1 ლარად გაყიდული ქონება

ავტორი: გვანცა ფხაკაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

lari

თუ დავუშვებთ იმას, რომ ოდესღაც სადღაც არსებობდა პლატონისეული სახელმწიფო, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის საქმეს აკეთებდა, მაშინ როგორ ეუფლებოდა მისთვის საჭირო საკვებ ან ცხოვრებისათვის აუცილებელ სხვა საშუალებებს? რა იყო ის რისი საშუალებითაც ერთი საქმის მკეთებელი გასცემდა საკუთრებას და სანაცვლოდ იღებდა  შრომის შედეგს. ფაქტია, ადამიანები მრავალი საუკუნის წინ მიხვდნენ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, განსაკუთრებით კი ინდივიდუალური შრომის შედეგს, რომელიც წარმოუდგენელი იყო სარგებელის გარეშე გაგეცა.

თავიდან იყო ჩვეულებრივი ბარტერი: მომეცი შენი სელი და მოგცემ ჩემს ზეთს ან რამე ამდაგვარი. თვითონ სიტყვაში “ბარტერი” ნავარაუდევია, რომ გაცემული და მიღებული საქონელი თითქმის ტოლი უნდა იყოს: თუ გაეცი შაურისა და მიიღე თუმნის ან  პირიქით, ეს უკვე გაცვლა აღარ არის. ბარტერის მთავარი აზრი იმაშია,  რომ ბარტერის ორივე მხარე მოგებული რჩება. თუმცა ზოგჯერ რთულია საქონელი ზუსტად გაცვალო მის სადარ საქონელზე, ამიტომ განვითარდა რა ადამიანის გონება და მისი მოთხოვნილება დაეუფლოს მისთვის სასურველს, გაჩნდა ფული.

ლარი საქართველოს ეროვნული ვალუტაა, რომელსაც ბოლო პერიოდში არამხოლოდ მყიდველობითი, არამედ სიმბოლური ფუნქციაც დაეკისრა. ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი ისტორიის მცოდნე მარტივად მიხვდება რა იგულისხმება ლარის სიმბოლურობაში. საქმე ეხება წლების განმავლობაში ათიათასობით ღირებულების ქონებების ლარად გაყიდვას.

საკითხი აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც თითოეულმა ,,სიმბოლისტური“ ქონების პატრონმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო. თემის მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარა ზოგადი სურათის დახატვაში, თუ როგორ ექცეოდნენ სახელწიფოს და კერძო პირთა ქონებას რეჟიმის შემქმნელები.

,,საჩუქრის“ ადრესატები  აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, ყოფილი ხელისუფლების მომხრეები, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და სხვადასხვა ქართული თუ არაქართული კერძო კომპანია.

2003-2012 წლებში ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად იქნა გადაცემული მოქალაქეებსა და სხვადასხვა კომპანიებზე. ზოგი გადაეცათ უპირობოდ, ზოგიც საინვესტიციო პირობის სანაცვლოდ, თუმცა, რთული სათქმელია პირნათლად ასრულებდნენ თუ არა დაკისრებულ ვალდებულებას მთავრობის მიერ ,,დასაჩუქრებული“ კომპანიები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი შემთხვევები ქონების 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით 2007 წლიდან ფიქსირდება. მაგალითისთვის, 2007 წელს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანები გადაეცათ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ნიკოლოზ შაშკინს, ლამარა ჩორგოლაშვილს, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილსა და სხვა პირებს, დასახელებული გვარებიდან გამომდინარე მარტივი მისახვედრია რასთან გვაქვს საქმე. თითოეული ავტომობილი უპირობოდ იქნა გადაცემული.

მომდევნო წელს უკვე შეინიშნება უძრავი ქონების (ბინებისა და აგარაკების) უპირობოდ გადაცემა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი დაბა წყნეთის აგარაკი 2008 წელს გადასცეს ნინო ბურჯანაძეს. ბურჯანაძე აღნიშნულ ქონებაზე მფლობელობას მანამ ინარჩუნებდა სანამ მაშინდელ მთავრობასა და მას შორის ურთიერთობა არ დაიძაბა. შემდეგ კი გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს. სხვა პირები, რომლებიც სარგებლობდნენ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად გადაცემული ქონებით არ იხდიდნენ გადასახადებს.. აგვისტოს ომის შემდეგ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებს გადაეცათ საცხოვრებელი ბინები თბილისში აბაშვილის ქ. N3-ში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას გადაეცა თბილისში დიდ დიღომში საცხოვრებელი ბინა, ჰამესტ აპოიანს 1 ლარად გადაეცა ახალქალის მუნიციპალიტეტში სოფელ სულდაში 10001 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ამავე სოფელში არტიშ აპოიანმა მიიღო სასოფლო–სამეურნეო მიწის  სხვადასხვა ობიექტებზე განთავსებული ნაკვეთები. კერძო პირთა სია საკმაოდ გრძელია და თვალსაჩინეობისთვის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა მოვიყვანეთ.

