საქართველოს 2014 წლის ელ-მმართველობისა და ელ-ჩართულობის ინდექსი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო -UN) 2014 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის მიხედვით, საქართველომ ელ-მმართველობის განვითარების ინდექსი 0.4 ქულით გააუმჯობესა (აიღო 0.6 ქულა), რის შედეგადაც 193 ქვეყანას შორის 56-ე ადგილი დაიკავა. 2012 წელს საქართველოს იმავე გამოკითხვაში 0.56 ქულით, 72-ე ადგილი ეკავა. კვლევის მეთოდოლოგიისა და საქართველოს მიერ აღებული შეფასების ანალიზმა აჩვენა, რომ პოზიციების ამგვარი გაუმჯობესება ძირითადად მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად გახდა შესაძლებელი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კოეფიციენტი, მსოფლიო მასშტაბით, კვლავ დაბალ კატეგორიაშია მოხვედრილი (არსებობს ინდექსის შემდეგი კატეგორიები: დაბალი, საშუალო, მაღალი, ძალიან მაღალი).

საქართველოს მაჩვენებლები 2012 და 2014 წლებში

საქართველოს მაჩვენებლები 2012 და 2014 წლებში

გაეროს კვლევაში მოცემული იყო ელექტრონული ჩართულობის ინდექსიც. საქართველომ ამ კომპონენტში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა – 2012 წლის 0.21-იანი მაჩვენებელი 0.59-მდე გაზარდა და 66-ე პოზიციიდან 49-ე ადგილზე გადაინაცვლა. გასათვალისწინებელია, რომ პოსტსაბჭოთა 15 ქვეყნიდან საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა ესტონეთის (22-ე ადგილი), ყაზახეთის (22-ე ადგილი), ლატვიის (24-ე ადგილი), რუსეთის (30-ე ადგილი), ლიტვისა (33-ე ადგილი) და მოლდოვას რუსპუბლიკის (მე-40-ე ადგილი) შემდეგ.

გაეროს ელ-მმართველობის განვითარების ინდექსის კომპონენტები

გაეროს ელ-მმართველობის განვითარების ინდექსის კომპონენტები

ელ-ჩართულობის მაჩვენებლები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის

ელ-ჩართულობის მაჩვენებლები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის

ელექტრონული მმართველობის ინდექსის შემუშავებისას მკვლევარები აფასებენ ქვეყნების მაჩვენებლებს სამი მიმართულებით – ონლაინ სერვისები, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ადამიანური კაპიტალი. თუ შევადარებთ ბოლო ორ კვლევაში საქართველოს მონაცემებს, გამოჩნდება, რომ ონლაინ მომსახურების მიწოდებისა და ხარისხის კომპონენტი თითქმის იგივე დარჩა, ადამიანური რესურსების პარამეტრში კი კლება დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია აჩვენა საქართველომ ინფრასტრუქტურის კომპონენტში. მიღებული შედეგების უკეთ გასაგებად, განვიხილოთ რა მონაცემებს იყენებდნენ მკვლევარები თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ონლაინ სერვისების ინდექსის გამოთვლისას ქვეყნის მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული სერვისები ოთხ საფეხურიანი შკალით ფასდება. კერძოდ,

