პრეზიდენტის ადმინისტრაციის Facebook გვერდის თავისებურებები

საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის განახლების შემდეგ დავინტერესდით რა ცვლილებები მოხდა ქვეყნის პირველი პირის სოციალურ ქსელებთან მიმართებაში.

გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი

გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი

ამჟამად, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე სოციალური ქსელების განყოფილებაში მიბმულია გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი, მისივე Youtube არხი. თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აღწერაში მითითებულია, რომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატის არხია. მიუხედავად იმისა, რომ  Youtube-ის ამ არხზე ადმინისტრატორს განთავსებული აქვს მარგველაშვილის პრეზიდენტობის საქმიანობის ამსახველი ვიდეოები, ცხადია, რომ არჩევნების შემდეგ არხის აღწერაში ინფორმაცია არ არის განახლებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იგი ამ გვერდებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებდა და ახლა ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიზნით, ოფიციალურ სოციალურ საშუალებებად არის გადაქცეული.

გიორგი მარგველაშვილის Youtube არხი

გიორგი მარგველაშვილის Youtube არხი

ეს წინა ხელისუფლების დროს ფართოდ გავრცელებული არასწორი პრაქტიკის  – აქცენტის გაკეთება ცალკეულ პოლიტიკოსებსა და ხელძღვანელ პირებზე, ინსტიტუტების ნაცვლად – ერთგვარი გაგრძელებაა. როგორც ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც ვებ-გვერდზე მიბმული იყო მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი. იგი დღესაც არსებობს. გვერდს ამ მომენტისთვის 238 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. საგულისხმოა, რომ ამ გვერდზე აღარ არის განთავსებული ადრინდელი აპლიკაცია „მიწერე პრეზიდენტს“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეეძლოთ კითხვები ან სხვა სახის შეთავაზებები გაეგზავნათ ქვეყნის ლიდერისთვის. გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინოვაციური სერვისის დაბრუნებას ახალი პრეზიდენტის პირობებში.

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი

აშკარაა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების PR სამსახურების მიერ სოციალურ ქსელებში ცალკეული ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირების გვერდებსა და არხებზე აქცენტის გაკეთების გამო, პოლიტიკური ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს მათი ფუნქციონირების მდგრადობაზე. კერძოდ, გაურკვეველი ხდება ცალკეული საჯარო დაწესებულებების მიერ დანერგილი ინტერაქციული აპლიკაციის ბედი, მას შემდეგ რაც თანამდებობას ტოვებს ის პოლიტიკოსი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც დაინერგა ესა თუ ის სერვისი. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ტიპის სერვისების განთავსებისთვის ხელისუფლებას ფულის დახარჯვა უწევს.

ასევე, Facebook გვერდების მუდმივი ცვლილების გამო საჯარო ინსტიტუტები მოკლებულნი არიან ერთ გვერდს სოციალურ ქსელ Facebook-ში, სადაც მოთავსებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მათი ბოლო რამდენიმე წლის საქმიანობის შესახებ. ამ პირობებში ნებისმიერი უწყებისთვის გამოწვევას უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეებთან ერთიანი, სრულყოფილი და თანმიმდევრული საკომუნიკაციო პოლიტიკის შექმნა.

პრეზიდენტის Facebook გვერდის მსგავსი ვითარება იყო საქართველოს მთავრობის გვერდთან დაკავშირებით, რაც უკვე გამოსწორებულია. ამჟამად, მთავრობის ვებ-გვერდიდან არა პრემიერ-მინისტრის, არამედ საქართველოს მთავრობის Facebook-ზე გადავდივართ. თუმცა, იმის გამო, რომ მანამდე მუდმივად ცალკეული პრემიერ-მინისტრის გვერდები იყო მითითებული მთავრობის ელ-რესურსზე, დაიკარგა ნიკოლოზ გილაურის პრემიერობის დროს დანერგილი Facebook აპლიკაცია „ღია პეტიციები“.

საინტერესოა ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკის გაცნობა. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული Facebook-ის ნიშნიდან გადავდივართ არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, არამედ თეთრი სახლის ოფიციალურ Facebook  გვერდზე.

