მინისტრის კულტი

ავტორი: სალომე ჩუხუა

კონსტიტუციის მიხედვით პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს. საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ეს ცვლილება სამინისტროების Facebook გვერდებზე, შეიცვლება თუ არა მათი მუშაობის სტრატეგია, გახდება თუ არა გვერდები უფრო აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქონიებს თუ არა ეს ცვლილება გავლენას მომხმარებლების კომენტარების შინაარსზე. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდი რომელიც, საჯარო გამოხმაურებების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული იყო. აქტიური მომხმარებლების მიერ დატოვებული კომენტარების უმეტესობა იყო მკაცრად ერთნაირი, ისევე, როგორც მიმართვის მანერა – მომხმარებლები მინისტრს მხოლოდ სახელით არასდროს მიმართავდნენ და ყოფილი მინისტრით, დიმიტრი შაშკინით, აღფრთოვანებას ღიად, მაგრამ ზედმეტი ფამილარობის გარეშე გამოხატავდნენ.

საინტერესოა, რომ ნებისმიერ სიახლეზე, სადაც უშუალოდ მინისტრი ფიგურირებდა, აქტიურობდა და კომენტარებს ტოვებდა მომხმარებელთა ერთი ჯგუფი, რომლებიც საკუთარი დამოკიდებულების წარმოსაჩენად ხშირად იდენტურ ფრაზებს იყენებდნენ. თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში მომხმარებლები ორიენტირებულნი იყვნენ მისი, როგორც ნამდვილი პროფესიონალის წარმოჩენაზე და ნებისმიერი სიახლე განხილული იყო შაშკინის, როგორც კარგი მენეჯერის და პროგრესული ადამიანის პირადი წარმატების ჭრილში:

ImageImage

Image

ეს არის კახეთის სტიქიის შემდეგ დაწერილი კომენტარები. რვა მომხმარებლიდან შვიდმა მინისტრს გადაუხადა მადლობა, მხოლოდ ერთი, წითლად აღნიშნული კომენტარი ეხება იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სამაშველო ოპერაციაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დისკუსიების რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ანუ მომხმარებლები ერთმანეთში არ კამათობდნენ, არ გამოთქვამდნენ პოზიციას სიახლის დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ, ისინი (ძირითადად ერთი ჯგუფი) შემოიფარგლებოდნენ სიახლის ზოგადი შეფასებით („ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“):

ImageImageImage

ეს ალბომი კი ეხება ქართველი სამხედროების წვრთნას ჰოჰენფელსის ბაზაზე, რომელიც მინისტრმა მოინახულა. კომენტარებში მომხმარებლები წვრთნებზე მეტად შაშკინის ვიზიტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

ImageImageImageImageImageImage

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ არცერთ სიახლეში და არც ერთ კომენტარში არ ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, 21 ოქტომბრამდე დიმიტრი შაშკინი ითვლებოდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, რასაც, ლოგიკურად, Facebook გვერდზე სიახლეების განთავსებაზე და კომენტარების სახეობაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. სულ მცირე, მის ასეთ გულშემატკივრებს გულისტკივილი მაინც უნდა გამოეხატათ მინისტრის თანამედებობიდან გადაყენების გამო, მაგრამ აქტიური მომხმარებლები სრულიად გაქრნენ გვერდიდან და თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე არჩევნების დღიდან არც ერთი მათგანის კომენტარი არ დაფიქსირებულა.

ყველა აქტიური მომხმარებლის ასე უცნაურად გაქრობას შეიძლება ორი ახსნა მოეძებნოს – შესაძლოა, ამ ადამიანებს ევალებოდათ თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე აქტიურობა და მათი „მოვალეობა“ ამოიწურა შაშკინის თანამდებობიდან გადაყენებისთანავე. თუმცა მეორე ვერსიაც არ არის საფუძველს მოკლებული, რომ აქტიური მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ არის რეალური პიროვნება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ყალბი ანგარიშებია – ე.წ. „fake accounts“. ასეთი გვერდების იდენტიფიცირების რამდენიმე ხერხი არსებობს. საეჭვოა გვერდი, თუ:

  • შექმნილია რამდენიმე თვის წინ;
  • მომხმარებელს საკუთარ კედელზე არ აქვს სხვა აქტივობა, გარდა სამთავრობო უწყებების სიახლეების გაზიარებისა;
  • კონკრეტული უწყების გვერდზე დღეში ათობით დადებითი შინაარსის კომენტარს ტოვებს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის შეკითხვა ან პრობლემის გაზიარება;
  • მოწონებული აქვს მხოლოდ სამთავრობო უწყებები;
  • მეგობრების სიაში დამატებული ჰყავს  სხვა ასეთივე საეჭვო Facebook ანგარიშები.

ზემოთ უკვე არაერთხელ ნახსენები აქტიური მომხმარებლების Facebook გვერდები ყველა ზემოთჩამოთვლილ პირობას „აკმაყოფილებდნენ“. შეგვიძლია ასევე ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე ანგარიშს ერთი და იგივე ადამიანი მართავს, რადგან სხვადასხვა მომხმარებლის სახელით იდენტური კომენტარები იწერებოდა, ხოლო ნაწერის შინაარსი ხშირად იდენტური იყო. მაგალითად:

ImageImage

ან

ImageImage

საინტერესოა, რომ 2012 წლის 9 მაისს ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა სიმონ ჯანაშიას სტატია სახელწოდებით „განათლების სისტემა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“ სადაც ზუსტად ზემოთხსენებულ ტენდენციაზეა საუბარი, მაგრამ ამჯერად განათლების სამინისტროში. როგორც ჩანს, შაშკინის მიერ თავდაცვის მინისტრის პორტფელის მიღების შემდგომ, თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე განათლების სისტემაში აპრობირებული სოციალური ქსელების მართვის სტრატეგია იქნა გადმოტანილი.

თუკი ზემოთმოყვანილი მაგალითების საფუძველზე დავუშვებთ, რომ ეს აქტიური მომხმარებლები, სინამდვილეში ყალბი ანგარიშებია, ძალიან უცნაური ტენდენციის მოწმენი გავხდებით – მინისტრების კულტს თვითონ უწყების მეთაურები ქმნიან.

 

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s