საჯარო დაწესებულებების მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაწეული ხარჯები

იხილეთ მთლიანი კვლევა 

social-media-money-360ოფიციალური Facebook გვერდების ადმინისტრირება, განვითარება, ახალი აპლიკაციების ინტეგრირება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. IDFI-მ პროექტის ფარგლებში საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო უწყების  ოფიციალურ Facebook გვერდებზე, კერძოდ, აპლიკაციებისა და რეკლამის განთავსებაზე საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ. პროექტის განხორციელების საწყის  მოთხოვნილ იქნა 2011-2012  ხოლო მეორე ეტაპზე  2012-2013 წლების მონაცემები. თავდაპირველად სამიზნე ჯგუფში  ის 19 საჯარო დაწესებულება  შედიოდა, რომელთა ოფიციალურ Facebook გვერდებსაც მონიტორინგი ჩაუტარდათ. ხოლო მეორე ეტაპზე  25 სახელმწიფო უწყებას – ყველა სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატს – მივმართეთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილებით.

ინსტიტუტის მიერ  2012 წლის 28 აგვისტოს გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობის კანცელარიიდან.

იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა, ასევე, ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროს პასუხების მიხედვით,  სოციალურ ქსელებზე 2011-2012 წლებში ხარჯი არ გაწეულა.

თანხა არ დაუხარჯავს არც რეკლამის და არც ადმინისტრირებისა და აპლიკაციების განთავსების მიზნით სოფლის მეურნეობისა  და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამინისტროებს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე სპეციალური აპლიკაცია – „მეღვინე“ იყო ინტეგრირებული. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო  კი  განსაკუთრებით გამოირჩეოდა Facebook აპლიკაციების სიმრავლით, სამინისტროს ოფიციალურ სოციალურ ქსელში მოქმედებდა სერვისები – „სპორტის სიახლეები“, „სამინისტროს სიახლეები“, „Start App“, „Speak Up“, „სტუდენტური დღეები“, „Youth Parliament“ და  „კონკურსი“.

ყველაზე დიდი თანხა 2012 წელს სოციალურ ქსელებზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა  სამინისტროებმა და საქართველოს პარლამენტმა  დახარჯეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაწეული ხარჯების (შექმნა, ადმინისტრირება, აპლიკაციის ინტეგრირება და სხვა) ოდენობამ 13 449 ლარი შეადგინა. პარლამენტმა 2012 წელს რეკლამაზე – 27069,52 ლარის ხარჯი გასწია, ხოლო 2011 წელს საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან 38 788,32 ლარი დაიხარჯა.

Facebook-ზე თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრის შესახებ ინტერნეტ ბანერის განთავსება სამინისტროს ხელშეკრულებით 7,126 ლარი დაუჯდა. Facebook – თან ადაპტირებული 4 ტიპის თამაშის დამზადებისა და ინტეგრირებისათვის კი სამინისტრომ  38 350 ლარი დახარჯა.

თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული პასუხი

თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული პასუხი

სოციალურ  ქსელში რეკლამაზე 577,50, ხოლო აპლიკაციის ინტეგრაციაზე 2000 ლარი დახარჯა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. აუდიტის სამსახურმა გვაცნობა, რომ დასაქმების აპლიკაციის საინფორმაციო ვიდეოჩანაწერის დამზადებისათვის 1000 ლარი გამოიყო,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წელს ჰქონდა სარეკლამო ხარჯი 5223,8 ლარის ოდენობით. სოციალურ ქსელებში სამინისტროს აქტიურობის გაზრდისა და სარეკლამო კამპანიისთვის 4875 ლარი დახარჯა გარემოს დაცვის სამინისტრომ.

2012-2013 წლებში  Facebook–ის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნით  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო დაწესებულებებს მეორედ  2013  წლის 24  აპრილს მიმართა. ამჯერად  შეკითხვები 25  უწყებას –  ყველა სამინისტროსა და  სახელმწიფო მინისტრის აპარატებს მერიას, მთავრობის კანცელარიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ცესკოს და აუდიტის სამსახურს – გაეგზავნა.

2012 წლის სექტემბრიდან  1 ნოემბრამდე  Facebook  რეკლამაზე  3 051,33 ლარი დახარჯა საქართველოს პარლამენტმა. მიღებული ინფორმაციით, 2012  წელს სოციალური ქსელში რეკლამაზე სულ 30 120.85 ლარია დახარჯული. 2011-2012 წლებში გაწეული საერთო ხარჯი კი 68 909,17 ლარია. წერილში ნათქვამია, რომ 2012 წლის 1 ნოემბრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ საკითხზე არანაირი ხარჯი არ გაუწევია.

