შსს-ის მინისტრის Facebook გვერდის თავისებურებანი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის Facebook-ის გვერდის გადახედვისას შეიმჩნევა მხოლოდ დადებითი შინაარსის კომენტარების სიჭარბის ტენდენცია. აღნიშნული ბოლო დროს განხილვების საფუძველიც გახდა სოციალურ ქსელებში. ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტით და შევეცადეთ გადაგვემოწმებინა ამ კომენტარების ავტორების პერსონალური Facebook გვერდები. მონიტორინგმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით, ეს მომხმარებლები ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერაა შექმნილი და მართული. ცხადი ხდება აგრეთვე ის, რომ კომენტარების დამწერთა უმეტესობა აღნიშნულ Facebook ანგარიშს პირადი ინტერესებისთვის არ იყენებს და მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის აქვს შექმნილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის Facebook-ის გვერდი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის Facebook-ის გვერდი

მონიტორინგის პროცესში ჩვენ მიერ აღირიცხა და გაანალიზდა შემდეგი გარემოებები:

• თითოეულ პოსტზე დაწერილი კომენტარების ავტორები და მათი პროფილი (შექმნის თარიღი, ფოტოებისა და პოსტების გაზიარების სიხშირე, მეგობართა რაოდენობა და შემადგენლობა);
• კომენტარების შინაარსი;
• ყველაზე აქტიური მომხმარებლები და მათ მიერ დაწერილი კომენტარების რაოდენობა;
• ყველაზე აქტიური მომხმარებლების მიერ მოწონებული პოლიტიკური დატვირთვის Facebook გვერდები.

მონიტორინგის პერიოდი შეეხება 2014 წლის 16-22 მაისს გაზიარებულ რამდენიმე პოსტსა და ალბომზე დადებულ გამოხმაურებებს. საერთო ჯამში, 10 გამოქვეყნებულ მასალაზე დღეისათვის 87 კომენტარი დევს, თუმცა სავარაუდოდ, თავდაპირველად მომხმარებლების მიერ დაწერილი კომენტარების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო – დაახლოებით 158. ამის თქმის საფუძველს იძლევა თითოეული პოსტის ერთჯერადი დაკვირვება, სადაც გამოჩნდა, რომ მაგალითად (იხილეთ ფოტო) დაახლოებით 17 მოსაზრებაა დადებული ერთ სიახლეზე, თუმცა კომენტარების ჩამოშლის შემდეგ მხოლოდ 6 კომენტარი გვხვდება. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა მომხმარებლების მიერ გამოთქმული ნეგატიური მოსაზრებები წაშლილია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2013 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდის რამდენიმედღიანი მონიტორინგის დროს, როდესაც გარეგნულად ჩანდა, რომ მეტი კომენტარი უნდა ყოფილიყო დაწერილი, თუმცა მომხმარებლისთვის მხოლოდ ნაწილი ჩანდა.

კომენტერბის რაოდენობა და ჩამოშლის შემდეგ რეალურად გამოჩენილი მოსაზრებები

კომენტერბის რაოდენობა და ჩამოშლის შემდეგ რეალურად გამოჩენილი მოსაზრებები

ამის დასაზუსტებლად, მონიტორინგისთვის სპეციალურად შექმნილი ანგარიშიდან დავწერეთ ერთ-ერთ ალბომზე შემდეგი კითხვა: „გამარჯობა. რატომ იშლება კომენტარები და რატომ არის მხოლოდ დადებითი შინაარსის მოსაზრებები დატოვებული ყველა პოსტზე?“ დღეისათვის ეს კომენტარი ამავე ანგარიშიდან ჩანს, თუმცა თუ მინისტრის გვერდზე Facebook-ის სხვა ანგარიშიდან შეხვალთ, აღნიშნულ შეკითხვას ვეღარ ნახავთ. როგორც მოგეხსენებათ, Facebook ადმინისტრაციამ ბოლო დროს დაამატა კომენტარების დამალვის ფუნქცია. მისი გამოყენების შემთხვევაში, კომენტარის ავტორი ვერ ხვდება რომ მისი მოსაზრება გვერდის ადმინისტრატორმა სხვა ადამიანებისთვის შეუმჩნეველი გახადა. მსგავსი ფაქტი დავაფიქსირეთ 2013 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

