სამთავრობო ვებ-გვერდებზე ინტეგრირებული ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისები

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

ელექტრონული მმართველობის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პირველ რიგში მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას,  გამჭირვალე მმართველობას და ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის ახალი ფორმის დამკვიდრებას ნიშნავს, რაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობაში გამოიხატება.  იმისათვის რომ ხელი შეეწყოს მოქალაქეების მონაწილეობას  სხვადასხვა საკითხის განხილვაში აუცილებელია ვებ-გვერდების ინტერაქციული განვითარება, რაც სამთვარობო ვებ-გვერდებზე  სხვადასხვა სერვისების ინტეგრირებას გულისხმობს.

ზოგიერთი  საჯარო დაწესებულება ელ – კომუნიკაციისა და მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან მომსახურებას და ინიციატივებს სთავაზობს მომხმარებელს, როგორიცაა მაგალითად სიახლეების გამოწერა, ონლაინ დახმარება, პეტიციები,  საკომუნიკაციო ქსელი მომხმარებელთა მიზნობრივი ჯგუფისთვის.

Image

მაგრამ ამ სერვისების არსებობა ვებ-გვერდებზე ავტომატურად არ გულისხმობს მათ გამოყენებას მოქალაქეებთან უკუკავშირის დასამყარებლად.

ელექტრონული რესურსების გამოყენების ხარისხის და კომუნიკაციის დონის შეფასების მიზნით, სამთავრობო უწყებებიდან მოთხოვნილ  საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კვლევა ჩავატარეთ. ასეთი ტიპის აპლიკაციები ჩვენს მიერ შერჩეული 24 სამთავრობო ორგანოდან  10 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდზეა ინტეგრირებული. საჯარო დაწესებულებებიდან მოვითხოვეთ სტატისტიკური მონაცემები  მათ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ.

მიღებული სჯარო  ინფორმაციის  ანალიზმა აჩვენა, რომ სამთავრობო დაწესებულებები  სპეციალურად შექმნილი საკომუნიკაციო სერვისების ფუნქციონირებას მონიტორინგს  არ უწევენ. ათი საჯარო დაწესებულებიდან სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ სამმა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა. ინფორმაცია არ მიგვიღია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, არასრულყოფილი მონაცემები მოგვაწოდეს იუსტიციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ.

სიახლეების გამოწერასიახლეების გამოწერის ფუნქციაა გააქტიურებული  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდებზე. დაინტერესებულმა მომხმარებლებმა უნდა შეავსონ ვებ-გვერდზე განთავსებულ სპეციალური ფორმა, შესაბამის ველში მიუთითონ სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი, შეიყვანონ დამცავი კოდი და დააჭირონ გაგზავნის ღილაკს, რის შემდეგაც ვებ – გვერდებზე გამოქვეყნებულ ყველა  სიახლეს პირად   ელ – ფოსტაზე მიიღებენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების სიახლეების გამოწერის განყოფილებაში 2011 წელს დარეგისტრირდა 52, ხოლო 2012 წელს 40 გამომწერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურ გვერდზე არსებულ სიახლეების განყოფილებაში რეგისტრაცია 2011 წელს გაიარა 1894 -მა მომხმარებელმა, 2012 წელს კი – 1183 -მა. რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს, წერილში ნათქვამია, რომ ამ ინფორმაციაზე სამინისტრო დაკვირვებას არ აწარმოებს.

Image წერილი პრეზიდენტს -საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სერვისი მოქმედებს – „წერილი პრეზიდენტს“.

ელექტრონული ფორმით შესაძლებელია შეტყობინებასთან ერთად წერილის PDF ფაილისა და სურათების  ფორმატში გაგზავნა. წერილის გასაგზავნად გამგზავნის ვინაობისა და ელ-ფოსტის გარდა  აუცილებელია მიეთითოს ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივი მისამართი. იგივე მიწერის ფორმაზე გადასვლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე განთავსებული მეორე ღილაკიდან -„დაგვიკავშირდით“. სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული მომსახურებით და რამდენ მოთხოვნას გაეცა პასუხი.