ძირითადი ინფორმაცია თეთრი სახლის Facebook გვერდზე

ძირითადი ინფორმაცია თეთრი სახლის Facebook გვერდზე

ამ უკანასკნელზე კი თავისუფლად ნახავთ ინფორმაციას ქვეყნის ნებისმიერი პრეზიდენტის შესახებ. კერძოდ, აპლიკაციის, „მნიშვნელოვანი მოვლენები“, საშუალებით ქრონოლოგიურად მოცემულია 1789 წლიდან დაწყებული ქვეყნის თითოეული მეთაურის ფოტო, თეთრი სახლის ვებ-გვერდებზე მათ შესახებ განთავსებული ბიოგრაფიული ცნობებისა და სხვა ტიპის ინფორმაციის ბმულები.

აშშ-ის მნიშვნელოვანი მოვლენები ადმინისტრაციის Facebook გვერდზე

აშშ-ის მნიშვნელოვანი მოვლენები ადმინისტრაციის Facebook გვერდზე

გარდა ამისა, განთავსებულია სხვადასხვა პრეზიდენტის აქტივობების ამსახველი ძველი ფოტოები. თითოეულ მათგანს თან ერთვის აღნიშნულ ფოტოზე გამოსახული მოვლენების შესახებ დამატებით ინფორმაციის შემცველი ბმული.

თეთრი სახლის Facebook გვერდზე განთავსებული ფოტო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროინდელი ფაქტების შესახებ

თეთრი სახლის Facebook გვერდზე განთავსებული ფოტო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროინდელი ფაქტების შესახებ

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ფოტო და ისტორიული ტიპის მასალის განთავსება ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელ Facebook-ს დაემატა ფოტოების ატვირთვისას სასურველი თარიღის მითითების ფუნქცია. აშკარაა, რომ ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დიდი ენერგია და მონდომება დახარჯა საკუთარი ინსტიტუტის ისტორიული გამოცდილების სოციალურ ქსელში გადმოტანისას.

თეთრი სახლის Facebook გვერდზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროინდელი ფოტო

თეთრი სახლის Facebook გვერდზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროინდელი ფოტო

თვალნათელია, რომ ამგვარი სტრატეგია უზრუნველყოფს სახელწმიფო ინსტიტუტის ორგანიზაციული მემკვიდრეობის შენახვას და დაინტერესებულ პირს შეუძლია გადახედოს და შეადაროს ცალკეული პრეზიდენტების აქტივობა.

ამას გარდა, გარანტირებულია ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ დანერგილი აპლიკაციის მდგრადობა. დღეისათვის გვერდზე განთავსებულია რამდენიმე სერვისი: ვიდეოები, პირდაპირი ტრანსლაცია, „ჩაერთე“ (მიბმულია ადმინისტრაციის ბლოგი).

თეთრი სახლის Facebook გვერდზე არსებული აპლიკაციები

თეთრი სახლის Facebook გვერდზე არსებული აპლიკაციები

არსებობს პრეზიდენტ, ბარაკ ობამას პირადი Facebook გვერდიც. თუმცა, ამ გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ მას არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არამედ ობამას ხელმეორედ არჩევის შემდეგ დაფუძნებული სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაცია, ე.წ Organizing for Action მართავს. ზოგადად, ეს გვერდი ყველაზე აქტიურად ობამას საარჩევნო კამპანიებისთვის გამოიყენებოდა. აქვე მითითებულია თეთრი სახლის ოფიციალური Facebook გვერდის მისამართიც.

ბარაკ ობამას Facebook გვერდის აღწერა

ბარაკ ობამას Facebook გვერდის აღწერა

თეთრი სახლის მაგალითის გათვალისწინებით გამოჩნდა, რომ საჭიროა თითოეულმა საჯარო უწყებამ ვებ-გვერდზე განათავსოს თავად ამ სტრუქტურის სახელწოდებით შექმნილ გვერდზე გადასასვლელი ღილაკი/ბმული. ამით, მათი ხელმძღვანელების ცვლილების შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება უწყების საქმიანობით დაინტერესებული აუდიტორია და დანერგილი ინტერაქტიული თუ ინფორმაციული სერვისები. თანაც, ხაზი უნდა გაესვას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოხატულ პატივისცემას ქვეყნის პირველი ლიდერების მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური იდეოლოგიისა.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s