ავტორი: თინათინ მაღედანი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის. როცა ხელისუფლება გრძნობს რომ ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე, ის დგამს უფრო ქმედით ნაბიჯებს სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კვლევას უსინათლო ადამიანების პრობლემების მაგალითზე.
კვლევის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს ელექტრონულად გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის შემუშავებული პროგრამების და მათ დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოცემულ სამინისტროს 2010-2014 წლებში ცალკე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უსინათლო და მცირედმხედველი პირებისათვის არ განუხორციელებია.
მას შემდეგ, რაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მხედველობის პრობლემების მქონე პირები ჩაირიცხნენ, მათთვის დაიწყო განათლების მიღებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ადაპტირება. ზოგადი განათლების კუთხით, 2013 წელს 3 405 50 ლარით დაფინანსდა აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ წარმოდგენილი პროექტი „უსინათლო ადამიანების შემოქმედებითი შესაძლებლობების უსასრულობა“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა უსინათლო ბავშვებისთვის თვითგამოხატვის და საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალების მიცემა.
2013 წელს დაიბეჭდა ქართული ანბანი ბრაილის შრიფტით მოსწავლეებისთვის და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. 2014 წელს დაიწყო მუშაობა უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეების სასწავლო გეგმაზე. დოკუმენტი ემსახურება იმ სირთულეების დაძლევას, რასაც მხედველობის დარღვევა უქმნის მოსწავლეს სწავლასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე გარკვეული კატეგორიის სტუდენტების, მათ შორის შშმ პირების სწავლის დაფინანსებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის ბრძანებით, უსინათლო აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში გამოიყენება ბრაილის შრიფტი. უსინათლო აბიტურიენტები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს. მეტი სიცხადისთვის, წარმოდგენილია ცხრილი, რომელშიც ასახულია რამდენი უსინათლო აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2006-2014 წლებში, რამდენმა მათგანმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს მათ სწავლის გაგრძელების უფლება.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომლის მიხედვითაც შსს-ს ვებ-გვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული უნდა გამხდარიყო. ეს ვალდებულება შესრულდა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებს ახლა უკვე შეუძლიათ შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და ხმოვან რეჟიმში მიიღონ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
„საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტის განცხადებით, საიტის ადაპტაციასთან ერთად მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ საიტის ადაპტირების პროექტზე თავად ამ საქმიანობით დაინტერესებული უსინათლოები მუშაობდნენ. თუმცა, მისი თქმით, ვებ-გვერდს გარკვეული დახვეწა მაინც სჭირდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ თავმჯდომარის ბესარიონ სოლოღაშვილის შეფასებით, ძალიან კარგია თავად ვებ-გვერდის ადაპტაციის ფაქტი, მაგრამ საიტს ნავიგაციასთან დაკავშირებული ხარვეზები აქვს და სარგებლობისთვის მოუხერხებელია. ასევე აფასებს შსს-ს ადაპტირებულ ვებ-გვერდს თავად მხედველობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა ნაწილიც. მათი განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ახალი ინფორმაცია, რომელიც განთავსდება www.police.ge -ზე ავტომატურ რეჟიმში გადავა www.voice.police.ge -ზე. ეს ზრდის მხედველობის პრობლემების მქონე პირების ხელმისაწვდომობას ვებ-გვერდზე განთავსებულ და განახლებად ინფორმაციაზე, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს 2014-2015 წლების „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამოქმედო გეგმა.
რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად არ არის აუცილებელი დარეგისტრირებული იყო მოქალაქის პორტალზე. ინფორმაციის გამოთხოვა მარტივად არის შესაძლებელი თავად განათლების სამინისტროს ვებ-გვერდიდანაც. ეს ფუნქცია არ აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების ვებ-გვერდებს. უმჯობესი იქნება, თუ ეს სამინისტროებიც დაამატებენ მათივე ვებ-გვერდიდან ინფორმაციის გამოთხოვის ფუნქციას, რადგან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანია, ეს პროცედურა მაქსიმალურად მარტივი იყოს.
მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია ამომწურავად და 10 დღიანი ვადის დაცვით მოგვაწოდა. რაც შეეხება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს, მათ ჯერ კიდევ (რეგისტრაციიდან მე-20 სამუშაო დღეს) არ გამოუგზავნიათ გამოთხოვილი ინფორმაცია. ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია და აბრკოლებს მოქალაქეების დროულად ინფორმირებას.
საქართველოში, სადაც სამოქალაქო ჩართულობის ინდექსი საკმაოდ დაბალია, სახელმწიფო დამატებით ბარიერს არ უნდა უქმნიდეს მოქალაქეებს თუნდაც ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებით. დემოკრატიის მშენებლობის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ქმნიდეს ისეთ გარემოს, რომელშიც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ზეგავლენა მოახდინონ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.