 ონლაინ დახმარება – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე  მოქმედებს „ონლაინ დახმარების“ მომსახურება. ამ პროგრამის მეშვეობით ოპერატორები მომხმარებლების კითხვებს  ონლაინ რეჟიმში პასუხობენ. ოპერატორებთან დასაკავშირებლად საკმარისია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ვებ-გვერდზე შესვლა  და სასურველი კითხვის გაგზავნა. როგორც ვებ-გვერდიდან მოძიებული ინფორმაციით ირკვევა ამ სერვისის ამოქმედებისთანავე სამინისტრომ 3000-ზე მეტი შეტყობინება მიიღო. თუმცა, როგორც სამინისტროს მიერ IDFI-სთვის გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა სამინისტროს არ აქვს  ზუსტი მონაცემები 2011 -2012 წლებში შესული წერილებისა და  სერვისის ოპერატორების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული ონლაინ დახმარების რაოდენობის შესახებ.

ქართული დიასპორის ქსელი – ვერ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) არსებულ განყოფილებაზე -„ქართული დიასპორის ქსელი“ 2011 -2012 წლებში დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ.  სამინისტრომ ეს შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.„ქართული დიასპორის ქსელი“ ეს არის  აპლიკაცია,  რომლის მეშვეობითაც  სხვადსხვა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი  პროფილი ონლაინ, იპოვონ   და  დაუკავშირდნენ   ახლობლებსა და  ნათესავებს მთელს მსოფლიოში, შეიძინონ ახალი მეგობრები მათთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ღონისძიებები, მიიღონ და მოიძიონ სასარგებლო ინფორმაცია მაგ. მიგრაციიის კანონმდებლობის, ემიგრანტების უფლებების, სხვადასხვა ქვეყნებში დაწესებულებების მისამართების შესახებ და სხვა. გაეცნონ ამ თემაზე მომზადებულ  კვლევებსა და პუბლიკაციებს. სამინისტროს ვებ-გვერდზე ეს სერვისი 2013 წლის 27 იანვრიდან აღარ ფუნქციონირებს.

სამედიცინო ცნობების ელექტრონული წარმოების სისტემა – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებულია დაბადების და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ელექტრონული წარმოების სისტემა. ეს სერვისი  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად შეიქმნა.

 მომსახურება 2011 წლიდან ამოქმედდა და რეგულირდება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის 8/ნ ბრძანებით. მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა განცხადების ფორმა მომხმარებელთა დარეგისტრირებისათვის. 2011-2012 წლებში ამ სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო რეესტრში გადაგვამისამართა. წერილში ნათქვამია, რომ ამ ტიპის მონაცემების გაცემა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა ვფიქრობთ  ასეთ შემთხვევაშიც კი, სამინისტრო დაინტერესებული უნდა იყოს ფლობდეს ინფორმაციას იმ სერვისების მომხმარებელთა შესახებ, რომელსაც საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდიდან სთავაზობს მოქალაქეებს.

ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულია ახალგაზრდული სერვისების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო, კერძო, სამთავრობო და საერთაშორისო სექტორში მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო მომსახურების შესახებ.   მომხმარებელი საძიებო სისტემაში ირჩევს შეთავაზებული 31 კატეგორიიდან  მისთვის სასურველ თემატურ კატეგორიას  და  მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს 12 ქალაქსა და რაიონში არსებული სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, გასართობი ცენტრების იურიდიული და სხვა  მომსახურების შესახებ. სამინისტრომ ამ სერვისის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური Facebook -გვერდი E-service -ი  შექმნა.

2011- 2012 წლებში აღნიშნულ  სერვისზე  სამინისტროს ინფორმაციით დარეგისტრირდა 120 ორგანიზაცია, განთავსდა 403 სერვისი. ფეიბუქით დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა 63-ს შეადგენს, ხოლო სიახლე 25- მა მომხმარებელმა გამოიწერა.

