პეტიციები თბილისის მერს

საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ცდილობს ელექტრონული სერვისების დანერგვას. ერთ-ერთი მაგალითი თბილისის მერიის მიერ ონლაინ პეტიციებისთვის განკუთვნილი პლატფორმის – „თქვენი იდეა თბილისის მერს“ – შექმნაა. ამგვარი ელექტრონული რესურსის შექმნა დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ აღნიშნული გვერდის ადმინისტრირება დახვეწას საჭიროებს. სამწუხაროდ, შეიმჩნევა მოქალაქეების ჩართულობის და მონაწილეობის დაბალი დონე პლატფორმის გამოყენებაში, რაც რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგ. ინფორმაციის ნაკლებობა ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად შეიძლება იქნეს დასახელებული. აღნიშნული დასკვნები IDFI-ის („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“) პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა. სწორედ ამ გამოწვევების გადასალახად შეიქმნა ვიდეო „პეტიციები თბილისის მერიას“.

აღნიშნული ვიდეოს მომზადება რამდენიმე ტენდენციის გამოვლენის შემდეგ გადაწყდა. ინტერნეტ მომხმარებლების მიერ ონლაინ პეტიციების გამოყენებისა და თავად თბილისის მერიის მხრიდან აღნიშნული სერვისისადმი ყურადღების ხარისხის დასადგენად კვლევის პროცესში თბილისის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას სხვა კითხვებთან ერთად, გავუგზავნეთ შემდეგი შეკითხვები:

  1. თბილისის მერიაში, პროექტის „თქვენი იდეა თბილისის მერს“ ფარგლებში 2011 წელს დარეგისტრირებული, განხილული და განხორციელებული (ცალ-ცალკე) ინიციატივების რაოდენობა
  2. თბილისის მერიაში, პროექტის „თქვენი იდეა თბილისის მერს“ ფარგლებში 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე დარეგისტრირებული, განხილული და განხორციელებული (ცალ-ცალკე) ინიციატივების რაოდენობა.

თბილისის მერიამ თავი აარიდა ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოწოდებას და სასურველი ინფორმაციის მოსაძებნად ონლაინ პეტიციების ვებ-გვერდზე გადაგვამისამართა: „ჩემი იდეა თბილისის მერს“ პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული ინიციატივების თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.chemitbilisi.com“ – ვკითხულობთ გამოგზავნილ წერილში.

თბილისის მერიის პასუხი

თბილისის მერიის პასუხი

თუმცა, მითითებულ ელექტრონულ რესურსზე მსგავსი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, შესაბამისად, რთულია სრული სურათის ჩვენება. კერძოდ, დღევანდელი მდგომარეობით, არ იხსნება განყოფილება „ყველა იდეა“, რის გამოც შეუძლებელია პორტალის ამოქმედებიდან დღემდე შესული პეტიციების რაოდენობის დადგენა. აღნიშნული განყოფილების ფუნქციონირების პერიოდში გამოქვეყნებული იყო მხოლოდ მიმდინარე ინიციატივები და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დახურული პეტიციების მოძიება. რაც შეეხება განხორციელებული იდეების შესახებ ინფორმაციას, მათი მოძიება ვცადეთ განყოფილებაში „პოპულარული იდეები“. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაზე მეტი მხარდამჭერის მქონე ინიციატივებია განთავსებული, ვერ დადგინდა ელექტრონული რესურსის დანერგვიდან დღემდე მოქალაქეთა რამდენმა წინადადებამ დააგროვა საჭირო ხელმოწერა და რამდენი ინიციატივა განახორციელა ქალაქ თბილისის მთავრობამ. ამასთან ერთად, ვებ-გვერდზე არ არის გამოყოფილი სპეციალური განყოფილება სტატისტიკური მონაცემებისთვის, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდიდა თბილისის მერიის ონლაინ პეტიციების სისტემას.

თბილისის მერიის პასუხისა და თავად, ვებ-გვერდზე – „შენი იდეა თბილისის მერს“ -განთავსებული ინფორმაცის დაკვირვებით შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება:

  • ვებ-გვერდის ადმინისტრაცია არ აღრიცხავს შესულ, გამოქვეყნებულ, განხილულ და განხორციელებულ ინიციატივებს;
  • საჭირო რაოდენობის მხარდამჭერების მოპოვების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის პეტიციის სტატუსის შესახებ ინფორმაცია. სასურველია, თბილისის მერიამ სისტემატურად გამოაქვეყნოს ცნობები წინადადების განხილვის შედეგების შესახებ. მაშინ როცა, დღეს ვებ-გვერდის მომხმარებელს არ შეუძლია გაიგოს რომელი წინადადება განიხილა ან განახორციელა ქალაქის მთავრობამ;
  • პოპულარული იდეებისა  და მომხმარებლების აქტივობის ხარისხის დაკვირვებამ აჩვენა, რომ აღნიშნულ სერვისს მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს – დაბალია მათი აქტივობა კომენტარების დაწერისა და პეტიციებზე ხელის მოწერის თვალსაზრისით.

ცალკე ანალიზის საკითხია პეტიციების მიღებისა და გამოქვეყნების პროცედურები და მათი შერჩევის კრიტერიუმები. საქართველოს რეალობისა და უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით (მაგალითად, აშშ, დიდი ბრიტანეთი) კვლევის შედეგად რამდენიმე საგულისხმო ხარვეზი გამოვლინდა. ამის შესახებ შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s