ერთიდაიგივე პოსტი ორი სხვადასხვა ანგარიშიდან

ერთიდაიგივე პოსტი ორი სხვადასხვა ანგარიშიდან

რაც შეეხება კომენტარების ავტორებზე დაკვირვებისას დაფიქსირებულ ტენდენციებს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული 87 მოსაზრება 48 სხვადასხვა ადამიანის მიერაა დაწერილი. აქედან, მხოლოდ 28 პიროვნების კომენტარი გვხვდება მხოლოდ ერთხელ. ყველაზე აქტიური ადამიანების სტატისტიკა შემდეგია: 9 პროფილის მოსაზრება ორჯერაა დაფიქსირებული ამ პოსტებზე, 4 ადამიანი სამი კომენტარით შემოიფარგლა, 5 პიროვნება ოთხ სხვადასხვა გაზიარებულ სიახლეს აფასებდა, ყველაზე მეტი, 5 კომენტარი კი Facebook-ის 2 მომხმარებელს აქვს დაფიქსირებული. შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე კომენტარის შინაარსს. ერთი ფერის ჩარჩოშია ჩასმული იმ მომხმარებლების კომენტარები, რომლთა სახელითაც ხშირად იდებოდა ცალკეული მოსაზრებები.

სხვადასხვა ფერის ჩარჩოშია მოქცეული აქტიური მომხმარებლების კომენტარები

სხვადასხვა ფერის ჩარჩოშია მოქცეული აქტიური მომხმარებლების კომენტარები

დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დადგენილიყო ამგვარი კომენტარების ავტორების სინამდვილე. ამისთვის ყურადღება ექცეოდა პიროვნების პროფილის რეგისტრაციის თარიღს, რამდენად ხშირად დებდა ის სხვადასხვა სიახლეებს და რა სიხშირით რეაგირებდნენ მისი მეგობრები აღნიშნულ პოსტებზე. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა მეგობრების რაოდენობაზე. ქვემოთ გთავაზობთ ძირითად მიგნებებს:

• ჩვენი აზრით, 48 მომხმარებლიდან სავარაუდოდ მინიმუმ 24 Facebook პროფილი ნამდვილი არ უნდა იყოს. ამის თქმის საშუალებას იძლევა რამდენიმე ფაქტი. პირველ რიგში, მათი უმეტესობა შექმნილია 2014 წლის დასაწყისში (ძირითადად სამი თვე, იანვარი, თებერვალი და მარტი – 36 შემთხვევა) ან 2013 წელს (5 შემთხვევა). ასევე, პროფილის ყველა ფოტო ატვირთულია ერთიდაიმავე დღეს, უმეტესწილად Facebook ანგარიშის შექმნის პარალელურად, დროის ერთ მონაკვეთში, წამებისა და წუთების ინტერვალით. გარდა ამისა, ამ ფოტოებზე არ შეინიშნება არანაირი გამოხმაურება მათი მეგობრების მხრიდან – როგორც წესი, არ ფიქსირდება არცერთი მოწონება და კომენტარი მათ ფოტოებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფილის ფოტოების გარდა იშვიათია მათი მხრიდან სოციალურ ქსელში აქტივობა. რაც შეეხება მეგობრების რიცხვს, მათი რაოდენობა არ აღემატებოდა ასს. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, მათი მეგობრების შემოწმებით გამოჩნდა, რომ ამგვარ ადამიანებს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისინი არიან მინისტრის გვერდზე გაზიარებულ სიახლეებზე დადებითი კომენტარების ავტორები. ეს ყოველივე წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა ამ პროფილების მფლობელები ერთი ჯგუფია, და ისინი ერთი მიზნითა და სტრატეგიით მოქმედებენ.

Facebook-ის ოთხი მომხმარებელის საერთო მეგობრები

Facebook-ის ოთხი მომხმარებელის საერთო მეგობრები

ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ოთხი სხვადასხვა პიროვნების მეგობრების ჩამონათვალისთვის გადაღებულ ფოტოებს. ჩარჩოშია ჩასმული მათი საერთო მეგობრები, რითაც ჩანს თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებულნი არიან ისინი ერთმანეთთან. გასათვალისწინებელია, რომ არცერთი მათგანის მეგობრის რიცხვი ოთხმოცს არ აღემატება და ხშირ შემთხვევაში 30-ის ფარგლებშია მოქცეული. რა თქმა უნდა ფოტო მეგობრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნა გადაღებული და მათი ყველა მეგობრის ჩასმა ვერ მოხერხდა ერთ სურათში, თუმცა შემოწმებისას, ჩარჩოს გარეშე დარჩენილი პროფილებიც ხშირ შემთხვევაში მათი საერთო ონლაინ ნაცნობები აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, მათი მეგობრების დათვალიერებისას ერთ საინტერესო გარემოებაც დაფიქსირდა: პიროვნებას, გიორგი დვალიშვილის სახელზე, პროფილის ფოტოდ ჰქონდა დაყენებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის სურათი.