საკმაოდ საინტერესო სერვისებია ინტეგრირებული თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე:

მობილური ტელეფონით სიახლეების გამოწერა – თბილისის მერიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია მარტივად  მერიის ვებ-გვერდზე მითითებულ სპეციალურ ნომერზე შეტყობინების გაგზავნით. ამ მომსახურებით მერიის ინფორმაციით 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე 53 340 მომხმარებელმა ისარგებლა.

დაგეგმე შენი ქალაქის ბიუჯეტი – თბილისის მერიის ინიციტივით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ელექტრონული სერვისის  მეშვეობით  ჩაერთონ. დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში. მონაწილეობის მისაღებად  საჭიროა  რეგისტრაციის გავლა და კითხვარის შევსება. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვებ-გვერდზე 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე ავტორიზაცია გაიარა 317-მა მომხმარებელმა.

ჩემი იდეა თბილისის მერს – თბილისის მერიის კიდევ ერთი შეთავაზებაა, რომლის მეშვეობითაც  დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია, წამოაყენოს იდეა,  შინაარსის უკეთ გადმოსაცემად შესაძლებელია ვიზუალური მასალის გამოყენება, მოდერაცის გავლის შემთხვევაში,  ხუთი სამუშაო დღის ვადაში ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პეტიცია. იდეის განსახორციელებლად კი გარკვეული რაოდენობის ხმების დაგროვებაა საჭირო.

IDFI-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში 2011-2012 წლებში დარეგისტრირებული, განხილული და განხორციელებული ინიციატივების რაოდენობის შესახებ.  დარეგისტრირებული ინიციატივების მოსაძიებლად მერიამ ვებ-გვერდზე გადაგვამისამართა. ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე სულ 25 პეტიციაა გამოქვეყნებული აქედან 15 -ზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. პოპულარული იდეების განყოფილებაში გამოქვეყნებული 10 ინიციატივა კი სავარაუდოდ უკვე განხორციელებული უნდა იყოს.

 ნორმატიული აქტების კომენტირების საშუალება აქვს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდის მომხმარებელს. ჩვენ დავინტერესდით მოქალაქეების მიერ დატოვებული კომენტარებისა და მათ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების რაოდენობით. ასევე, მოვითხოვეთ ინფორმაცია გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს  მონაცემებით  www.matsne.gov.ge -ზე 2012 წლის მდგომარეობით 62 მომხმარებლის კომენტარია დაფიქსირებული. რაც შეეხება  ცალკე საკანონმდებლო ინიციატივებს, სამინისტროს ინფორმაცია არ მოუწოდებია. წერილში ნათქვამია, რომ დარეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე გაეცნონ,  როგორც კომენტარებს   ასევე, ცალკეული საკანონმდებლო  ნორმების ფორმულირებებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომენტარების დახარისხება და შეთავაზებული  საკანონმდებლო  ცვლილებების განცალკევებით აღრიცხვა არ ხდება. არც გათვალისწინებული მოსაზრებების სტატისტიკა იწარმოება. თუმცა სამინისტრო, მიუხედავად ასეთი ვალდებულების არაარსებობისა, ნორმათშემოქმედებით საქმიანობაში  მოქალაქეების მიერ გაზიარებული მოსაზრებების გამოყენებას არ გამორიცხავს.

კვლევამ დაადასტურა, რომ  საკომუნიკაციო სერვისებისა და აპლიკაციების ეფექტურობა  არ მოწმდება საჯარო დაწესებულებების მიერ. თავის მხრივ მოქალაქეებიც ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ და იშვიათად მონაწილეობენ ამ ტიპის ინიციატივებში, ნაკლებად სარგებლობენ საჯარო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული ინტერაქციული სერვისებითაც. სამთავრობო დაწესებულებებმა სხვადასხვა ინოვაციური სერვისების დანერგვის პარალელურად უნდა განახორციელონ მათი ფუნქციონიერების შესწავლა – შეფასება, უნდა იზრუნონ მათ პოპულარიზაციაზე და ამ მომსახურებებზე წვდომა მაქსიმალურად უნდა გაუმარტივონ მოსახლეობას.

 

 

 

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s