო ფორმა – მომხმარებლებს შეუძლიათ სპეციალური საკონტაქტო ფორმის შევსებით, საკუთარი მოსაზრებები და კომენტარები გაუგზავნონ მთავრობას;
  • საკონტაქტო ფორმა ორგანიზაციებისთვის – სპეციალური საკონტაქტო ფორმაა განთავსებული ორგანიზაციებისთვის;
  • საკონტაქტო ინფორმაცია – ვებ-გვერდზე მოცემულია თეთრი სახლის მისმართი, ტელეფონის, Fax-ის ნომრები, ელექტრონული მისამართი. თანაც, მითითებულია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ პეტიციების გამოქვეყნების ნაცვლად საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები მთავრობას ელექტრონული ფოსტით ან პირადი შეტყობინებით მიაწოდონ.

7.    გამოკითხვა – ელექტრონულ რესურსზე დანერგილი სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას განთავსებული აქვს კომენტარების გაგზავნის საშუალება. ამით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოთქვას საკუთარი შენიშვნა ან სხვა ტიპის კომენტარი დანერგილ აპლიკაციებთან დაკავშირებით და შეაფასონ მათი ფუნქციონირების ეფექტურობა.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s