დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე გადასასვლელ ბმულზე მიბმულია არა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, არამედ საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook გვერდი. აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში ვებ-გვერდზე განთავსებული Facebook-ის ღილაკიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გადავდიოდით. ეს მისასალმებელი ცვლილებაა, რადგან ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულების ოფიციალური ელ-რესურსი უნდა ასოცირდებოდეს პირველ რიგში თავად დაწესებულების სახელთან და საქმიანობასთან.
ამ საკითხზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მუდმივად საუბრობდა და ურჩევდა ხელისუფლებას სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდების მდგრადობისა და ინფორმაციული განგრძობადობის მიზნით მინისტრების, თუ კონკრეტული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები გვერდების ნაცვლად, აქცენტი გაეკეთებინათ სახელმწიფო უწყებებზე. მაგალითისთვის, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის გვერდის შესახებ დაიწერა ბლოგ-პოსტი, რომელშიც ინსტიტუტი მთავრობას ურჩევდა მოსახლეობასთან სოციალური ქსელებით კომუნიკაციისას აღნიშნული დაწესებულების ოფიციალურ Facebook გვერდისთვის მიექციათ მეტი ყურადღება. „ზოგადად ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ არის ოფიციალური საკომუნიკაციო რესურსების შეცვლა თანამდებობის პირების ცვლილებასთან ერთად. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადაში ქვეყანას რიგით მეშვიდე პრემიერ მინისტრი ჰყავს, სასურველია არსებობდეს ერთი, განახლებადი რესურსი თითოეული საჯარო დაწესებულებისთვის, და მას ცალკეული პირების სახელის ნაცვლად საჯარო დაწესებულების სახელი ეწოდოს განსაკუთრებით, თუ ის ოფიციალურ სამთავრობო ვებ-გვერდზე იქნება ინტეგრირებული“ – ნათქვამია 2012 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.
საქართველოს მთავრობის გვერდი ბოლო პერიოდში დაკვირვების საგანი გახლდათ, რადგან მთავრობის მეთაურის ყოველ ცვლილებაზე, ვებ-გვერდს ებმებოდა ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის Facebook გვერდი. ამის გამო, მაგალითად, მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გილაურის დროს დანერგილი ინოვაციური აპლიკაცია „ღია პეტიციები“ პირველად მის პირად ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა, ივანე მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი მის გვერდზე გადაიტანეს. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ აპლიკაციას ახალი მთავრობა ფაქტობრივად ვერ იყენებს. იგი ჯერ კიდევ მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული და გათიშულია.
თვალნათელია, რომ მსგავსი ვითარება არ შეიქმნებოდა ეს აპლიკაცია თავიდანვე საქართველოს მთავრობის Facebook-ზე, რომ განეთავსებინათ. გასათვალისწინებელია სოციალურ ქსელებში რეკლამაზე დახარჯული თანხებიც. მთავრობის კანცელარიიდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ნიკა გილაურის Facebook გვერდის სარეკლამო კამპანიის განსახორციელებლად 2012 წლის 3 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით 60 ათას ლარზე მეტია დახარჯული. მართალია უცნობია ამ თანხიდან „ღია პეტიციების“ აპლიკაციის დანერგვაზე რამდენი მოდის, თუმცა სავარაუდოდ, ამისთვის მთავრობას გარკვეული ოდენობის თანხა უნდა დაეხარჯა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის Facebook გვერდს, იგი წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე გარკვეული სიხშირით თავსდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი ფოტო და სხვა ტიპის მასალა, დიდი ყურადღება მაინც ცალკეული პრემიერ-მინისტრების გვერდებისადმი იყო მიმართული. ამაზე მეტყველებს თუნდაც აღნიშნული გვერდის გამომწერთა რიცხვი – დღეისათვის 5 348, რაც სხვა საჯარო დაწესებულებების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვანებელია.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე დღეს აღარ იძებნება. მის დეაქტივაციას ადასტურებს ვებ-გვერდზე – like.ge – მის შესახებ განთავსებული ინფორმაცია: დღეის მდგომარეობით გვერდის გამომწერთა რიცხვს 0-ს აჩვენებს, მანამდე კი გვერდს 315 140 მიმდევარი უნდა ჰყოლოდა. რაც შეეხება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიბმულ სხვა სოციალურ ქსელებს: twitter-ის გარდა ყველა შემთხვევაში მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე ან არხებზე გადავდივართ – Flickr, Youtube (ორივე მათგანი 2013 წლის ივნისშია დარეგისტრირებული).
Facebook-ზე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე გვერდი არსებობს. მათ შორის ოფიციალური გვერდი დღეისათვის 28 606 მომხმარებელს აქვს მოწონებული.
ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მთავრობის და ნებისმიერი სხვა საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდზე მიბმული იყოს თავად ამ უწყებების სახელწოდებით შექმნილი გვერდები თუ არხები, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ ქსელებში მათი განვითარების თანამიმდევრულობას, რადგან დანერგილი აპლიკაციებისა თუ ინოვაციების შენარჩუნება/გაუმჯობესება არა პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თავად უწყებების ეფექტურ ფუნქციონირებაზე იქნება დამოკიდებული. IDFI დადებითად აფასებს ამ კუთხით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ტენდენცია არათუ შენარჩუნდება, არამედ სხვა საჯარო დაწესებულებების მიერაც იქნება გაზიარებული და გათვალისწინებული.