გერმანიის ბუნდესთაგის ონლაინ პეტიციები

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

საქართველოში პეტიციების სერვისის დანერგვის შესაძლებლობა ელექტრონული მმართველობის  განვითარების პარალელურად გაჩნდა, მაშინ როდესაც გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უკვე აპრობირებული პრაქტიკა (წერილობითი პეტიციები) ახალ, ელექტრონულ ფორმატში გახადეს ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პეტიციების უფლება, მათ შორის ელექტრონულიც კანონმდებლობით წესრიგდება. კონსტიტუციაზე დაყრდნობით შემუშავებული დირექტივები შესაბამის უფლება-ვალდებულებებს ანიჭებს მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის 17-ე მუხლის თანახმად  ყველა ადამიანს აქვს უფლება ცალკე ან ჯგუფთან ერთად წერილობითი თხოვნით ან შენიშვნით მიმართოს გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. კონსტიტუციის 45-ე გ მუხლის 1 ნაწილის მიხედვით კი ბუნდესთაგში შექმნილია პეტიციების კომიტეტი, რომელიც  უფლებამოსილი და ვალდებულია განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები.

„ბუნდესთაგის სეისმოლოგი“ – ასე უწოდებენ გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტს. სპეციალური განყოფილება, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში  მოქალაქეთა პეტიციების განხილვა ევალება, პირველი  იგებს მოსახლეობის განწყობას, თუ როგორ მოქმედებენ ახალი კანონები, ხერხდება თუ არა დასახული მიზნის მიღწევა მათი მეშვეობით, თუ  პირიქით  სირთულეები წარმოიქმნება.

პეტიციების კომიტეტი მოქალაქეების  თხოვნებისა და პრეტენზიების გათვალისწინებით, კონსულტაციას უწევს და რეკომენდაციებს აწვდის  ბუნდესთაგს განსახორციელებელი ცვლილებებისა და პრიორიტეტული საკითხების შესახებ, რის შემდეგაც პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გზავნის მიმართვას იმ საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ განხორციელებაზე, ბუნდესთაგი ასრულებს ერთგვარი მედიატორის როლს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის.  პარლამენტი არ არის  უფლებამოსილი სამთავრობო ორგანოებს მოსთხოვოს მის მიერ  რეცენზირებული  პეტიციის სისრულეში მოყვანა. მაგრამ თუ საჯარო დაწესებულება არ მოახდენს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული  სამოქალაქო ინიციატივის განხორციელებას, ის ვალდებულია  საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებული მიზეზი აცნობოს პარლამენტს.

ბუნდესთაგის ვებ-გვერდზე ინტეგრირებულია სპეციალური განყოფილება, სადაც დარეგისტრირებულ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა პეტიციების ფორმით საკუთარი ინიციატივები და შენიშვნები  მიაწოდონ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო  ორგანოს – მოითხოვონ ცვლილებების შეტანა კანონში ან გამოხატონ უკმაყოფილება ფედერაციული ორგანოების მუშაობის მიმართ.

პეტიციების კომიტეტი დაკომპლექტებულია პარლამენტში წარმოდგენილი ექვსი პარტიისა და კოალიციის წევრებით.  პეტიციების კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე  და 26 წევრი, მოადგილე ჰყავს როგორც თავმჯდომარეს, ასევე, კომისიის თითოეულ წევრს. კონკრეტულ პარტიულ ჯგუფს ჰყავს ხელმძღვანელი პირი.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებისათვის პეტიციების გვერდზე ხელმისაწვდომია კომიტეტის  თავმჯდომარისა და თითოეული წევრის ასევე მათი მოადგილეების ბიოგრაფიები. აქედან გამომდინარე, მოქალაქეები სრულ ინფორმაციას ფლობენ მათი თხოვნებისა და ინიციატივების დამუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო პირების შესახებ.