  1. პირველ ეტაპზე ყურადღება ექცევა რამდენად შეუძლიათ მოქალაქეებს მიიღონ განახლებული ინფორმაცია სამთავრობო დაწესებულებების შესახებ მათ ვებ-გვერდებზე. ასევე, შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ გვერდებზე კანონების, რეგულაციების, სტრატეგიებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიება. საქართველომ ამ კუთხით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა წინა წელთან შედარებით, პროცენტული მაჩვენებელი 9%-ით არის შემცირებული.
  2. შემდეგ ეტაპზე, ინფორმაციის ცალმხრივად გამოქვეყნებასთან ერთად, მთავრობა მოქალაქეებს უნდა სთავაზობდეს მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის, სერვისებისა და აპლიკაციების გადმოწერის შესაძლებლობას. ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი უნდა იყოს ვიდეო და აუდიო მასალები. საქართველომ 2014 წლისთვის ამ კუთხით, მცირე, 2%-იანი ზრდა აჩვენა.
  3. ონლაინ სერვისების განვითარების შემდეგი ეტაპი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ორმხრივი კომუნიკაციისთვის საჭირო საშუალებების განვითარებას. გარდა ამისა, აქცენტი კეთდება ლიცენზიების, ფინანსური გადარიცხვების და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების ონლაინ განხორციელებაზე. ორი წლის კვლევის შედეგებს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება რომ საქართველომ პროგრესის ნაცვლად, კლება განიცადა.
  4. ბოლო ეტაპზე, მკვლევარები ქვეყნების შეფასების დროს ითვალისწინებენ რამდენად ცდილობს ხელისუფლება Web 2.0-ისა და სხვა ინტერაქციული აპლიკაციების/საშუალებების დახმარებით მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის წარმოებას. ამ დროს ხელისუფლება მთავრობაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ცვლის მოქალაქეებზე კონცენტრირებული მიდგომით. ამ პირობებში, ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ თავად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით. საქართველოს არც ამ კომპონენტში უჩვენებია გაუმჯობესება. შესაბამისად საერთო ჯამში, წინა კვლევასთან შედარებით (2010-2011 წლები), მხოლოდ 1 პროცენტიანი წინსვლა დაფიქსირდა.
გაეროს ელ-სერვისების ინდექსის კომპონენტები საქართველოსთვის

გაეროს ელ-სერვისების ინდექსის კომპონენტები საქართველოსთვის

ელ-მმართველობის ინდექსის შემდეგი კომპონენტი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების დონეს ასახავს. ამ შემთხვევაში შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება ინდექსის გამოსათვლელად:

  • ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა;
  • ფიქსირებული სატელეფონო ხაზების  რაოდენობა;
  • მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი;
  • ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი;
  • უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი.
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ინდექსის კომპონენტი საქართველოსთვის

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ინდექსის კომპონენტი საქართველოსთვის

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველომ ყველაზე მეტად სწორედ ამ კომპონენტში აჩვენა წინსვლა. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 27%-დან 45.5%-მდეა მომატებული.

მნიშვნელოვანად არის მომატებული მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა – ბოლო მონაცემების მიხედვით, 108%-მდე აღწევს.

მესამე კომპონენტში – ადამიანური კაპიტალი – საქართველოს ინდექსი 0.03 ქულით არის შემცირებული. შეფასების ამ კომპონენტის დანიშნულება იმის განსაზღვრაა, თუ რა  პოტენციალი აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიებისა და ელ-მმართველობის სიკეთეები.

ადამიანური კაპიტალის ინდექსის კომპონენტები საქართველოსთვის

ადამიანური კაპიტალის ინდექსის კომპონენტები საქართველოსთვის

შეფასებისას ითვალისწინებენ ქვეყნის შემდეგ ძირითად მახასიათებლებს:

  • წერა-კითხვის ცოდნის დონეს მოსახლეობაში;
  • ჩარიცხვის/მიღების მაჩვენებელი – ითვლის დაწყებით, საშუალო და მესამე დონის სასწავლო დაწესებულებებში მოქალაქეების ჩარიცხვის პროცენტულ მაჩვენებელს.

თუ 2012 წლის კვლევის მონაცემებს დავაკვირდებით, საქართველოსთან მიმართებაში მეორე კომპონენტში მცირედი კლების ტენდენცია ფიქსირდება.