გიორგი დვალიშვილის Facebook გვერდის ფოტო

გიორგი დვალიშვილის Facebook გვერდის ფოტო

ვახუშთი მენაბდის ფოტო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ვებ-გვერდზე

ვახუშთი მენაბდის ბიოგრაფია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ვებ-გვერდზე

• დაკვირვებამ აჩვენა, რომ დეტალურად შესწავლილი 48 პროფილიდან, დაახლოებით 15-ის რეალურობის შესახებ ზუსტი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, რადგან მათ მეგობრების რიცხვი გაცილებით მაღალი იყო ან პროფილის შედარებითი ჩაკეტილობის/დახურულობის გამო რთული იყო მათი ზუსტი ოდენობის დადგენა. ამავე მიზეზით, ზოგჯერ შეუძლებელი იყო მათ მიერ გაზიარებული პოსტების ნახვა. გარდა ამისა, მათი პროფილის ფოტოებზე ზოგჯერ ვხვდებით მოწონებებსა და კომენტარებს (ზოგჯერ უცხოურ ენაზე, ძირითადად თურქულად).

• დასასრულს, მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანის პროფილის ჭეშმარიტება არ იწვევდა ეჭვებს. მათი რაოდენობა 6-დან 10-ს შორის მერყეობს. ისინი დარეგისტრირებულია მინიმუმ ორი წლის წინ, ფოტოები მრავალფეროვანია და პოსტებიც სისტემატურად იდება. ორ მათგანს პირდაპირ აქვს მითითებული აღწერაში, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ორი ტიპის მომხმარებელთა კომენტარების შედარება

ორი ტიპის მომხმარებელთა კომენტარების შედარება

მონიტორინგის დროს კომენტარების გაცნობამ აჩვენა, რომ იმ ანგარიშების მფლობელები, რომელთა რეალურობა ზემოთხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, უფრო მოცულობით კომენტარებს წერდნენ და ხაზს უსვამდნენ სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე ასეთ მაგალითს. მაშინ როცა, ნაკლებად საეჭვო პროფილების მფლობელები მოკლე კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ტენდენცია, მომხმარებლების უმეტესობას შინაგან საქმეთა მინისტრის Facebook გვერდის გარდა მოწონებული აქვს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და დიღმის მასივში კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას Facebook გვერდები. საგულიხმოა, რომ ეს უკანასკნელი ამ მხრივ ყველა დანარჩენი პოლიტიკოსის გვერდს მკვეთრი უპირატესობით აღემატება. მათ მიერ მოწონებული გვერდებიდან შეიძლება ასევე გამოიყოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გვერდები.

ზემოთ განხილული ფაქტორები გვაფიქრებინებს, რომ მინისტრის გვერდზე არ მიმდინარეობს ჯანსაღი და რეალური დისკუსია მომხმარებლებს შორის. ერთი მხრივ, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცალკეული კომენტარები ცენზურას განიცდიან და მეორე მხრივ, აქტიურობით გამორჩეული ადამიანების პროფილების უკან ერთი ჯგუფი დგას. ეს ეჭვქვეშ აყენებს ამ გვერდის სათანადო და ეფექტურ გამოყენებას მოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგის წარმოების საქმეში. მართალია დღეისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მიბმულია არა მინისტრის, არამედ სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი და შესაბამისად, უცნობია ამ ყველაფერთან რა მიმართება/დამოკიდებულება აქვს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა მინისტრის ოფიციალურ გვერდზე ამგვარი გარემოებების აღმოჩენა დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელია.

შედარებისთვის, თითქმის მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა 2012 წელს დიმიტრი შაშკინის ოფიციალურ Facebook გვერდზე, როდესაც ის იკავებდა ჯერ თავდაცვის მინისტრის და მოგვიანებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტებს. შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საკითხზე მომზადებულ ჩვენს ბლოგ-პოსტს. ამ შემთხვევაში, მინისტრის გვერდი მიბმული იყო კონკრეტული სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს, შესაბამისად, სავარაუდოდ, მის მართვასა და ადმინისტრირებაზე საბიუჯეტო სახსრები იხარჯებოდა.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to შსს-ის მინისტრის Facebook გვერდის თავისებურებანი

  1. Oboba Boba says:

    ფორუმზე იყიდება ლაიკები, პაჩკა ათასობით, გაგიჭირდათ?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s