მოქალაქეს პარლამენტის ვებ-გვერდზე  შეუძლია დაარეგისტრიროს საკუთარი პეტიცია ან  გამოთქვას მოსაზრება  ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულ პეტიციებთან დაკავშირებით და როგორც ხელმომწერმა მხარი დაუჭიროს მათ განხორციელებას.

პეტიცია შეიძლება წარმოადგენდეს  პირად თხოვნას ან საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხს შეეხებოდეს, როგორიცაა მაგალითად, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და სხვა. აქედან გამომდინარე მომხმარებელს ბუნდესთაგის ოფიციალური გვერდის პეტიციების განყოფილებაში სამი სახის პეტიციის შეტანა შეუძლია.

  1. დახურული პეტიცია – პირად ან საზოგადებისთვის აქტუალურ საკითხზე, რომლის გამოქვეყნებასაც პეტიციის ავტორი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. შესაბამისად მისი საჯარო განხილვა და სხვა მოქალაქეების მიერ მხარდაჭერა არ მოხდება;
  2. პეტიცია მესამე პირისთვის –  მოქალაქეს, როგორც ნდობით აღჭურვილ პირს, შესაბამისი მანდატის წარმოდგენის შემთხვევაში, შეუძლია სხვა პირის მაგივრად შეიტანოს პეტიცია პარლმენტში;
  3. ღია პეტიცია – საერთო ინტერესის გათვალისწინებით შედგენილი თხოვნები  ან პრეტენზიები, რომლებიც პეტიციის წარმდგენთან შეთანხმებით ქვეყნდება პეტიციების კომიტეტის ვებ-გვერდზე. ამით კონკრეტულ ადამიანებს ან ჯგუფებს ეძლევათ შესაძლებლობა მათ განხილვაში მიიღონ მონაწილეობა ან/და გახდნენ ხელმომწერები.

ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას სერვისისა და მისი გამოყენების წესებისა და გვერდის ადმინისტრაციის მიერ პლატფორმის სრულყოფისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პირადი მონაცემების დაცვას.  ასევე, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს საკანონმდებლო საფუძვლებს პეტიციების შესახებ და დირექტივას საჯარო პეტიციების განხილვის  წესის შესახებ;  ხშირად დასმული შეკითხვების განყოფილებაში გაცემულია პასუხები მომხმარებელთათვის საინტერესო კითხვებზე და განმარტებულია მნიშვნელოვანი ტერმინები. აქვეა უკუკავშირის ბმული, რომლის მეშვეობითაც გვერდის მომხმარებელს შეუძლია ფორუმზე საკუთარი შენიშვნები და იდეები მიაწოდოს ადმინისტრაციას პლატფორმის კიდევ უფრო დასახვეწად.

საჯარო პეტიციის დარეგისტრირებაპეტიციების შესახებ ზოგად კანონზე დაყრდნობით, პეტიციების კომიტეტი მოქალაქეების სთავაზობს შესაძლებლობას წარმოადგინონ საჯარო პეტიციები, რომლებიც განთავსდება კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ღია სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველყოფას განსხვავებული მოსაზრებების, შეფასებებისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

კომიტეტის მიზანია თემების მაქსიმალურად ფართო სპექტრი შესთავაზოს მოქალაქეებს,   რაც გაცილებით მეტ ადამიანს გაუადვილებს მონაწილეობას საზოგადოებრივი საკითხების განხილვაში და საკუთარი  ინიციატივისა თუ მოთხოვნის გაზიარების საშუალებას მისცემს.

პეტიციის შეტანის უფლება არ არის დამოკიდებული განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილსა და მოქალაქეობაზე.

ელექტრონული პეტიციების გაგზავნა  მხოლოდ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული სპეციალური ფორმის გამოყენებითაა შესაძლებელი.

საჯარო პეტიციის წარსადგენად აუცილებელია, მოქალაქემ გახსნას სპეციალური ანგარიში, რომელსაც შემდგომში ასევე სხვა პეტიციების მხარდასაჭერად და დისკუსიაში მონაწილეობისათვის გამოიყენებს. დასარეგისტრირებელად საჯარო პეტიციების ბმულზე გადასვლაა საჭირო.

 Image

სარეგისტრაციო ფორმა ხუთი საფეხურისგან შედგება:

  1. პირადი მონაცემების  შეყვანის  შემდეგ იხსნება განყოფილება პეტიციისთვის. ვინაობასთან ერთად აუცილებელია მოქალაქემ მიუთითოს მისამართი, რადგან მიმოწერა პეტიციონერთად სანდოობის გაზრდის მიზნით შემდგომში ფოსტის მეშვეობით ხდება.
  2. საკუთრივ პეტიციების განყოფილებაში სამი ველია მოცემული. პირველ რიგში მოქალაქე წერს, პეტიციის წარდგენის მიზანს, შემდეგ დასაბუთებას, ხოლო მესამე განყოფილებაში  თავად წამოჭრის ფორუმზე პეტიციასთან დაკავშირებით დისკუსიას.  საინფორმაციო ნიშნებით მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენებენ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია პეტიციის გამოსაქვეყნებლად, თითოეული  ველის ქვემოთ  მითითებულია სიმბოლოების დასაშვები რაოდენობები. პეტიციონერს  ბუნდესთაგისთვის დამატებითი დოკუმენტების მიწოდება (მაგალითად საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილების ასლები, შეტანილი საჩივრები და სხვ.) შეუძლია ფოსტის მეშვეობით, ფოსტის მისამართი აქვეა მითითებული.
  3. მესამე საფეხურია მონაცემების შემოწმება – მომხმარებელს შეუძლია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია. გვერდის ადმინისტრაცია დაწვრილებით ცნობებს აწვდის პეტიციონერს პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით. შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად აუცილებელია პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცნობა და მათი გამოქვეყნებისა და დამუშავების წესებზე დათანხმება. მომხმარებელს შეუძლია სურვილის შემთხვევაში გამოიწეროს ინფორმაცია ელ-ფოსტაზე.
  4. შემდეგი ნაბიჯი მომხმარებლის ანგარიშის დარეგისტრირებაა – აქ პეტიციის ავტორი სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონულ მისამართს და პაროლს, პაროლის დადასტურების შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში ირჩევს ფსევდონიმს ფორუმისთვის. თუ მომხმარებელი არ მიუთითებს  ფსევდონიმს  ფორუმზე ის დაფიქსირდება მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომრით (ID). დისკუსიის მონაწილე ან/და პეტიციის მხარდამჭერი პიროვნების ვინაობა ფორუმის სხვა მონაწილეებისთვის უცნობი რჩება. მომხმარებელმა  უნდა მონიშნოს სპეციალური ველი თუ სურს, რომ აღნიშნული ნომრის  ნაცვლად  მის მიერვე შერჩეული სახელით მიიღოს მონაწილეობა განხილვებში და დაეთანხმოს ვებ-გვერდის ინტერაქციული პლატფორმის გამოყენების პირობებს, რის შემდეგაც შეუძლია პეტიციის გაგზავნა.
  5. ბოლო საფეხურია დადასტურება.  გვერდის ადმინისტრაცია აცნობებს მომხმარებელს, რომ  განაცხადი და მონაცემები შენახულია და ის უმოკლეს დროში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ბმულს საკუთარი ანგარიშის საბოლოოდ დასარეგისტრირებელად.

აღსანიშნავია, რომ მონაცემების შეცვლა რეგისტრაციის ოთხ საფეხურზეა შესაძლებელი. მეხუთე საფეხურზე კი მომხმარებელს საკუთარი განაცხადის საბოლოო სახით გაცნობა და ჩამოტვირთვა შეუძლია PDF ფორმატში. თავის მხრივ ბუნდესთაგი აღნიშნულ ფაილს აარქივებს.

პეტიციის გამოქვეყნებაპეტიციების გამოქვეყნებამდე კომიტეტი ამოწმებს დარეგისტრირებული მიმართვების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.  პეტიციის გამოქვეყნების მთავარი წინაპირობა პეტიციის შინაარსი და აქტუალობა. თხოვნა/ პრეტენზია უნდა გამომდინარეობდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან, რომელსაც მოჰყვება საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. თემის განხილვა უნდა  შედიოდეს კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში. საკითხი და თანდართული აღწერილობა ჩამოყალიბებული უნდა იყოს მოკლედ და ნათლად. ტექსტის მოცულობა ტექნიკურადაა განსაზღვრული. განსახილველი საკითხი არ უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პიროვნებებს;

კომიტეტი იტოვებს უფლებას, ერთმანეთის მსგავსი პეტიციები გააერთიანოს და დაადგინოს მთავარი პეტიციონერი, სხვა წარმდგენი პირები განიხილებიან მხარდამჭერებად.

პეტიცია არ გამოქვეყნდება თუ არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, თუ ლახავს ადამიანის ღირსებას ან არის მცდარი, არაობიექტური შინაარსის, თუკი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს ან ისეთი ქმედებების გატარებას მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციით დადგენილ  ან ზნეობრივ კანონებს ეწინააღმდეგება. თუ დაცულ მონაცემებში და პირადი უფლებების (მაგ. ვინაობის დასახელებით)  სფეროში იჭრება, კომერციული პროდუქტის, საქმიანობის ან სხვა სახის რეკლამას გულისხმობს;

პეტიცია არ გამოქვეყნდება თუ კომიტეტმა მოცემულ პერიოდში  მსგავს საკითხზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ახალი  არსებითი ასპექტების გათვალისწინება არ ხდება, მსგავსი პეტიცია უკვე საპარლამენტო განხილვის სტადიაშია ან იგივე პეტიციონერის საჯარო პეტიცია  უკვე წარმოდგენილია ვებ-გვერდზე; თუ მოთხოვნა სოციალურ კეთილდღეობას, საერთაშორისო ურთიერთობებს ან კულტურათაშორის დიალოგს აყენებს სფრთხის ქვეშ;

პეტიციების შემოწმებისთვის დადგენილი ვადა 3 კვირას მოიცავს.

იმ შემთხვევაში თუ პეტიცია საჯარო პეტიციების განხილვის წესის შესახებ დირექტივებით დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს ის განსახილველად  და მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოქვეყნდება ფორუმზე რუბრიკაში „პეტიციები ხელმოწერისთვის“.

საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ პეტიცია ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნდება მისი  დამუშავება და ინიციატორის ინფორმირება მოხდება პეტიციების განხილვის ზოგადი წესის მიხედვით;

პეტიციების ფორუმი  –  საჯარო პეტიციები მთავარი მიზანი მოქალაქეთა ინიციატივების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მოსახლეობისთვის აქტუალური თემებზე ღია დიალოგის გამართვის შესაძლებლობაა;

ფორუმის მეშვეობით ყველა მონაწილეს – მოქალაქეებსა და პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ  თხოვნების, პრეტენზიების და კანონების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გაცნობის, შეფასებისა და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი გათვალისწინების  საშუალება. პეტიციების ფორუმი პეტიციების გვერდის მეორე ბლოკშია განთავსებული.

აქ გამოქვეყნებული პეტიციები სამ ჯგუფად არის დაყოფილი: პეტიციები ხელმოწერისთვის, პეტიციები, რომლებიც საპარლამენტო შემოწმებას გადიან და დახურული პეტიციები;

საინტერესო პეტიციის მარტივად  მოსაძიებლად გვერდის მარჯვენა ველში განთავსებულია სწრაფი ძებნის განყოფილება. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთი ან მონიშნოს კატეგორია „ყველა“, მიუთითოს სათაური, საიდენტიფიკაციო ნომერი ან/და საძიებო სიტყვა;

ფორუმის განყოფილებაში მოცემულია სამივე კატეგორიის პეტიციების ცხრილი და სტატისტიკა. მაგალითად დახურული ანუ უკვე განხილული პეტიციების რაოდენობამ  7 მარტის მონაცემებით 1947-ს შეადგინა, 984 საკითხი საპარლამენტო შემოწმებას გადის ხოლო 42 ღიაა განხილვებისა და ხელმოწერებისათვის.

Image

პეტიციების ხელმოწერა ან/და განხილვაში მონაწილეობა დაინტერესებულ მომხმარებლებს  ინიციატივის გამოქვეყნებიდან 4 კვირის მანძილზე შეუძლიათ;  ვებ-გვერდზე მითითებულია პეტიციის ხელმოწერისთვის დარჩენილი დღეების რაოდენობა და დისკუსიაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის პეტიციის დახურვის თარიღი, ასევე, საიდენტიფიკაციო ნომერი და მოქალაქეთა ხელმოწერებისა და კომენტარების რაოდენობა. კონკრეტული პეტიციის სათაურის ბმულიდან გადავდივართ პეტიციის ტექსტზე და დასაბუთებაზე. აქვე  მოცემულია დეტალები პეტიციის  შესახებ,  მითითებულია ავტორის ვინაობა, პეტიციის  ელექტრონული საიდენტიფიკაციო ნომერი, შედგენის თარიღი და ხელმოწერის ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგაც ღია პეტიცია კომენტარებისა და ხელმოწერებისთვის იხურება. ყველა ამ ინფორმაციის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთვა და გაცნობა შესაძლებელია PDF ფორმატში. აქვე მოცემულია ონლაინ ხელმომწერთა რაოდენობა და გრაფიკულადაა გამოსახული ხელმოწერების დინამიკა დროის მიხედვით. მომხმარებელი ასევე  ეცნობა ინფორმაციას იმის შესახებ მიღწეულ იქნა თუ არა კვორუმი.

კვორუმის მისაღწევად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა შეადგენს 50 000-ს.  ამ  რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში შედგება პეტიციის საჯარო განხილვა პეტიციების კომიტეტში, საკითხის განხილვაში პეტიციის ავტორი მონაწილეობს და კომისიის წევრების წინაშე პირადად წარადგენს და ასაბუთებს საკუთარ ინიციატივას.  თუმცა, აქვე ხაზგასმულია, რომ პეტიციის განხილვისათვის გადამწყვეტი მაინც იდეა და შინაარსია. რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი საინტერესო ინიციატივა მიუხედავად მხარდამჭერთა რაოდენობისა განხილული იქნება კომიტეტის მიერ.

ნათლად ჩანს, რომ საჯარო პეტიციის წარდგენის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის კომფორტული სადისკუსიო სივრცის შექმნაა. ფორუმზე ნებისმიერ დაინტერესებულ  ადამიანს შეუძლია საზოგადო საკითხები მისთვის საინტერესო და აქტუალურ ასპექტში განიხილოს. ერთი და იგივე პეტიციის ირგვლივ შეძლება დისკუსია რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით წარიმართოს, რაც საკითხის ამომწურავად შეფასების შესაძლებლობას იძლევა და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ფორუმის მოდერირება „საჯარო პეტიციების განხილვის  წესის შესახებ დირექტივის“  მიხედვით  ხორციელდება, რომლის თანახმადაც, თუ დისკუსია აღარ არის არსებითი და საინტერესო, შესაძლოა  პეტიცია დროზე ადრე დაიხუროს  დამატებითი ხელმოწერებისა და კომენტარებისათვის (პუნქტი 9. 3). 

საგულისხმოა, რომ პირველ რიგში პარლამენტია დაინტერესებული რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მოსაზრება, იდეა, კრიტიკული შეფასება მოისმინოს და გაითვალისწინოს, როგორც კანონშემოქმედებით, ასევე სხვა საჯარო საქმიანობაში და შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

მოქალაქეთა  პეტიციების  საპარლამენტო განხილვაპეტიციის ხელმოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ ღია პეტიცია კომენტარებისა და ხელმოწერებისთვის იხურება  და  საპარლამენტო შემოწმებას გადის. კომიტეტის მიერ შესაბამის სამინისტროში ან მაკონტროლებელი ორგანოში იგზავნება მიმართვა, შეფასდეს  მოქალაქის ინიციატივა. დადებითი შეფასების შემთხვევაში, აქვე სრულდება პეტიციის განხილვა.   სხვა შემთხვევაში იწყება ანგარიშის მომზადების პროცესი, რომელიც რამდენიმე საფეხურს მოიცავს: თავდაპირველად დოკუმენტს მომზადებულ დასკვნასთან ერთად შეისწავლის კომისიის მინიმუმ ორი წევრი – სამთავრობო და ოპოზიციური გუნდიდან, რის შემდეგაც პეტიციაზე მსჯელობას პეტიციის კომიტეტი მართავს და ამზადებს რეკომენდაციას, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო  გადაწყვეტილებას ბუნდესთაგი იღებს. იმ შემთხვევაში თუ პეტიცია სრულად ან ნაწილობრივ მაინც დასაბუთებულად/საფუძვლიანად ჩაითვლება, პარლამენტი პეტიციების კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ამზადებს შესაბამის დასკვნას და   უგზავნის  მას მთავრობას   განსახორციელებლად.

მთავრობა დამოუკიდებლად წყვეტს მიიღოს თუ არა მხედველობაში პარლამენტის დადგენილება პეტიციასთან დაკავშირებით, საკითხის უარყოფითად დასრულების შემთხვევაში კი ის ვალდებულია პეტიციების კომიტეტის წინაშე დაასაბუთოს  საკუთარი გადაწყვეტილება.

პარლამენტს გააჩნია გარკვეული ბერკეტები, იმისათვის რომ სამინისტროებისა და შესაბამისი საჯარო დაწესებულებებს  პეტიციის საკითხის საჭიროება დაანახოს, მაგ:  სადავო საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტები, მოუსმინოს მოწმეებს. არსებობს ასევე  სიტუაციის ადგილზე გაცნობის პრაქტიკა, შესაძლებელია პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის მოწვევა საკითხის განხილვაზე. საპარლამენტო შემოწმების მიმდინარეობისას პეტიციების კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საჯარო განხილვა  ჩაატაროს  თუ  მხოლოდ პეტიციონერის არგუმენტები მოისმინოს. ინფორმაცია საჯარო დისკუსიის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ ქვეყნდება  პეტიციების კომიტეტის გვერდზე.  საჯარო განხილვების პირდაპირი ტრანსლირება ხდება პარლამენტის სატელევიზიო არხის მიერ.

პეტიციის ავტორი ამომწურავ ინფორმაციას იღებს მისი ინიციატივის განხილვის მიმდინარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დასრულებული პეტიციების ცხრილთან ერთად ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია პარლამენტის დასკვნები კონკრეტულ პეტიციასთან დაკავშირებით. დაინტერესებულ მოქალაქეს მისი ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთვა და გაცნობა PDF ფორმატში შეუძლია.

Image

გადაწყვეტილებებს მინიჭებული აქვთ კატეგორიები (A1, A2b.. A9) იმის მიხედვით, თუ რა სახის დასკვნა იქნა მიღებული.  საკითხები, რომლებიც ფედერაციის კომპეტენციის გარეთ გადის  და ევროკავშირის დონეზე მოითხოვს გადაწყვეტას  შემდგომი რეაგირებისათვის  ევროპარლამენტს ეგზავნება.

განვიხილავთ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას:

პეტიცია, რომელსაც ყველაზე მეტი 105 386 ხელმომწერი ჰყავს და რომელთან დაკავშირებითაც  მომხმარებლის  753 კომენტარი დაიწერა  ჯანდაცვის სფეროს შეეხებოდა. საკითხის განხილვას ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენელი დაესწრო. კომიტეტმა დასკვნები და რეკომენდაციები პრობლემის გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით  ჯანმრთელობისა და ფინანსთა სამინისტროებს გაუგზავნა, რადგან საკითხი მედპერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას  და სფეროში კონკურენტული საკანონმდებლო პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კომიტეტმა მოქალაქის პეტიციასთან დაკავშირებით, რომელიც სუდანის ერთ-ერთ რეგიონში (დარფურში) არსებული კონფლიქტის მოგვარებაში გერმანიის აქტიურ მონაწილეობას  და  გენოციდად აღიარებას მოითხოვს.

ევროპარლამენტს გაეგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის დასკვნები  პეტიციაზე, რომლითაც ავტორი გენური ტექნოლოგიით დამზადებული  ცხოველთა საკვები პროდუქტების იმპორტის გამარტივებას აპროტესტებს; ამ ინიციატივას 1 095 მხარდამჭერი ჰყავს, ხოლო ფორუმზე 49 კომენტარია დაფიქსირებული.

პეტიციების კომიტეტის გვერდზე გამოქვეყნებულია დანიშნულებისამებრ გადაგზავნილი  პეტიციების სტატისტიკა თვეების მიხედვით. დეტალური ინფორმაცია პეტიციების კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ასახულია ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ბუნდესთაგის პეტიციების კომიტეტში 2011 წელს 15 000 -ზე მეტი პეტიცია შევიდა, მათ შორის  5 112 ელექტრონული ფორმით.  საპარლამენტო განხილვა გაიარა  6 387 -მა, რომელთაგანაც დაკმაყოფილდა 1 398 პეტიცია.  8 749 პეტიცია პარლამენტს არ განუხილავს, რადგან  მათი დიდი ნაწილი – 5 182 საკითხი – გადაწყდა რჩევების, ცნობებისა და მასალების მიწოდების შედეგად. საერთო ჯამში, 15 135 პეტიციიდან დაკმაყოფილებულ იქნა 7 852  პეტიცია.  უარყოფითად გადაწყდა  7 284 საკითხი, რომელთაგან 2 295 არ აკმაყოფილებდა პეტიციების კომიტეტის დადგენილ მოთხოვნებს.

გერმანიის ბუნდესთაგის პეტიციების გვერდი მისი ანალოგებისაგან არსებითად განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ პეტიციის განსახილველად არ არის აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვება, გადამწყვეტია პეტიციის შინაარსი. პეტიციის კომიტეტი იღებს ვალდებულებას თითოეული მოქალაქის ნებისმიერი საინტერესო ინიციატივა განიხილოს. რაც იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მზადაა მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს მოქალაქეების რჩევები და შენიშვნები და მოსახლეობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აწარმოოს.

უმნიშვნელოვანესი სერვისი, რომელსაც ბუნდესთაგი მოქალაქეებს სთავაზობს პეტიციების ფორუმია, მისი მეშვეობით საზოგადოების ნებისმიერ წევრს საკუთარი მოსაზრებების, შეხედულებების გამოხატვისა და მნიშვნელოვან თემებზე აზრთა გაცვლის საშუალება აქვთ. საგულისხმოა, რომ პეტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას სწორედ ის ფაქტორი განსაზღვრავს, რამდენად აქტიური  და ნაყოფიერი დისკუსია შესაძლოა მოჰყვეს პეტიციის საკითხს. 

მოქალაქეების ნდობის ხარისხზე და შესაბამისად, მათ აქტიურობაზე დადებით გავლენას ახდენს პეტიციის კომიტეტის მუშაობისა და მისი წევრების შესახებ ინფორმაციის  ღიაობა    და ხელმისაწვდომობა და მათი ეტაპობრივი ინფორმირება პეტიციის განხილვის მიმდინარეობის შესახებ. 

 

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s