გაეროს ელ-მმართველობის კვლევაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეთმობა ქვეყნების ელ-მონაწილეობის ინდექსს, რაც ასახავს მთავრობების მზაობას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის ხარისხის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:

  • ელ-ინფორმაცია: რამდენად არის ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაცია ონლაინ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;
  • ელ-კონსულტაცია: რამდენად აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჩაერთონ საჯარო პოლიტიკას შემუშავების პროცესში;
  • ელ-გადაწყვეტილების მიღება: რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლება მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები და რა დონეზე არის განვითარებული ამ ტიპის ონლაინ სერვისები.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის მონაცემებში საქართველოს შემთხვევაში არ იყო მოცემული თითოეულ სამ კომპონენტში ქვეყანამ რა შეფასებები მიიღო. ამიტომ რთულია იმის დადგენა დაფიქსირებული მატების ტენდენცია სამივე კრიტერიუმზე როგორ ნაწილდება. თუმცა, საქართველოს პრაქტიკიდან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დადებითი ცვლილების უმეტესობა სწორედ პირველი პარამეტრის – ელ-ინფორმაციის – დამსახურებაა. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე გარემოება იძლევა:

თუ დავაკვირდებით საქართველოს მიერ მიღებულ პროცენტულ შეფასებებს სამივე კომპონენტთან მიმართებაში, აშკარაა, რომ საკმაოდ მაღალი შეფასება პირველ კომპონენტში (88.89%) დაფიქსირდა. მაშინ როცა, ქვეყანა ელ-კონსულტაციასა და ელ-გადაწყვეტილების მიღების კატეგორიაში სამჯერ და რვაჯერ დაბალი პროცენტებით შემოიფარგლა.

ამოქმედდა „მოქალაქის პორტალი – ჩემი ელექტრონული მთავრობა“ – https://www.my.gov.ge/, რომელიცწარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ელექტრონული სერვისების კრებულს. ამჟამად მასზე განთავსებულია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება. გარდა ამისა, პორტალიდან მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ხელისუფლებამ დაიწყო საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდზე პროაქტიული გამოქვეყნება. ამაში დიდი წვლილი შეიტანა 2013 წლის სექტემბრიდან ძალაში შესულმა საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილებამ ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტები, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა.

მიუხედავად ამ პროგრესისა, IDFI-ის მიერ განხორციელებულმა საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებისა და სადისკუსიო პლატფორმების მონიტორინგმა აჩვენა, რომ:

  • საჯარო დაწესებულებები საკუთარ ვებ-გვერდებზე ძირითადად თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოიფარგლებიან და ნაკლებ აქცენტს აკეთებენ ჩატარებული აქტივობების შესახებ მოსახლეობის აზრის გაგებაზე, მათგან უკუკავშირის მიღებაზე;
  • სახელმწიფო უწყებების უმეტესობას არ გააჩნია მოქალაქეებთან ურთიერთობისა და ელ-კომუნიკაციის მოქმედი სამოქმედო გეგმა თუ სტრატეგია;
  • ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებების რესურსები ორმხრივ ინტერაქციაზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და სერვისების (ბლოგი, ფორუმი, პეტიცია, დისკუსია, გამოკითხვა, კენჭისყრა) ნაკლებობას განიცდიან.

აღსანიშნავია, რომ IDFI-ის მონიტორინგის მეთოდოლოგია ძირითადად სწორედ გაეროს კვლევას ეფუძნებოდა. შედეგების მიხედვით, ხელისუფლების მთავარ გამოწვევად სწორედ ორმხრივ კომუნიკაციაზე დამყარებული სერვისების და მიდგომების ნაკლებობა იყო დასახელებული. მართალია, ბოლო წლების მანძილზე გაიზარდა ონლაინ ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობა, თუმცა კვლავაც გამოწვევად რჩება ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მოსახლეობის ჩართვა საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში.

ელ-ჩართულობის ინდექსის კომპონენტები საქართველოსთვის

ელ-ჩართულობის ინდექსის კომპონენტები საქართველოსთვის

გაეროს კვლევაში განხილულია სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ციფრული ნაპრალი, შემოსავლის მაჩვენებელისა და ელ-მმართველობის განვითარების ინდექსის ურთიერთდამოკიდებულება და ღია სამთავრობო მონაცემები.