2012 წლის სექტემბერში კიდევ ერთი  – 1250 ლარის ღირებულების  ხელშეკრულება გააფორმა  გარემოს დაცვის სამინისტრომ სარეკლამო კამპანიის უზრუნველყოფის მიზნით. აქედან გამომდინარე, სამინისტროს Facebook-ის ხარჯებმა საერთო ჯამში 6120 ლარი შეადგინა. 2013 წელს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია არ მოუწოდებია.

2012-2013 წლებში თანხები არ დახარჯულა დედაქალაქის ბიუჯეტიდან თბილისის მერიისა და მერის ოფიციალურ  სოციალურ ქსელში რეკლამაზე. ამ ტიპის მომსახურებაზე  ხარჯი არ გაწეულა  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მომსახურების შესყიდვა არ განუხორციელებიათ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.

დიასპორისა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის Facebook გვერდის რეკლამაზე 2012 წელს გაწეულმა ხარჯმა 3003.84 ლარი შეადგინა, 2013 წელს მინისტრის აპარატს  სოციალური ქსელის განვითარებაზე თანხა არ დაუხარჯავს.

2012 წლისგან განსხვავებით, 2013 წელს სოციალურ ქსელებში რეკლამასა და აპლიკაციების ინტეგრაციაზე  ხარჯები არ გაუწევია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო რგოლის განთავსებისთვის 500 ლარი დახარჯა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

საჯარო დაწესებულებების მიერ Facebook-ზე გაწეული ხარჯები

საჯარო დაწესებულებების მიერ Facebook-ზე გაწეული ხარჯები

განსხვავებული ციფრები მივიღეთ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. 2012 წელს Facebook-ში  სარეკლამო მომსახურების ხარჯმა  სამინისტროდან 2012 წლის  10 სექტემბერის № 14143 წერილის მიხედვით 5223, 8 ლარი შეადგინა. განათლების სამინისტროდან 2013 წლის 27 მაისს მიღებულ პასუხში (წერილი №  190458) კი ნათქვამია, რომ  რეკლამაზე 2621, 60 ლარი დაიხარჯა.  სამინისტროს ინფორმაციით 2013 წელს ამ ტიპის ხარჯები არ გაწეულა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, 2013 წლის 31 მაისით დათარიღებული წერილის მიხედვით კიდევ ერთი 716,04  ლარის  ოდენობის გადარიცხვა განხორციელდა კონტრაქტორი ორგანიზაციის  ანგარიშზე. შესაბამისად 2012 წელს მინისტრისა და სამინისტროს შესახებ სარეკლამო ინტერნეტბანერის განთავსების ღირებულებამ 7 842, 38 ლარი შეადგინა.

მთავრობის კანცელარიიდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის Facebook გვერდების სარეკლამო კამპანიის განსახორციელებლად პრემიერის 2011 წლის 21 ივლისის № 316  ბრაძანების  თანახმად 2012 წლის 3 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით  60 105.71 ლარია გადარიცხული.

ქვემოთ იხლეთ მთავრობის კანცელარიიდან მიღებული ხარჯთაღრიცხვა:

საქართველოს მთავრობისგან მიღებული ინფორმაცია

საქართველოს მთავრობისგან მიღებული ინფორმაცია

საგულისხმოა, რომ 2012 წლის აგვიტოს იგივე შინაარსის მოთხოვნაზე IDFI-მ მთავრობის კანცელარიიდან პასუხი ვერ მიიღო. IDFI-ს 2013 წლის აპრილის მოთხოვნები Facebook გვერდების რეკლამისა და აპლიკაციების განთავსების შესახებ უპასუხოდ დატოვა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

საჯარო დაწესებულებების მიერ Facebook-ზე გაწეული ხარჯები

საჯარო დაწესებულებების მიერ Facebook-ზე გაწეული ხარჯები

როგორც ცხრილიდან ჩანს,  ძირითადი ფინანსური ხარჯი საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ Facebook გვერდების პოპულარიზაციისათვის 2012 წელზე მოდის. ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც სოციალური ქსელის განვითარებაზე 2011 წელს  თანხა დახარჯა საქართველოს პარლამენტია.  2013 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყო 500 ლარი Facebook-ზე საინფორმაციო რგოლის  განთავსებისთვის. ერთი მხრივ, მიუღებელია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, და ცალკეული თანამდებობის პირების გვერდების გადაქცევა საჯარო დაწესებულების ოფიციალურ პლატფორმად, რასაც მაგალითად ადგილი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ან  საქართველოს მთავრობის გვერდის შემთხვევაში (ეს პრაქტიკა სამწუხაროდ ახლაც გრძელდება), მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა იზრუნონ  თავიანთი ოფიციალური Facebook გვერდების განვითარება – დახვეწაზე და ახალი აპლიკაციების ინტეგრირებით და კარგი ადმინისტრირებით აქციონ სოციალურ ქსელები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმად. 

This entry was posted in საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი