პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – საქართველო

ბოლო დროს რამდენიმე საერთაშორისო კვლევამ აჩვენა საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხის ზრდა, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი.

დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის დონეა. საქართველოში ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები არსებობს: დაბალია სამოქალაქო მონაწილეობის ხარისხი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მოსახლეობა უმეტესწილად მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული სტრატეგიებისა თუ კანონპროექტების უბრალო მომხმარებელია. შედეგად, მოქალაქეები პოლიტიკურ დღის წესრიგს სათანადოდ ვერ წარმართავენ და არ არიან ჩართულნი მათ გარშემო არსებული პრობლემების მოგვარებაში. ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო კვლევაც.

mtavroba,xalxi,parlamenti

2011 წლიდან დაიწყო გლობალური საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP), რომლის მთავარი ამოცანა გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მთავრობების გამჭვირვალობის გაზრდა, სამოქალაქო ჩართულობის ამაღლება, კორუფციასთან ბრძოლა და მეტი ღიაობის უზრუნველყოფა. OGP-ში წევრობისთვის შემუშავებულია ქვეყნების შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:

  • ბიუჯეტის გამჭვირვალობა;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  • ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება;
  • მოქალაქეთა ჩართულობა.

თითოეულ მათგანს 0-4 ქულა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, OGP-ის წევრმა ქვეყანამ მაქსიმუმ 16 ქულა შეიძლება დააგროვოს. ახლახან ხელმისაწვდომი გახდა OGP-ის მიერ მსოფლიოს სახელმწიფოთა 2013 წლის შეფასების შედეგები სადაც, საქართველომ 16-დან საერთო ჯამში 15 ქულა აიღო. შეფასების შკალიდან იკვეთება, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევას პოლიტიკის შემუშავება-ფორმულირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს – მხოლოდ ამ კომპონენტში მიიღო საქართველომ მაქსიმალური 4-დან 3 ქულა. ეს იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა მოსახლეობას არ სთავაზობს საკმარის ბერკეტებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის.

საგულისხმოა, რომ OGP მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასებისას დაეყრდნო Economist Intelligence Unit-ის 2012 წლის კვლევას. მის ფარგლებში ყოველწლიურად განსაზღვრავენ ქვეყნების დემოკრატიულობის ინდექსს. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი 2012 წლისთვის საკმაოდ გაუმჯობესებულია – წინა წლის 4,74-იანი მაჩვენებელი 5,53-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 102 ადგილიდან 93-ე ადგილზე გადმოინაცვლა. აღნიშნული ინდექსის განსაზღვრისას ქვეყნებს ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებენ:

  • საარჩევნო პროცესი;
  • მთავრობის ფუნქციონირება;
  • პოლიტიკური მონაწილეობა;
  • პოლიტიკური კულტურა;
  • სამოქალაქო თავისუფლებები.

საქართველომ თვალშისაცემი გაუმჯობესება პირველ კომპონენტში აჩვენა, მაშინ როცა საკმაოდ მოკრძალებული წინსვლა შეინიშნება პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით (იხილეთ გრაფიკი).  შეფასების შკალიდან აშკარაა, რომ რიგით მეორე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს კვლავ პოლიტიკური ჩართულობის კუთხით გააჩნია.

Economist Intelligence Unit-ის 2012 წლის კვლევის შედეგები საქართველოსთვის

Economist Intelligence Unit-ის 2012 წლის კვლევის შედეგები საქართველოსთვის

საინტერესოა ის კრიტერიუმები რომლითაც ფასდება ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ჩართულობის ხარისხი:

  • ამომრჩეველთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში;
  • პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობების მონაწილეობის ავტონომია და თანაბარუფლებიანობა;
  • ქალთა რაოდენობა პარლამენტში;
  • პოლიტიკური მონაწილეობის მასშტაბები;
  • მოქალაქეთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში;
  • მოქალაქეთა მზაობა დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის;
  • მოქალაქეთა ინტერესი ახალი ამბების მიმართ;
  • ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება.

აქედან გამომდინარე, საჭიროა უახლოეს მომავალში მთავრობამ ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და მოსახლეობის დამაკავშირებელი არხების განვითარებას. უნდა შეიქმნას მექანიზმები, რათა მოქალაქეებმა მუდმივად შეძლონ როგორც აღმასრულებელ, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის საკუთარი პრობლემების, იდეების მიწოდება რითაც, მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ეფექტურ მმართველობას – მოქალაქეების პრობლემებსა და იდეებზე დაფუძნებული სტრატეგიები მაქსიმალურად ასახავენ მათ ინტერესებს. მეორე მხრივ, გაიზრდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებაში, ასევე, საზოგადოებაში.

2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები და დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში შეიტანა მნიშვნელოვანი ვალდებულება, 2013 წელს დანერგოს მოქალაქის პლატფორმა –  ichange.ge, რომელიც შექმნის შემდეგ შესაძლებლობებს:

  • საკითხის ან პრობლემის წამოჭრა, რომელიც მოქალაქის აზრით  ყურადღებასა და გადაჭრას საჭიროებს;
  • იდეის შეთავაზება, რომელიც მოქალაქის აზრით კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს ან სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის/ქვეყნისთვის;
  • სხვა მოქალაქეები ჩაერთვებიან განხილვაში და შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმასა და საკუთარი გამოსავლის შეთავაზებას;
  • შესაძლებელია განთავსდეს ელექტრონული პეტიცია, რაც კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს წვრილმან ან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით. თუკი პეტიციას დადგენილი ოდენობის მოქალაქე მოაწერს ხელს (სავალდებულო ოდენობა დამოკიდებულია საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბზე), სავალდებულო იქნება საკითხის განხილვა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება უნდა დაინერგოს 2013 წელს, ჩვენ ვთვლით, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს პლატფორმის კონცეფციის შემუშავება, დამტკიცება და ტექნიკური იმპლემენტაცია. მონაწილეობის პლატფორმის დანერგვას აშკარა სამოქალაქო სიკეთეებთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველომ გააუმჯობესოს საკუთარი პოზიციები როგორც  Economist Intelligence Unit-ის, ისე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რეიტინგებში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გააქტიურდება ამ მიმართულებით და შეასრულებს მათ მიერ 2012 წელს საერთაშორისო და საქართველოს საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s