მიიჩნევა, რომ შემოსავლის დონე და ეკონომიკური სიძლიერე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ელ-დემოკრატიის განვითარების პერსპექტივებს. მაღალი GDP-ის მქონე ქვეყანებში მაღალია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და განათლების სისტემის დონეც. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული სფეროები ნაკლებად განვითარებულია, ელ-მმართველობის განხორციელებაც მნიშვნელოვან პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამის საპირისპიროდ, არიან ისეთი ქვეყნებიც, რომელთა ეკონომიკური მაჩვენებლები შედარებით დაბალია, მიუხედავად ამისა ხელისუფლება მაინც ახერხებს ელ-მმართველობის პრინციპების განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს, მისი შემოსავლის მაჩვენებელი (3270) მსოფლიო მასშტაბით საშუალოზე დაბლად მიიჩნევა. ამის გათვალისწინებით, ქვეყანა ელ-მმართველობის განვითარების ინდექსით დაბალ კატეგორიაშია მოთავსებული, ელ-ჩართულობის კუთხით კი ლიდერ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. რაც შეეხება ღია მონაცემების გამოქვეყნებას, კვლევაში ხაზგასმულია, რომ შემოსავლის დაბალი დონის მიუხედავად, საქართველოში ონლაინ ქვეყნდება სამთავრობო ინფორმაციის 66.6%-ზე მეტი.

საგულისხმოა კვლევის ის ნაწილიც, სადაც საუბარია ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობის უთანასწორობაზე, იგივე ციფრულ ნაპრალზე. ამ კონტექსტში საქართველო, კოსტა რიკასა და ეგვიპტესთან ერთად მოყვანილია იმ ქვეყნის მაგალითად, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, მაშინ როცა სხვა განვითარებულ ქვეყნებში (შვედეთი, ესტონეთი და სინგაპური) იგივე მაჩვენებელი 94%-ს, 79%-სა და 74%-ს უდრის, შესაბამისად.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის ელ-მართველობის განვითარების ინდექსის მატება, სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის კომპონენტების გაუმჯობესებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოქვეყნების დამსახურებაა. გარდა ამისა, კვლევის მეთოდოლოგიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების დანერგვაზე, ციფრული ნაპრალის აღმოფხვრაზე, მომხმარებელთა ინტერნეტ უნარებისა გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანერგილი სერვისების მოხმარების ეფექტურობას. ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს სატელეკომუნიკაციო ბიზნესის განვითარებასაც.

ამის გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს ხელისუფლებას და ელ-მმართველობის საკითხებზე მომუშავე ყველა შესაბამის საჯარო დაწესებულებას განაგრძონ მუშაობა დაწყებული ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. კერძოდ, ამჟამად IDFI კონსულტაციებს უწევს ხელისუფლებას შემდეგი სამი მიმართულებით:

  • მოქალაქის პლატფორმის – ichange.ge-ის შექმნა;
  • პარლამენტში ონლაინ სამოქალაქო პლატფორმის კონცეფციის შექმნა;
  • Data.gov.ge-ის ამოქმედება.

ზემოთხსენებული ინიციატივების მთავარი დანიშნულება მოქალაქეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფაა. ამგვარი პლატფორმები და საშუალებები მნიშვნელოვნად გაზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას და მოსახლეობას გაუჩნდება მთავრობასთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი არხები. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შექმნილი სამუშაო დოკუმენტის „ელ-საქართველოს სტრატეგია 2014-2018“- მნიშვნელობაც. აუცილებელია მისი საბოლოო ვარიანტის უმოკლეს პერიოდში დამტკიცება და მასში გათვალისწინებული პუნქტების დროული იმპლემენტაცია. ამის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში მოხდება ელ-დემოკრატიის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და განვითარება. რაც საბოლოო ჯამში აისახება საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებითა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველ საფეხურებზე გადანაცვლებით.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s