2009 წლიდან შეინიშნება სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის გასხვისება კერძო კომპანიებზე:

1. კომპანიებს ,,ქვემო თელეთი 2009“ და ,,წალასყური 2009“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

2. ,,გოდაკო+-მა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ყვარელში (ილიას ტბა) 520კვ.მ მიწის ფართობი.

3. შ.პ.ს ,,კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეისყიდა ქალაქ ბოლნისში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი 29813კვ.მ

4. შ.პ.ს ,,ყაზტრანსგაზ–თბილისმა“ თბილისში აეროპორტის ტერიტორიაზე 8046მ და 770მ მილსადენები.

5. 2010 წელს კომპანია ,, ვისოლ ჯორჯია პეტროლეუმს“ 1 ლარად გადაეცა ქუთაისში ხორავას ქუჩაზე მდებარე ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, მიმდებარე ტერიტორია, ბაზა. მას უნდა ეზრუნა ქ. ქუთაისის ფეხბურთის, ჩოგბურთისა და წყალბურთის გუნდებზე, თუმცა, ჩოგბურთისა და წყალბურთის გუნდებს არც უარსებიათ. რამდენიმე თვის წინ კომპანია ,,ვისოლ ჯორჯია პეტროლეუმმა“ სტადიონი და ბაზა ქალაქს გადაუფორმა, ლარად შესყიდული ტერიტორია, რომელზეც სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,ლაგუნა“ მდენარეობს, კვლავ მის საკუთრებაშია.

6. 2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შპს „ჯეოლენდს“ პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონება,8 000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

საინვესტიციო პირობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს „ჯეოლენდს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ევალება სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა. შპს „ჯეოლენდი“ დარეგისტრირდა 2003 წლის 10 ივლისს. კომპანიის წილის 50%-ს ფლობს თბილისის მერის გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა.

7. სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, აეროპორტის ავტოსადგომის მიმდებარედ შეიძინა4 141 კვ.მ მიწის ნაკვეთი; აეროპორტის დასახლებაში 5307 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე ვაზის პოპულარიზაციის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა. სამწუხაროდ, უცნობია შეასრულეს თუ არა კომპანებმა საინვესტიციო პირობა.

8. უცხოური კომპანიებს ,,DEK SHIPPING INC“, “KARYA TANKER ISLETMECILIGI”. “BUKET SHIPPING S.A.” “Kaplan shipping enterprises n.v.” 2010 წელს გადაეცათ სახელმწიფოს კუთვნილი ტანკერები.

საინტერესოა, რა სარგებელი მიიღო სახელმწიფო იმ პირებისგან ან კერძო კომპანიებსგან, რომლებსაც ყოველგვარი პირობების გარეშე გადასცეს ქვეყნის ან რომელიმე კონკრეტული პირის საკუთრება, ასევე არსებობს ვარაუდი რომ ბევრი კომპანია არ ასრულებდა საინვესტიციო პირობებს.

სამაგიეროდ, აშკარაა ამგვარი პოლიტიკის უარყოფითი მხარეები: ასიათასობთ ლარის ოდენობის დანაკარგი სახელმწიფოსთვის, დაზარალებული ფიზიკური პირები თუ კომპანიები, რომლებმაც დაშინების, ძალადობის გამო საკუთარი ნებით უსასყიდლოდ ზოგჯერ კი ერთ ლარად დათმეს პირადი ქონება. ეს სხვა არაფერია თუ არა ადამიანის კერძო საკუთრების უფლების შელახვა.

დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს სწორედ რომ კერძო საკუთრების, ადამიანთა უფლებების დაცვა და პატივისცემა წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით ეჭვის ქვეშ დგება ჩვენი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი და შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატია უბრალოდ ფასადურ ხასიათს ატარებს.

ფაქტია, ქვეყანაში შრომის დაფასებისდაუწერელ კანონს  გარკვეულწილად არსი შეუცვალეს და ყველას შრომა ,,1 ლარად“ შეაფასეს.  ,,გაცვლა“-ს ,,ყიდვა’’ ჩაენაცვლა, სადაც ეს უკანასკნალი მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

ალბათ, უკვე შეგვიძლია პასუხი გავცეთ აუბრის დასაწყისში დასმულ კითხვას. ,,ის“ რისი საშუალებითაც ერთი გასცემცა და იღებდა სხვისი შრომის შედეგს ეს იყო ფული, ჩვენ შემთხვევაში კი უბრალოდ 1 ლარი.

შენიშვნა: ესეში გამოყენებული ძირითადი ინფორმაცია მოწოდებულია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოთხოვნის გაგზავნიდან 4 დღეში. ინფორმაცია გამოვითხოვეთ ელექტრონულად my.gov.ge- ს მეშვეობით.

ჩემს მიერ გაგზავნილი ორ მოთხოვნაზე პასუხი არ მიმიღია საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან. ასევე, როგორც ელექტრონულად ისე ოფიციალური განცხადების საშუალებით შევეცადე ინფორმაციის მიღებას ქუთაისის მერიიდან, თუმცა ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. გადამისამართება მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთან.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s