შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდი

ავტორი: ლევან ხუციშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდის 2-8 დეკემბრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ  გვერდი მოწონებული აქვს 28 201 მომხმარებელს და მის შესახებ საუბრობს 1 827 ადამიანი. აღნიშნული კვირის მანძილზე გვერდი მოიწონა 245 მომხმარებელმა. 2-8 დეკემბერ შსს-ის გვერდზე აიტვირთა 5 ალბომი, დაიწერა 4 კომენტარი და მოიწონეს 307-ჯერ. გვერდზე ჩართულია „კედელზე“ კომენტარის დატოვებისა და პირადი შეტყობინების გაგზავნის ფუნქციები. მნიშვნელოვანია, რომ Facebook გვერდის ადმინისტრაცია  ყოველთვის რეაგირებს მოქალაქეების მიერ დატოვებულ შეკითხვებზე, ასევე, ოპერატიულად სცემენ პასუხს პირად შეტყობინებებსაც.

შსს-ის Facebook გვერდზე დაწერილი კომენტარები და გამოხმაურებები

შსს-ის Facebook გვერდზე დაწერილი კომენტარები და გამოხმაურებები

Facebook გვერდზე შეტყობინებების დატოვების ფუნქციები რომ ჩართულია, ეს ფაქტია. თუმცა, საყურადღებოა, რომ არცერთი უარყოფითი შინაარსის კომენტარი, ან შენიშვნა არ იძებნება. ეს იმის მანიშნებელია, რომ გვერდის მომხმარებლები ან სრულიად დადებითად აფასებენ სამინისტროსა და პოლიციის მუშაობას, ან/და გვერდის ადმინისტრაცია შლის არასასურველი შინაარსის კომენტარებს. გადასამოწმებლად შევქმენით სპეციალური Facebook ანგარიში და სამინისტროს გვერდზე დავტოვეთ კრიტიკული შინაარსის კომენტარი.

კომენტარი აიტვირთა „კედელზე“ და აღნიშნული ყალბი Facebook ანგარიშიდან მისი დანახვა შესაძლებელია, თუმცა თუკი სხვა მომხმარებელი ნახავს საკუთარი Facebook ანგარიშიდან სამინისტროს გვერდის „კედელზე“ დატოვებულ შეტყობინებებს, აღნიშნულ კომენტარს ვერ აღმოაჩენს.

პირველი ფოტო: შსს-ის გვერდზე ჩვენი ანგარიშიდან დაწერილი კომენტარი. მეორე ფოტო: სხვა ანგარიშიდან არ ჩანს ჩვენი ანგარიშიდან დაწერილი კომენტარი.

პირველი ფოტო: შსს-ის გვერდზე ჩვენი ანგარიშიდან დაწერილი კომენტარი. მეორე ფოტო: სხვა ანგარიშიდან არ ჩანს ჩვენი ანგარიშიდან დაწერილი კომენტარი.

ამის საპირისპიროდ, იგივე ანგარიშიდან დავტოვეთ დადებითი შინაარსის კომენტარი და მისი დანახვა სხვა მომხმარებლის ანგარიშიდან შესაძლებელია, განსხვავებით უარყოფითი შინაარსის კომენტარისა.

შსს-ის Facebook გვერდზე ჩვენი ანგარიშიდან დაწერილი დადებითი კომენტარი

შსს-ის Facebook გვერდზე ჩვენი ანგარიშიდან დაწერილი დადებითი კომენტარი

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამინისტროს Facebook გვერდზე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, Facebook გვერდს ჩართული აქვს მოდერაციის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც გვერდის ადმინისტრატორი თავად წყვეტს მომხმარებელთა მიერ ე.წ „კედელზე“ დატოვებული კომენტარებიდან რომელი გამოჩნდეს საჯაროდ. იმ შემთხვევაშიც თუ გვერდის ადმინისტრატორმა თანხმობა არ მისცა დაწერილი კომენტარის გამოქვეყნებას, მისი ავტორი მაინც ხედავს, რადგან თეორიულად იგი წაშლილი არ არის, უბრალოდ დამალულია გვერდის კონფიდენციალურობის პარამეტრების მეშვეობით. მათი გამოქვეყნება დამოკიდებულია ადმინისტრატორთა ნებაზე.

Facebook გვერდებზე მოდერაციის პარამეტრები

Facebook გვერდებზე მოდერაციის პარამეტრები

ამის გამო, მოდერაციის შედეგად არგამოქვეყნებული კომენტარები სხვა დანარჩენი მომხმარებლისთვის არ არის საჯარო და მხოლოდ მათი ავტორებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ვერც კი მიხვდება, რომ მის მიერ საჯაროდ დაწერილ შეტყობინებას ვერავინ კითხულობს.

ამის პარალელურად, გვერდზე შექმნილია აპლიკაცია „განსაზღვრე პრიორიტეტი“ – ეს არის  კითხვარი რომლის მიზანიცაა პოლიციის ცხოვრებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა. მომხმარებელს შეუძლია ისაუბროს პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ასევე, სამინისტროს მიმართოს ინიციატივებით.

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია

არის ორი ტიპის კითხვარი: დეტალური კითხვარი და ბლიც კითხვარი. დეტალური კითხვარის შევსებისას შესაძლებელია აღწერო მაქსიმუმ სამი პრობლემატური საკითხი, ისაუბრო მათი პრიორიტეტულობის მიზეზებზე და ასევე, მათი მოგვარების შენეულ ხედვაზე.  ხოლო ბლიც ინტერვიუს შემთხვევაში მოცემულია რამოდენიმე საკითხი და ირჩევ სამ შენთვის პრიორიტეტულს, ასევე, კითხვარი იძლევა შესაძლებლობას შენი ვარიანტებიც დაამატო.

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაციის კითხვარი

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაციის კითხვარი

ზოგადად, აღნიშნული ტიპის აპლიკაციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის დონის გასაზრდელად, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიზაციის პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შესაბამისად, მისასალმებელია, როცა სამინისტრო ამ ტიპის ინოვაციური საშუალებებით ცდილობს საზოგადოების პრიორიტეტების შეფასებას. აღნიშნული აპლიკაცია საჯარო უწყებასა და საზოგადოებას შორის  კომუნიკაციის ეფექტური საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს თუკი სამინისტრო სათანადო ყურადღებას მიაქცევს შევსებულ კითხვარებს და მეორეს მხრივ, მოქალაქეებიც გამოიჩენენ დაინტერესებას ჩართულნი იყვნენ სამინისტროს საქმიანობაში. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სამინისტრო კრიტიკისადმი  სრულიად დახურულია, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ აღნიშნული აპლიკაცია მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს შეიძლება ატარებდეს და საზოგადოებას სამინისტროს ცხოვრებაში ჩართულობის მცდარ განცდას უჩენდეს. ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ არ ხდება აღნიშნული აპლიკაციის მუდმივი რეკლამირება. კარგი იქნებოდა გვერდის ადმინისტრაცია გამუდმებით ახსენებდეს მომხმარებლებს, რომ მათ აქვთ საშუალება საკუთარი შეკითხვები, პრობლემები და ინიციატივები უშუალოდ სამინისტრომდე მიიტანონ აღნიშნული კითხვარის საშუალებით.

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია

რაც შეეხება სიახლეებს, გვერდზე ზიარდება ამბები, რომლებიც შეიძლება მოსახლეობისთვის საინტერესო აღმოჩნდეს –  ინფორმაციას დაკავებული პირების, ან ჩადენილი და გახსნილი დანაშაულების შესახებ, ასევე სამინისტროს სხვა აქტივობების შესახებ. მოქალაქეების აქტიურობა კი ძირითადად მოწონებებითა და გაზიარებებით შემოიფარგლება.

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული ახალი ამბები

შსს-ის Facebook გვერდზე განთავსებული ახალი ამბები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი –  შინაგან საქმეთა მინისტრს  აქვს საკუთარი ოფიციალური Facebook გვერდი, რომელზეც ზიარდება ინფორმაცია მხოლოდ მინისტრის შეხვედრების, ვიზიტების და სხვა აქტივობების შესახებ. მართალია ყველა ეს სიახლე სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეც გადააქვთ, მაგრამ მოქალაქეებისთვის მაინც თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდი დამოუკიდებლად არსებობს და მხოლოდ მინისტრის რეკლამირებისთვის არაა შექმნილი.

შსს-ის მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

შსს-ის მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

რაც შეეხება უშუალოდ მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ოფიციალურ Facebook გვერდს –  შეიქმნა 19 ნოემბერს და უკვე მოწონებულია 5 034 ადამიანის მიერ, ხოლო საუბრობს 3 352 ადამიანი. 2-8 დეკემბრის მანძილძე გვერდი მოიწონა 293 ადამიანმა. ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა 9 ალბომი, რომელიც მოიწონეს 572-ჯერ, გააზიარეს 6-ჯერ, ხოლო დაწერეს 93 კომენტარი. გვერდზე ჩართულია „კედელზე“ კომენტარის დატოვებისა და პირადი შეტყობინების გაგზავნის ფუნქციები. აღნიშნული კვირის მანძილზე „კედელზე“ არ დაწერილა კომენტარი, ხოლო ძველი კომენტარებიდან აბსოლუტური უმრავლესობა დადებითი შინაარსისაა, ძირითადად მინისტრად დანიშვნას ულოცავენ ბატონ ალექსანდრეს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ, ერთი შეხედვით, იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ან პროკურატურის ოფიციალურ Facebook გვერდებთან შედარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდი გაცილებით მეტად ემსახურება მოქალაქეებსა და სამინისტროს შორის ორმხრივ კომუნიკაციას – შექმნილია აპლიკაცია „განსაზღვრე პრიორიტეტი“, რომელიც თავისი არსით საჯარო სექტორის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით შექმნილი ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი ინოვაციაა, ასევე  მოქალაქეების შეკითხვებს და გაჟღერებულ პრობლემებს გვერდის ადმინისტრაცია უყურადღებოდ არ ტოვებს.  გაზიარებული სიახლეებიც მხოლოდ მინისტრის შესახებ არაა და პოლიციის აქტივობებსაც მოიცავს, თუმცა  ის ფაქტი, რომ კრიტიკული შინაარსის კომენტარები საჯაროდ არ ჩანს და რეაგირების გარეშე რჩება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და გამიზნულია სამინისტროს გარშემო „გამჭვირვალობის“ განცდის შესაქმნელად, რაც ამ საჯარო უწყებისადმი უნდობლობის ძლიერ გრძნობას აჩენს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s